Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში გოგონას დაჭრის შემთხვევა თალიბანის საწინააღმდეგო განცდებს ზრდის


მალალა იუსაფზაის მხარდამჭერი აქცია
მალალა იუსაფზაის მხარდამჭერი აქცია
პაკისტანის პოლიტიკოსები, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოდიან მოწოდებით, მძლავრი და გამანადგურებელი დარტყმა მიადგეს თალიბანს. მოწოდებების ფონია თალიბანის მხრიდან 14 წლის აქტივისტი გოგონასთვის ცეცხლის გახსნა და მისი დაჭრა.

მშვიდობისთვის მებრძოლი 14 წლის მალალა იუსაფზაი 9 ოქტომბერს დაჭრეს ჩრდილოდასავლეთში მდებარე სვატის რეგიონში. ამ შემთხვევამ საზოგადოებაში მასშტაბური პროტესტი და სიბრაზე გამოიწვია. მთავრობას მოუწოდებენ გადალახოს ყოყმანი და გადამჭრელი ფორმებით დაუპირისპირდეს ექსტრემისტებს მათ სამალავებში, რომლებიც ჩრდილოეთ ვაზირისტანის თემურ რეგიონში მდებარეობს, პაკისტანის ავღანეთთან საზღვრის სიახლოვეს.
ამ რეგიონს თავს აფარებენ პაკისტანის და ავღანეთის თალიბანის ფრაქციები, ისევე როგორც მათი მოკავშირე უცხოელი ჯიჰადისტები. დასავლეთი უკვე წლებია, რაც ისლამაბადს ამ რეგიონში გადამწყვეტი ქმედებებისკენ მოუწოდებს, თუმცა პაკისტანი ამ დრომდე ასეთი ნაბიჯების გადადგმისგან თავს იკავებდა.

ახლა კი მთავრობას და სამხედრო სტრუქტურებს უკვე ძალიან უჭირთ არ გაითვალისწინონ ქვეყნის შიგნით მზარდი ზეწოლა.

ზაჰიდ ჰუსეინი ისლამაბადში მცხოვრები ავტორია. აი, რა უთხრა მან ჩვენს რადიოს:

„ცხადია, მთავრობამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა განახორციელოს ოპერაცია ჩრდილოეთ ვაზირისტანში, სადაც ყველა სახის ექსტრემიზმია კონცენტრირებული. პაკისტანში მომხდარი თავდასხმების უმეტესობა სწორედ ჩრდილოეთ ვაზირისტანთან არის დაკავშირებული.“
ჩვენ გვსურს თალიბანის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ განხორციელდეს ოპერაცია და სრულად ვუჭერთ მხარს მთავრობას ...

ჰუსეინის თქმით, კოალიციურ მთავრობაში შემავალი ძალები ასეთ ოპერაციას მხარს უჭერენ და ახლა მთავრობას პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების თანხმობა სჭირდებათ.

ოპოზიციის რიგებიდან ბევრს ასეთი ოპერაციის ჩატარების პერსპექტივისთვის უკვე გამოცხადებული აქვს მხარდაჭერა - მათ შორის, პაკისტანის მუსულმანთა ლიგა „ნავაზს“, რომელიც აქამდე თალიბანთან დაპირისპირების ნაცვლად მასთან მოლაპარაკებას უჭერდა მხარს.

ოპერაციის მხარდასაჭერი განცხადებებით გამოდიან სასულიერო პირებიც. მაგალითად, პაკისტანის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა რელიგიურმა ორგანიზაციამ, სუნიტთა საბჭომ, ფატვა გაავრცელა, რომლითაც დაგმო თალიბანის მხრიდან მალალა იუსაფზაიზე თავდასხმა. საბჭოს ლიდერმა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბარში თალიბანის იდეოლოგიას „ტერორიზმი“ უწოდა და განაცხადა, „ჩვენ გვსურს თალიბანის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ განხორციელდეს ოპერაცია და სრულად ვუჭერთ მხარს მთავრობასო“.

ანალოგიური მოწოდებები ისმის ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებზე, საგაზეთო სტატიებსა თუ სატელევიზიო ტოკ-შოუებში.

როგორც იუწყებიან, პაკისტანის სამხედრო მაღალჩინოსნები ამ დღეებში შეხვედრებს მართავენ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ისინი ჩრდილოეთ ვაზირისტანზე იერიშის შესაძლებლობებზე მსჯელობენ.
XS
SM
MD
LG