Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა ლიდერები გულახდილად საუბრობენ


ვლადიმირ პუტინი, ემანუელ მაკრონი
ვლადიმირ პუტინი, ემანუელ მაკრონი

პარიზის მახლობლად, ვერსალის სასახლეში, გაიმართა საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონისა და ვლადიმირ პუტინის, შეხვედრა, რომელმაც, შესაძლოა, რამდენიმე წლით განსაზღვროს ორმხრივი ურთიერთობის თავისებურებები. შეხვედრამდე ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „მომთხოვნი“ იქნებოდა პუტინთან საუბრისას.

საფრანგეთის პრეზიდენტი ვერსალის სასახლის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე შეეგება რუს კოლეგას. ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და მოკლე მისალმების შემდეგ ღიმილით გაეშურნენ შენობისაკენ ისე, რომ მედიის წარმომადგენლებთან არ უსაუბრიათ. შეხვედრამ ორსაათნახევარზე მეტი გასტანა: როგორც მაკრონმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას პუტინთან არაერთ საკითხზე ჰქონდა უთანხმოება და გულახდილად ისაუბრა ამ საკითხებში თავის პოზიციაზე.

როცა ლიდერები გულახდილად საუბრობენ
please wait

No media source currently available

0:00 0:03:44 0:00
გადმოწერა

„პრეზიდენტ პუტინს შევახსენე იმ რამდენიმე საკითხისადმი დამოკიდებულება, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ფასეულობებისა და ჩვენი საზოგადოებრივი აზრისათვის. ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, რათა განმეორებით აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანია საფრანგეთისათვის ყველა ადამიანის, ყველა უმცირესობის, სამოქალაქო საზოგადოებისათვის ყველა საყურადღებო საკითხის პატივისცემა. ვახსენეთ ჩეჩნეთში ლგბტ თემის საკითხი, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთში. ამ საკითხებთან მიმართებით ძალიან კონკრეტულად გავაცანი საფრანგეთის მოლოდინი პრეზიდენტ პუტინს“, - განაცხადა მაკრონმა 29 მაისს პარიზის მახლობლად, ვერსალის სასახლეში, პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. როგორც მაკრონმა აღნიშნა, ის რუს კოლეგას შეუთანხმდა, რომ ერთად შეისწავლიან ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა სავარაუდო დევნის პრობლემას.

ამავე პრესკონფერენციაზე მაკრონმა საფრანგეთში წინასაარჩევნო კამპანიის დროს მის წინააღმდეგ მიმართული „გავლენისა და პროპაგანდის ორგანოებად“ მოიხსენია რუსეთის მედიასაშუალებები „ერტე“ და „სპუტნიკი“. თავის მხრივ, პუტინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთისათვის უკრაინის გამო დაწესებული სანქციები ხელს ვერ შეუწყობს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების სტაბილიზაციას.

მაკრონი და პუტინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 7 მაისს, მაკრონმა დაამარცხა ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი. ამ უკანასკნელს ბევრჯერ შეუქია პუტინი და, თავის მხრივ, მოსკოვი, როგორც ჩანს, ლე პენის გამარჯვებას ანიჭებდა უპირატესობას. ყოველ შემთხვევაში, მაკრონი და მისი გუნდი წინასაარჩევნო პერიოდში კრემლს ადანაშაულებდნენ ჰაკერულ თავდასხმებსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში. თუმცა დღეს, როგორც პუტინმა აღნიშნა, როცა პრესკონფერენციაზე ერთ-ერთ შეკითხვას პასუხობდა, საფრანგეთის არჩევნებში შესაძლო ჩარევის საკითხი არ წამოჭრილა.

„რაც შეეხება რუსეთის ჩარევას - ვითომდა ჩარევას - რომელიღაც არჩევნებში, ჩვენ ეს საკითხი არ განგვიხილავს. ბატონ პრეზიდენტს არ გამოუჩენია ინტერესი ამ საკითხის მიმართ, ხოლო ჩემი მხრიდან, რა უნდა განვიხილო? ვფიქრობ, რომ ასეთი თემა არ არსებობს“, - განაცხადა პუტინმა.

პარიზსა და მოსკოვს შორის უთანხმოების გამომწვევ საკითხებს მიეკუთვნება ვითარება სირიაშიც, სადაც რუსეთი აქტიურ დახმარებას უწევს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს. ემანუელ მაკრონის თქმით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება იქნებოდა „წითელი ხაზი“, რომლის გადაკვეთასაც „დაუყოვნებლივ" მოჰყვებოდა რეაქცია საფრანგეთისაგან.

მაკრონისა და პუტინის შეხვედრის ფონია ვერსალის სასახლეში რუსეთის მეფე პეტრე დიდისადმი და საფრანგეთ-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის 300-წლიანი იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა.

„ამ გამოფენით წარმოდგენილი გვაქვს მოგზაურობა რვა მონაკვეთად. პირველი ორი მონაკვეთი გვიყვება ამ მეფეზე - იმაზე, თუ ვინ იყო ის - და შემდეგ გადავდივართ თემის ცენტრალურ ნაწილზე, რაც გულისხმობს საფრანგეთის მიმართ მის ინტერესს. ის დიპლომატიური მისიითაც ჩამოვიდა, რასაკვირველია. სურდა შეხვედროდა რეგენტს, რადგან ქვეყანას მაშინ რეგენტი მართავდა და პეტრე დიდს სურდა შეხვედროდა მეფე ლუი მე-15-საც, რომელიც მაშინ სულ შვიდი წლის იყო“, ამბობს ვერსალის გამოფენის კურატორი, გუენოლა ფერმენი, საფრანგეთში პეტრე დიდის ვიზიტზე, რომელიც 1717 წლით თარიღდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG