Accessibility links

ბარაკ ობამამ გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა აშშ-ის მოქალაქეებს


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა ქალაქ ჩიკაგოში. ობამამ საკუთარი მმართველობის წლები შეაჯამა. მისი განცხადებით, შეერთებული შტატები თითქმის ყველა ასპექტში უფრო უკეთესი და ძლიერი ქვეყანაა, ვიდრე ის 8 წლის წინ იყო. მან ამერიკელ ხალხს მოუწოდა დაიცვან დემოკრატია, რასიზმი და ეკონომიკური დისბალანსი ამერიკის დემოკრატიის მთავარ საფრთხედ დაასახელა.

„ჩვენ გვაქვს ყველაფერი გამოწვევებთან გასამკლავებლად. ჩვენ ვრჩებით ყველაზე მდიდარ, ყველაზე ძლიერ და ყველაზე ანგარიშგასაწევ სახელმწიფოდ დედამიწაზე. ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი შემართება, ჩვენი მრავალფეროვნება და გახსნილობა, რისკის გაწევისა და განახლების უსაზღვრო შესაძლებლობა ნიშნავს, რომ მომავალი ჩვენი უნდა იყოს, თუმცა ეს პოტენციალი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იმუშავებს ჩვენი დემოკრატია, თუკი ჩვენი ძალაუფლება უკეთესად ასახავს ჩვენი ხალხის ღირსებას“, - განაცხადა ბარაკ ობამამ.

55 წლის ობამამ თავისი პრეზიდენტობის ძირითად მიღწევებზეც ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის რეფორმაზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, რომლებმაც შეუზღუდა ირანს ბირთვული პროგრამა და გააუმჯობესა ურთიერთობები კუბასთან. ობამამ აღნიშნა, რომ ყოველივე ამას თავს დაესხა მისი მემკვიდრე, ახლად არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

„ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ არ შეგვეშინდეს. ‘ისლამური სახელმწიფო’ შეეცდება დახოცოს უდანაშაულო ადამიანები, თუმცა ის ვერ შეძლებს ამერიკის დამარცხებას, თუკი ჩვენ არ ვუღალატებთ ჩვენს კონსტიტუციას და პრინციპებს ამ ბრძოლაში. ჩვენი მეტოქეები, როგორიც რუსეთი და ჩინეთია, ვერ დაეწევიან ჩვენს გავლენას მსოფლიოში, თუკი თავად არ ვიტყვით უარს ჩვენს ფასეულობებზე და არ გადავიქცევით მორიგ დიდ სახელმწიფოდ, რომელიც თავისზე პატარა მეზობლებს ჩაგრავს“.

სიტყვით გამოსვლამდე თეთრ სახლში აჩვენეს ვიდეო, რომლის შემდეგაც ობამამ განაცხადა, რომ მისი საბოლოო სიტყვა არის შანსი მადლობა გადაიხადოს ამ საოცარი მოგზაურობისთვის, რომელიც ასახავს, ასევე, უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო მიღებულ გაკვეთილებს.

„ჩემო ამერიკელო თანამოქალაქეებო, ეს იყო პატივი ჩემს ცხოვრებაში - მემსახურა თქვენთვის. მე არ გავჩერდები. მე ვიქნები თქვენთან ერთად, როგორც რიგითი მოქალაქე, მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლე.

და ახლა, საბოლოოდ, უნდა გთხოვოთ, როგორც თქვენმა პრეზიდენტმა, ზუსტად ისე, როგორც რვა წლის წინ, როცა მომეცით შანსი. მე გთხოვთ გწამდეთ, რომ არ შემიძლია რაიმე შევცვალო, ცვლილებები თქვენს ხელთაა.

დიახ, ჩვენ შეგვიძლია. დიახ, ჩვენ შევძელით.

ღმერთმა დაგლოცოთ და კვლავაც დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები“, - ასე დაასრულა პრეზიდენტმა გამოსამშვიდობებელი სიტყვა.

ბარაკ ობამა 20 იანვარს ტოვებს თეთრ სახლს 55%-იანი რეიტინგით. ამავე დღეს ფიცს დადებს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG