Accessibility links

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ატომური იარაღის საწინააღმდეგო კამპანიას


ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა, ატომური ომის საფრთხის გაძლიერების შესახებ გაფრთხილებით გამოსვლის ფონზე, მშვიდობის დარგში 2017 წლის პრემია მიანიჭა ნაკლებად ცნობილ საერთაშორისო კამპანიას, რომელიც ბირთვული იარაღის აკრძალვისთვის იბრძვის.

საერთაშორისო კამპანია ატომური იარაღის გასანადგურებლად (ICAN) საკუთარ თავს აღწერს თვითორგანიზებული არასამთავრობო ჯგუფების კოალიციად, რომელიც 100-ზე მეტ ერს აერთიანებს. კოალიციას საფუძველი ავსტრალიაში ჩაეყარა, 2007 წელს კი ოფიციალურად დაფუძნდა ვენაში.

„ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელშიც ატომური იარაღის გამოყენების საფრთხე უფრო მაღალია, ვიდრე ყოფილა ხანგრძლივი დროის განმავლობაში“, - განაცხადა ბერიტ რეის-ანდერსონმა, ნობელის კომიტეტის პრეზიდენტმა.

ივლისში 122-მა ქვეყანამ მიიღო გაეროს ხელშეკრულება ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ, თუმცა ხელშეკრულება არ მოიცავს ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს, როგორებიცაა აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი და საფრანგეთი.

„ეს ჯილდო ძალიან საჭირო შუქს მოჰფენს იმ გზას, რომელსაც აკრძალვის ხელშეკრულება გამოკვეთს ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს მიმართულებით. სანამ ძალიან გვიანი არაა, ამ გზას უნდა შევუდგეთ“, - დაწერა ICAN-მა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

„დღეს ძლიერი გლობალური დაძაბულობის დროში ვცხოვრობთ, როცა ცეცხლოვან რიტორიკას შეუძლია ძალიან იოლად და შეუქცევადად გადაგვიყვანოს წარმოუდგენლად საზარელ ვითარებაში. ბირთვული კონფლიქტის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ იკვეთება. ახლა ყველაზე მეტადაა საჭირო ქვეყნებმა ღიად გამოაცხადონ ბირთვული იარაღის მიმართ თავიანთი უპირობო წინააღმდეგობა“.

სააგენტო „როიტერსის“ შეფასებით, ნობელის კომიტეტის წლევანდელი გადაწყვეტილების მიზანია გააძლიეროს განიარაღებისთვის ბრძოლა იმ ფონზე, როცა აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ბირთვული დაძაბულობაა და, ამავე დროს, გაურკვევლობაა გაჩენილი იმ შეთანხმების ბედის გარშემო, რომელსაც 2015 წელს ირანმა და მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა მიაღწიეს და რომელიც მიზნად ისახავს თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას.

ირანთან მიღწეულ შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტი უწოდებს „ყველაზე უარესს, რომელიც ოდესმე ყოფილა“. „როიტერსი“ ავრცელებს ტრამპის ადმინისტრაციის ანონიმურად დატოვებული წევრის სიტყვებს, ტრამპი მალე გამოაცხადებს, რომ შეთანხმებას ჩამოართვა სტატუსი, ეს კი მისი დაშლისკენ გადადგმული პოტენციური ნაბიჯი იქნებაო.

ნობელის კომიტეტმა ბევრი გააკვირვა თავისი გადაწყვეტილებით პრემია გადაეცა საერთაშორისო კამპანიის მაწარმოებელი ჯგუფისთვის, რომელიც შედარებით ნაკლებადაა ცნობილი, ნაცვლად იმისა, რომ პრემია მიენიჭებინა ირანის შეთანხმების ავტორებისთვის. ამ უკანასკნელებს დიდი ხანია პრემიისთვის ფავორიტებად მიიჩნევენ იმის გამო, რომ წლების განმავლობაში წარმოებული მაღალი რანგის დიპლომატიური სამუშაოების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს.

„ნორვეგიის ნობელის კომიტეტს თავისი შეხედულებები აქვს, მაგრამ ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება რეალური შედეგი იყო და იმსახურებდა პრემიასო“, ტვიტერით დაწერა კარლ ბილდტმა, შვედეთის ყოფილმა პრემიერმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG