Accessibility links

ინტერნეტბრაუზერ Opera-ს დამაარსებელი შეშფოთებულია ინტერნეტში პირადი ინფორმაციის დაუცველობით


სააგენტო „როიტერსი“ აქვეყნებს ნაწყვეტებს ინტერვიუდან, რომელშიც ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტბრაუზერის, Opera-ს, დამაარსებელი, იონ ფონ ტეჩნერი, შეშფოთებას გამოთქვამს ინტერნეტში მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის დაცულობის თაობაზე. მისი თქმით, მომხმარებელს უნდა აშფოთებდეს ტექნოლოგიის კომპანიების მიერ ინტერნეტში მონაცემების შეგროვების შესაძლებლობა, რადგან ის ამ კომპანიებს უპრეცედენტო წვდომას აძლევს მათ პირად ცხოვრებაზე.

  • ფონ ტეჩნერმა „ოპერა“ 1996 წელს შექმნა.
  • „ოპერამ“ 350 მილიონი მომხმარებელი შეიძინა და მობილურების ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი მოიპოვა.
  • ფონ ტეჩნერმა კომპანია 2011 წელს დატოვა და ახლა ცდილობს მომხმარებელს გააცნოს თავისი ახალი ბრაუზერი, Vivaldi.
  • Vivaldi.net არ აღრიცხავს ინტერნეტში ძებნას.
  • ამ ეტაპზე მას მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.
  • ტეჩნერის თქმით, მათი რაოდენობა დიდი სისწრაფით იზრდება და კომპანია მალე შექმნის მობილურ ბრაუზერსაც.

იონ ფონ ტეჩნერის თქმით, შექმნილი ვითარება უკვე ჩამოჰგავს ჯორჯ ორუელის დისტოპიურ რომანს, „1984“-ს, ვინაიდან „ყველას უთვალთვალებენ და ინფორმაციას ყველაზე აგროვებენ“.

განსაკუთრებით მწვავე პრობლემას ქმნის ის ბუნდოვანება, რომელიც მოპოვებული მონაცემების რაოდენობას და მასშტაბს უკავშირდებაო, უთხრა მან „როიტერსს“ ლისაბონში მიმდინარე ინტერნეტკონფერენციის კულუარებში.

ფონ ტეჩნერმა „ოპერა“ 1996 წელს შექმნა და ახლა ცდილობს მომხმარებელს გააცნოს თავისი ახალი ბრაუზერი, Vivaldi, რომელიც, მისი თქმით, პირადი ინფორმაციის დაცულობის ხარისხს უკეთ იცავს.

„ოპერამ“ 350 მილიონი მომხმარებელი შეიძინა და მობილურების ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი მოიპოვა, თუმცა ფონ ტეჩნერმა კომპანია 2011 წელს დატოვა, რადგან არ დაეთანხმა ბრაუზერის ჩინეთის კონსორციუმისთვის მიყიდვას.

მას შემდეგ ფონ ტეჩნერმა შექმნა „ვივალდი“, რომლის ფუნქციებიც, მისი თქმით, არ აქვთ სხვა დიდ ბრაუზერებს. Vivaldi.net არ აღრიცხავს ინტერნეტში ძებნას. ამ ეტაპზე მას მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, თუმცა, ტეჩნერის თქმით, მათი რაოდენობა დიდი სისწრაფით იზრდება და კომპანია მალე შექმნის მობილურ ბრაუზერსაც.

ინტერნეტში რეკლამების ბაზარზე დომინანტური ძალაა „გუგლი“, რომელმაც „ვივალდის“ დაუხურა სარეკლამო ანგარიში. „გუგლი“ „ოპერასთან“ შევიდა პარტნიორობაში, სანამ 2008 წელს ბრაუზერ Chrome-ს შექმნიდა.

ვისურვებდი ეს კომპანიები უკეთ იქცეოდნენო, ამბობს ფონ ტეჩნერი და დასძენს, რომ ფართო კონტექსტში თავისუფალი ინტერნეტის საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ტეჩნერს განსაკუთრებით აშფოთებს მომხმარებელზე ინფორმაციის შეგროვება და ინტერნეტში მათ მოქმედებებზე დაკვირვება ისეთი გიგანტების მიერ, როგორებიცაა „გუგლი“ და „ფეისბუკი“.

ამჟამად აქტუალურია დისკუსია იმის შესახებ, რომ გასულ წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისას მომხმარებელს მიზანმიმართული პოლიტიკური რეკლამა ეგზავნებოდა იმ ფონზე, როცა იკვეთება ვერსიები, რომ, შესაძლოა, რუსეთი მიმართავდა „ფეისბუკზე“ პოლიტიკური რეკლამების მანიპულაციას. ფონ ტეჩნერი ამბობს, რომ შემდეგი ნაბიჯი, შესაძლოა, უკვე პროპაგანდით მასშტაბური ომი იყოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG