Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის არჩევნებში ნაზარბაევის პარტია იმარჯვებს


ბიულეტენების დათვლის პროცესი ყიზილ ორდაში
ბიულეტენების დათვლის პროცესი ყიზილ ორდაში

ყაზახეთში, სადაც კვირას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, ეგზიტპოლების შედეგები იმაზე მიანიშნებს, რომ გაიმარჯვა პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის მმართველმა „ნურ ოტანის“ პარტიამ - მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 82 პროცენტმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამომრჩევლის აქტიურობამ 77 პროცენტი შეადგინა. ნაზარბაევის პარტიას არ ჰყავს რეალური კონკურენტი 107-ადგილიან ქვედა პალატაში მანდატების მოსაპოვებლად. საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად აუცილებელი შვიდპროცენტიანი ბარიერი, „ნურ ოტანის“ გარდა, მხოლოდ მასთან დაახლოებულმა ორმა მცირე პარტიამ გადალახა.

ნაზარბაევი ყაზახეთს 1989 წლიდან მართავს და ქვეყანაში მის კრიტიკოსებს სამოქმედო სივრცე მნიშვნელოვნად აქვთ შეზღუდული. ეუთოს მეთვალყურეთა შეფასებით, არც გუშინდელი არჩევნები შეესაბამებოდა საერთაშორისოდ აღიარებულ დემოკრატიულ სტანდარტებს. ანალიტიკოსთა აზრით, ყურადღების ცენტრში მოექცევა პრეზიდენტის ქალიშვილი, დარიგა ნაზარბაევა, რომელიც ვიცე-პრემიერია და კანდიდატთა პარტიულ სიაშიც არის. თუ ის მთავრობას დატოვებს, შესაძლოა, ქვედა პალატის სპიკერი გახდეს, რაც მას გაუმყარებდა პოზიციებს 75 წლის მამის შემცვლელის რანგში.

მმართველობის სისტემაში მოსალოდნელ ცვლილებაზე მიანიშნებს ნაზარბაევის შემდეგი განცხადებაც: „შეიძლება ვისაუბროთ ძალაუფლების გადანაწილებაზე მთავრობის ცალკეულ შტოებს შორის: პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობის კაბინეტს შორის. ახლა ამ მიმართულებით ვფიქრობთ. რაც შეეხება იმას, თუ როდის მოხდება ცვლილებები, ეს დამოკიდებული იქნება ეკონომიკის მდგომარეობაზე, როგორც გლობალურად, ისე ქვეყნის შიგნით. თუ ჩვენი ხალხი მმართველობის სხვა სისტემას აირჩევს, ჩვენ ამაზე სერიოზულად ვიფიქრებთ. უკვე ვფიქრობთ კიდეც.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG