Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონს აკრიტიკებენ ავღანეთისათვის ახალი სტრატეგიის დაყოვნების გამო


ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში
ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში

შეერთებული შტატები ვერ იმარჯვებს ავღანეთში და თალიბანის პოზიციები სულ უფრო ძლიერდება - ასეთია საერთაშორისო კოალიციისათვის შემაშფოთებელი შეფასება, რომელიც 13 ივნისს სენატის საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას გამოთქვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მატისმა. მას თავადაც მოუწია პენტაგონისათვის არასასიამოვნო შეფასებების მოსმენა.

ამერიკელი კონგრესმენები პენტაგონს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჯერ არ მოუმზადებია ახალი სტრატეგია ავღანეთში 16 წლის წინ დაწყებული ომისათვის. 13 ივნისს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, თავდაცვის მინისტრმა ჯიმ მატისმა „სამართლიანი“ უწოდა ასეთ კრიტიკას და აღნიშნა, რომ აცნობიერებს ახალი სტრატეგიის აუცილებლობას.

„ავღანეთში ამჟამად ვერ ვიმარჯვებთ და ამას, რაც შეიძლება, მალე გამოვასწორებთ. ჩემი აზრით, სამი რამ, რასაც ვითხოვთ, თვითონაც მეტყველებს თავის სასარგებლოდ, როცა განვიხილავთ, უფრო ზოგადად, ქვეყნის დაცვას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სენატის საკომიტეტო მოსმენაზე.

მის მიერ ხსენებული მოთხოვნების თაობაზე კი ჯიმ მატისმა თქვა:

„ამ კომიტეტის წევრებსა და კონგრესს მოვუწოდებ სამი მიზნის მიღწევისაკენ. პირველი: სრულად დააფინანსონ ჩვენი მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას. მეორე: დროულად დაამტკიცონ 2018-ის ფისკალური წლის ბიუჯეტი, რათა თავიდან იქნეს აცილებული კიდევ ერთი დამაზარალებელი დროებითი ბიუჯეტი. და მესამე: მოსპონ მომავალი სეკვესტრების საფრთხე სტაბილური საბიუჯეტო დაგეგმვის უზრუნველსაყოფად“.

მატისმა დასძინა, რომ 2019- 2023 წლების ბიუჯეტისათვის პენტაგონი, სავარაუდოდ, მოითხოვს დაფინანსების 3-5 %-ით გაზრდას.

აშშ-ს ამჟამად 8 400-მდე ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთში და სამხედრო ლიდერებს კონგრესისთვის ნათქვამი აქვთ, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევენ ავღანეთში დამატებითი ძალების განთავსებას ამ ქვეყნის არმიისათვის უფრო აქტიური დახმარების გასაწევად. ამასთან, მატისის თქმით, შეერთებული შტატების ახალი სტრატეგია რეგიონალურ მიდგომაზე იქნება ორიენტირებული ნაცვლად იმისა, რომ ცალკე განიხილოს ავღანეთში უკვე 16 წლის განმავლობაში მიმდინარე ომი. აშშ-ის მედიის მონაცემებით, თავდაცვის მინისტრი გამოვა რეკომენდაციით, ავღანეთში დამატებით 3-5 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი გაიგზავნოს.

შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ჯარები 2001 წლის ოქტომბერში შეიჭრნენ ავღანეთში თალიბანის მმართველობის დასამხობად და 2014 წელს დაასრულეს საბრძოლო მისია, მაგრამ მათ სულ უფრო აქტიური დახმარების გაწევა უხდებათ თალიბანთან ბრძოლაში ავღანეთის ჯარებისათვის.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთში ამჟამად იმყოფება საქართველოს წარმომადგენელი 870-მდე სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს 2015 წლიდან მიმდინარე ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში. საქართველო - ჯარისკაცების რაოდენობით - მეოთხე ადგილზეა აშშ-ის, იტალიისა და გერმანიის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG