Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრ სახლში სტუმრობა დიდი პატივი იყო... უწინ


"ვაშინგტონ რედკინზის" მოთამაშეები ეროვნული ჰიმნის შესრულებისას (სურათი გადაღებულია 24 სექტემბერს, მერილენდის შტატის ქალაქ ლენდოვერში).
"ვაშინგტონ რედკინზის" მოთამაშეები ეროვნული ჰიმნის შესრულებისას (სურათი გადაღებულია 24 სექტემბერს, მერილენდის შტატის ქალაქ ლენდოვერში).

ამერიკელი სპორტსმენები, მათ შორის კალათბურთის ვარსკვლავები ლებრონ ჯეიმსი და სტივენ კარი აღშფოთებული არიან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი გამონათქვამებით. 22 სექტემბერს ტრამპმა ალაბამის შტატში გამართულ მიტინგზე გამოაცხადა: ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის მოთამაშეები, რომლებიც სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას შეუსაბამოდ იქცევიან, გუნდებიდან უნდა გაყარონო. მან ჰიმნის ბოიკოტს უწოდა ქვეყნის მემკვიდრეობის „სრული უპატივცემულობა“ და კლუბების მფლობელებს მოუწოდა, თუ რომელიმე სპორტსმენი პატივს არ სცემს ეროვნულ დროშას, გააძევეთ ეგ ნაბიჭვარი, უთხარით, რომ გაგდებულიაო!..

ტრამპის გამოხდომა უკავშირდება რამდენიმე შემთხვევას, როცა სპორტსმენებმა − სტადიონზე ჰიმნის შესრულებისას − ცალი მუხლი მოიდრიკეს, ან საერთოდ არ გავიდნენ მინდორზე, რათა ყურადღება გაემახვილებინათ აშშ-ში რასობრივი ნიშნით ძალადობის პრობლემაზე. ამით მათ გაიმეორეს ჟესტი, რომელიც პირველად 2016 წლის აგვისტოში გამოიყენა ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის ვარსკვლავმა, კოლინ კეპერნიკმა რასიზმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. დაიწყო მწვავე საჯარო დისკუსია, რომლის ერთ-ერთი კულმინაციაც გახდა ტრამპის მოთხოვნა: კეპერნიკს ის ურჩევნია, „სხვა ქვეყანა მოძებნოსო“.

ახლა კი ტრამპმა თავს მისცა ზემოხსენებული, კიდევ უფრო მკვახე განცხადების უფლება და ის უპასუხოდ არ დარჩენილა. ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგისხელმძღვანელმა როჯერ გუდელმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც გაკრიტიკებულია სპორტსმენთა მიმართ პრეზიდენტის „უპატივცემულობა“. „სან ფრანცისკო 49“-ის მფლობელმა ჯედ იორკმა „ვულგარული“ უწოდა ტრამპის გამონათქვამებს, რომლებიც ასევე დაგმეს „გრინ ბეი პეკერსის“, „მაიამი დოლფინსის“, „ნიუ-იორკ ჯაიანტსისა“ და „ბუფალო ბილსის“ მესვეურებმა.

ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის ვარსკვლავი, კოლინ კეპერნიკი
ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის ვარსკვლავი, კოლინ კეპერნიკი

ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავთა პროტესტს, ამასობაში, მხარი აუბეს სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებმაც, მათ შორის კალათბურთელებმა. ქვეყნის ჩემპიონის, „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ წევრმა, სტივენ კარიმ გამოაცხადა, რომ არ აპირებს, ესტუმროს თეთრ სახლს, სადაც მიწვეულია, როგორც კალათბურთის ეროვნული ასოციაციის, NBA-ს ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდის მოთამაშე. კარის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა ტრამპის შეტყობინება „ტვიტერში“, რომ სტივენ კარის მოსაწვევი გაუქმებულ იქნა!

სამაგიეროდ, სტივენ კარის მხარში ამოუდგა NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე „კაშკაშა“ ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი. „კლივლენდ კავალირსის“ ლიდერმა „ტვიტერითვე“ მიმართა პრეზიდენტ ტრამპს: თეთრ სახლში სტუმრობა დიდი პატივი იყო − ვიდრე იქ თქვენ დასახლებოდითო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG