Accessibility links

მაკედონიის ლიდერთა შეხვედრა არ შედგა


მაკედონიის პარლამენტის ნაცემი დეპუტატები

მაკედონიელ კანონმდებელთა კოალიციის თავმჯდომარემ, ზორან ზაევმა, დღეს უარი განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტთან, ჯორჯე ივანოვთან შეხვედრაზე. გუშინ ზაევსა და რამდენიმე სხვა დეპუტატს თავს დაესხა დემონსტრანტთა ჯგუფი, რომელიც პარლამენტის შენობაში შეიჭრა. თავდამსხმელებმა, რომელთაგან ზოგს შავი ნიღაბი ეკეთა, სასტიკად სცემეს ზაევს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სხვა დეპუტატებს.

თავდასხმის მიზეზად იქცა ცნობა, რომ საპარლამენტო ალიანსმა სპიკერის პოსტზე დაამტკიცა ტალათ ჯაფერი, ეთნიკური ალბანელი პოლიტიკოსი, რომელიც წარმოადგენს ეთნიკურ ალბანელთა დემოკრატიულ გაერთიანებას ინტეგრაციისთვის. სკოპიეში ბოლო თვეებში რამდენიმეჯერ გაიმართა აქცია შემოთავაზებული მმართველი კოალიციის წინააღმდეგ. ამ აქციების თაოსანი ნაციონალისტები აცხადებენ, რომ კოალიციაში ეთნიკურ ალბანელთა პარტიების შეყვანა ძირს უთხრის ეროვნულ უსაფრთხოებას.

არადა, მაკედონიას, რომლის 2,1-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით ერთ მეოთხედს ეთნიკური ალბანელები შეადგენენ, უკვე სამ თვეზე მეტია, არ ჰყავს მთავრობა, ხოლო ქვეყანაში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები ალბანურის, როგორც მეორე სახელმწიფო ენის, დაკანონების მცდელობის წინააღმდეგ. ამ გეგმას ოპოზიციის ლიდერები ქვეყნის ეროვნული ერთიანობის საფრთხედ მიიჩნევენ.

პარასკევს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ მკაცრად დაგმო 27 აპრილს, სკოპიეში მომხდარი ძალადობა და მას „ყოვლად მიუღებელი“ უწოდა. მალტის დედაქალაქ ლა-ვალეტაში, ჟურნალისტებთან საუბრისას, მოგერინიმ დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, ნებისმიერი უთანხმოება დემოკრატიის პრინციპების პატივისცემით მოაგვარონ:

„რაც გუშინ სკოპიეში ვიხილეთ, ვფიქრობ, განსაკუთრებით შემაშფოთებელი და სამწუხაროა ყოველი ჩვენგანისთვის. ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ კიდევ უფრო მიუღებელია მაშინ, როცა ის დემოკრატიის სახლში, ანუ პარლამენტში ხდება. ჩვენი რწმენით, სკოპიეში ყველამ უნდა იხელმძღვანელოს კონსტიტუციური პრინციპებით, დემოკრატიით, და ყოველი ღონე უნდა იხმაროს ქვეყნის გამოსაყვანად ამ უაღრესად სერიოზული კრიზისიდან, რომელიც შეიძლება სახიფათოც გახდეს“, განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ხუთშაბათის თავდასხმისას, ზორან ზაევის გარდა, დაშავდა ეთნიკურ ალბანელთა სამი დეპუტატი, რომლებიც მცირე ხნით საავადმყოფოშიც მოათავსეს. ქუჩაში, პარლამენტის შენობასთან, ასევე მოხდა შეტაკება დაპირისპირებულ ძალთა მხარდამჭერებს შორის. ხელისუფლების თანახმად, დაშავებულია 77 პირი, მათ შორის 22 პოლიციელი.

მაკედონიის პრეზიდენტმა ჯორჯე ივანოვმა დაგმო ძალადობა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა:

„ამ მოქმედებებისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი, ყველას უნდა ესმოდეს შედეგები, ასეთ ქმედებას რომ მოჰყვება. არსებული ვითარების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ მაკედონიის რესპუბლიკის სამართლებრივი სისტემის პატივისცემით. არ არსებობს საკითხი, რომლის მოგვარებაც არ შეიძლებოდეს დიალოგით, მაკედონიის კონსტიტუციის შესაბამისად. ამიტომ მივმართავ ყველა საპარლამენტო პარტიის ლიდერებს, მობრძანდნენ ჩემს ოფისში, რათა განვიხილოთ შექმნილი სიტუაცია.“

ორი წლის წინ მაკედონიაში მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციები დაიწყო მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერის, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლა გრუევსკის წინააღმდეგ, რომელსაც ოპოზიციამ ბრალი დასდო 20 ათასამდე პირის, მათ შორის ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და რელიგიური ლიდერების, უკანონო მოსმენაში.

ბრალდებებსა და დაუსრულებელ საპროტესტო აქციებს მოჰყვა ევროკავშირის შუამავლობით საგანგებო საზოგადოებრივი პროკურორის ინსტიტუტის შექმნა. საბოლოოდ, პრემიერ გრუევსკის მთავრობას გადადგა მოუწია. ამის შემდეგ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაკედონიაში ოთხი ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ქვეყანაში მაინც ვერა და ვერ ხერხდება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG