Accessibility links

NCDC: კორონავირუსით ინფიცირებულთა 16,7% ტესტირებისას უსიმპტომო იყო


მოსახლეობის შემოწმება თეთრიწყაროში

COVID-19-ის დადასტირებული შემთხვევების თითქმის 17%-ში, ანუ 83 ადამიანის შემთხვევაში, დაავადება ტესტირების მომენტში, უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში - „საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობა“, რომელიც 16 თებერვლიდან 11 მაისამდე პერიოდს მოიცავს და 500 დადასტურებული შემთხვევის ანალიზს გვთავაზობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, ასიმპტომურია COVID-19-ის ლაბორატორიული დადასტურებული შემთხვევა, რომელიც არ გამოირჩევა რაიმე სიმპტომით. აღნიშნული 83 შემთხვევა უსიმპტომო იყო PCR ტესტირების დღეს, თუმცა დაავადების მიმდინარეობასთან ერთად, შესაძლოა მოგვიანებით გამოვლენოდათ გარკვეული სიმპტომები. ყველა შემთხვევის კლინიკური მიმდინარეობის დეტალური კვლევა გრძელდება და მეტი მონაცემები მათ შესახებ მომდევნო ამგვარ კვლევებში მოხვდება.

NCDC-ის პირველი 500 დადასტურებული შემთხვევის კვლევის შედეგად, საქართველოში კორონავისურით ინფიცირებულებს შორის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: ცხელება, ხველა, ზოგადი სისუსტე, ყელის სიმშრალე, თავის ტკივილი, სურდო და კუნთების ტკივილი. ყველაზე იშვიათად გამოვლენილი სიმპტომი კონიუნქტივიტია.

ანალიზის თანახმად, ერთზე მეტი სიმპტომი აღინიშნა პაციენტების 57.6%-ში, რაც 288 ადამიანია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, აღრიცხულ შემთხვევათა 81%-ში დაინფიცირება მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG