Accessibility links

მემარჯვენეთა გაძლიერების საფრთხის ფონზე, მერკელი გერმანელებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს


გერმანიაში კვირას დანიშნული არჩევნების წინ კანცლერი ანგელა მერკელი და მისი მთავარი მეტოქე მხარდამჭერებს მოუწოდებენ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. როგორც სააგენტო “როიტერსი” იუწყება, ამ მოწოდების ფონია საფრთხე, რომ ამომრჩევლის აპათიამ შესაძლოა გააძლიეროს პოზიციები ულტრამემარჯვენე ძალისა - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD).

ბევრი ამომრჩეველი გარდაუვალად მიიჩნევს მერკელის მიერ მეოთხე ვადის მოპოვებას. ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის მობილიზება, სავარაუდოდ, ვერ შეძლო ვერც წინასაარჩევნო კამპანიამ, რომელსაც მხოლოდ დროდადრო თუ გამოაცოცხლებდა მკვახე შეძახილი ან მერკელის მხრიდან ლტოლვილების მიმართ გატარებული პოლიტიკით უკმაყოფილოთა ნასროლი პომიდორი. გამოკითხვების თანახმად, არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა შესაძლოა დაბალი იყოს.

ხუთშაბათს გავრცელებული გამოკითხვის შედეგებით, 34 პროცენტს უტოლდება იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც არჩევნებზე ან არ მიდიან, ან ჯერაც არ აქვთ გადაწყვეტილი, წავლენ თუ არა. 2013 წლის არჩევნებში ამომრჩევლის 29 პროცენტმა არ მიიღო მონაწილეობა.

„ყველას გთხოვთ მიხვიდეთ არჩევნებზე და ხმა მისცეთ პარტიებს, რომლებიც 100 პროცენტით შეესაბამებიან ჩვენს კონსტიტუციასო“, განაცხადა მერკელმა ხუთშაბათს მიცემულ რადიოინტერვიუში. AfD, ანუ „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ჰიტლერის ნაცისტურ პარტიას შეადარა.

AfD-ს წევრთა ნაწილი გამოვიდა მოწოდებით გადაისინჯოს ნაცისტური პერიოდის აღწერა ისტორიის წიგნებში. ამავე დროს, ამ პარტიას თან ახლავს სკანდალები ჰოლოკოსტის უარყოფის გამო, რაც გერმანიაში დანაშაულად ითვლება.

გამოკითხვების შედეგები მიუთითებს, რომ მერკელის გამარჯვების პერსპექტივა რეალისტურია. მერკელს მხარს სტაბილურობის მოსურნე გერმანელები უჭერენ - მას აღიქვამენ პოლიტიკოსად, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს სხვა ლიდერებს, რომელთა ნაბიჯები ნაკლებად ექვემდებარება წინასწარ განჭვრეტას - მაგ. აშშ-ში, რუსეთსა და თურქეთში. თუმცა მერკელის სამომავლო კოალიციის შემადგენლობა ამ ეტაპზე რთული განსასაზღვრია.

მკვლევრების უმეტესობა ამბობს, რომ ამომრჩევლის დაბალმა აქტივობამ შესაძლოა AfD-ს პოზიციები გააძლიეროს - პარტიისა, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა მიგრაციისა და უსაფრთხოების საკითხების აქცენტირებით.

ნახევარ საუკუნეზე უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ იქნება პირველი ულტრამემარჯვენე პარტია, რომელიც პარლამენტში მოხვდება. ეს იმ ფონზე, როცა მისი წევრების განცხადებები სისტემატურად იწვევენ სკანდალს და უთანხმოებას საზოგადოებაში. მიმდინარე თვეში, მაგალითად, ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, გერმანია უნდა ამაყობდეს თავისი ჯარისკაცების მიღწევებით მეორე მსოფლიო ომშიო.

ალენსბახის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა, რენატე კიოხლერმა, გამოცემა „ცაიტს“ უთხრა, ამომრჩევლის აქტივობაზე ბევრია დამოკიდებულიო. მის სიტყვებს სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. ხმის მიცემის სურვილი ყველაზე ძლიერია კონსერვატორებისა და AfD-ს მომხრეებს შორისო, ამბობს ის და დასძენს, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა უმრავლესობა FDP-ს, მწვანეებისა და მემარცხენეების ამომრჩეველი იყო, რაც აჩვენებს, რომ მაღალი აქტივობა შესაძლოა მარცხენა ფლანგზე მოქმედი მცირე ზომის პარტიებისთვისაც ხელსაყრელი იყოს.

გამოკითხვების უმრავლესობაში ბოლო თვეში პოზიციები მცირედ გაუუარესდა ორ უდიდეს ბლოკს, პატარა პარტიების ნაწილმა კი მაჩვენებელი ასევე მცირედით, მაგრამ გაიუმჯობესა.

მერკელის კონსერვატიულმა ბლოკმა ერთი პროცენტი დაკარგა და მისი მაჩვენებელი 37 პროცენტს გაუტოლდა. მათი მთავარი ოპონენტის - სოციალ-დემოკრატების - მაჩვენებელი 22 პროცენტია. ხუთშაბათს სოციალ-დემოკრატების ლიდერმა მარტინ შულცმაც მიმართა მხარდამჭერებს - „ყველაფერი ჯერ კიდევ შესაძლებელიაო“, განაცხადა მან.

გამოკითხვების თანახმად, სამომავლო მმართველი კოალიციის შემადგენლობა ან კვლავ მერკელის კონსერვატორებისა და სოციალ-დემოკრატების დიდი კოალიცია იქნება, ან სამმხრივი ალიანსი კონსერვატორებს, „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „მწვანეებს“ შორის, რაც მერკელს შეუზღუდავს სამოქმედო არეალს ევროზონის რეფორმასთან მიმართებით.

„მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პოლიტიკური სპექტრის საპირისპირო კიდეებს წარმოადგენენ და ჯერჯერობით არ იზიარებენ გაერთიანების პერსპექტივას - შიშობენ, რომ ამაზე ღიად ლაპარაკი მათ ამომრჩეველს დააფრთხობს. თუმცა ხუთშაბათს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, კრისტიან ლინდნერი, შედარებით უფრო პოზიტიური მესიჯით გამოვიდა: „’თავისუფალი დემოკრატები’ ენთუზიაზმით უყურებს მთავრობაში მოხვედრის პერსპექტივას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კარგი ცვლილებების დანერგვას შეძლებს, თუ არა, მაშინ არ შევალთო“, უთხრა მან გამოცემა „ველტს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG