Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური პარტიის ფესვები ქართულ საზოგადოებაში


ავტორი: გიორგი კეკელიანი

ნებისმიერი სახელმწიფოს ცხოვრებას განსაზღვრას პარტიული სისტემა, რომელიც თავად ამ სახელმწიფოშია. პარტიული სისტემის რაობა, პარტიათა რაოდენობა, ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებენ პარტიათა ფუნქციონირებას, ერთობ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის სტაბილურობის საკითხში. პარტია, როგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ორიენტირებულია სახელმწიფო მონოპოლიის მოპოვებასა და სახელდობრ, საჯარო პოლიტიკის შემუშავებაზე. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია ყურადღება დაეთმოს პარტიათა ინსტიტუციონალიზაციას. ინსტიტუციონალიზაცია, პოლიტიკაში, გულისხმობს პროცესს, რომლის გავლენითაც პარტიულ სისტემაში ყალიბდება ღირებულებები და სტაბილურობა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განზომილება ამ პროცესის არის ის, თუ რამდენად ახლოსაა პარტია საკუთარ ამომრჩეველთან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენად გამჯდარი აქვს ფესვები პარტიას საზოგადოებაში. მეტად ინსტიტუციონიზებულ სისტემებში პარტიებს საზოგადოებაში უფრო ძლიერი ფესვები აქვთ და ამომრჩევლების უმრავლესობას კი, პირიქით, ძლიერი კავშირები_პარტიებთან.

ქართულ რეალობაში, სადაც არ დასრულებულა დემოკრატიზაციის პროცესი და სადაც რეალურად გვაქვს მრავალპარტიული სისტემა, ურთიერთმონაცვლე ორი დომინანტური პარტიით, ინსტიტუციონალიზაციის საკმაოდ სუსტი დონეა. ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში ამ მხრივ, არასახარბიელო მდგომარეობაა და არც საქართველოა გამონაკლისი. ქვეყანა, სადაც ოფიციალურად დარეგისტრირებულია 200-ზე მეტი პარტია, პოლიტიკურ ასპარეზზე ძირითადად ერთ ხელზე ჩამოსათვლელი პარტიათა რაოდენობა აქტიურობს. საზოგადოების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ზემოაღნიშნულ პარტიათა უმრავლესობასა. ამიტომაც ამომრჩეველთა მთელი ორიენტაცია მიმართულია რამოდენიმე დომინანტურ პარტიაზე.

მეტი თვალსაჩინოებისთვის შემოგთავაზებთ მარტივ შედარებას: ერთი შეხედვით, ქართული პარტიული რეალობა თითქოსდა შეიძლება წააგავდეს ისეთი პოსტინდუსტრიული დემოკრატიის ქვეყანის პარტიულ თეატრს, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებშია, თუმცა განსხვავება კოლოსალურია. განსხვავება კი იმთავითვე მდგომარეობს ზემოაღნიშნულ ინსტიტუციონალიზაციაში, სოციალურ და პოლიტიკურ კულტურათა სხვაობებთან ერთად. ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში პარტიული სისტემა და პარტიათა შორისი კონკურენცია უფრო მეტად სტაბილურია ვიდრე საქართველოში. ეს განპირობებულია უპირველეს ყოვლისა საზოგადოებაში გამჯდარი ძლიერი პარტიული ფესვებით, რომელიც დამახასიათებელია ამერიკული სისტემისათვის.

დემოკრატიზაციის რელსებზე მდგომ ისეთ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, პარტიული სისტემა ნაკლებად სტაბილურია. ეს კი რა თქმა უნდა განპირობებულია იმით, რომ ამომრჩეველსა და პარტიებს შორის თითქოსდა ერთი დიდი უხილავი ბარიერია აღმართული. საქმე ისაა, რომ ამომრჩეველი საქართველოში ორიენტირებულია არა პარტიული პროგრამებზე, არამედ ქარიზმატულ ლიდერებზე. თავის მხრივ, პარტიები ექვემდებარებიან კონკრეტულ ლიდერებს, ნიველირებენ რა თავის ფუნქციებს. პარტია ხდება პერსონიფიცირებული, ერთი ადამიანის ინსტრუმენტი პოლიტიკურ ასპარეზზე გზის გასაკვალად. იქიდან გამომდინარე, რომ პარტიებსა და მათ ამომრჩევლებს შორის სუსტი იდეოლოგიური კავშირია და ამომრჩევლელი ორიენტირებულია ლიდერზე, ამ უკანასკნელთან მიმართებით იმედგაცრიების შემთხვევაში, ამომრჩეველმა შესაძლებელია მხარდაჭერის ობიექტი პარტია შეიცვალოს და სხვა პარტიას დაუჭიროს მხარი, მიუხედავად იმისა უჭერს თუ არა მხარს მათ იდეოლოგიურ პლატფორმას. ამ არჩევანის მყისიერი ცვლილება კი ხშირ შემთხვევაში განპირობებულია არა კონკურენტი პარტიის ლიდერის მხარდაჭერით, არამედ მზარდი ანტაგონიზმით ყოფილი, ფავორიტი ლიდერის მიმართ. მარტივად, რომ ვთქვათ ყოფილი ფავორიტი ლიდერი, რომელმაც იმედი გაუცრუა ამომრჩეველს, ხდება ანტაგონიზმის ობიექტი, ხოლო მისი კონკურენტი ლიდერი კი მოქმედი ფავორიტი.

თუ პრობლემის ერთი ნაწილი, რომელიც უკავშირდება საზოგადოებაში პარტიული ფესვების სისუსტეს, თავად ამ საზოგადოების სოციალურ კულტურაშია, მეორე ნაწილი უკვე თავად პარტიებს უკავშირდება. პარტიული კონკურენცია ქართულ პოლიტიკაში ტალახის სროლას უფრო წააგავს ვიდრე კონსტრუქციულ დისკურსს. ის, რომ პოლიტიკოსები იბრძვიან სავარძლებისთვის არახალია, თუმცა არახალია ისიც, რომ ისინი თავიანთ კონკურენტებში აკრიტიკებენ არათუ იდეებს, არამედ ებრძვიან თავად ამ კონკურენტებს, როგორც პიროვნებებს. ეს კი ერთგვარად ამომრჩევლებში იწვევს აპოლიტიკურობას და მეტიც, აპათიას პოლიტიკის მიმართ. შესაბამისად არასტაბილური კონკურენცია ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია იმისა, რომ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის ბარიერი თუ არ იქმნება, დისტანცია მაინც იზრდება.

ქართული პოლიტიკური რეალობის ჯერჯერობით განუყრელი ატრიბუტი არის პარტიათა ბუნდოვანი იდეოლოგიური პლატფორმა. პარტიული დოქტრინა, ხშირ შემთხვევაში ამბივალენტურია მის იდეოლოგიურ პლატფორმასთან, ეს კი საუკეთესოდ ვლინდება ძირითადად წინასაარჩევნო კამპანიების დროს. ასე მაგალითად, მემარცხენე პარტიებს სავსებით შესაძლებელია მზარდი რაოდენობით მემარჯვენე ხასიათის პოლიტიკური პროგრამები ჰქონდეთ შემუშავებული და პირიქით, მემარჯვენე პარტიებს_მემარცხენე პოლიტიკური პროგრამები. პარტიათა სპექტრის საგრძნობი ნაწილი უფრო მეტად ორიენტირებულია ამომრჩეველთა უმრავლესობაზე და სთავაზობენ ერთგვაროვან პროგრამებს ნაცვლად იმისა, რომ უერთგულონ საკუთარ ამომრჩევლებს, მათ ვისთანაც იდეოლოგიურად ახლოს არიან. პარტიები თავისი იდეოლოგიურ-პოლიტიკურ ხასიათთან შესაბამისობაში მყოფ სოციალურ ჯგუფებს ღალატობენ და წინასაარჩევნო გათვლას აკეთებენ უფრო ფართო ელექტორატზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ელექტორათთან შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეთ მყარი იდეოლოგიური კავშირი. პარტია კი, ნორმატიული გაგებით, საკუთარი ამომრჩევლის, ერთგვარი ლობისტი უნდა იყოს. მარტივად რომ ვთქვათ, პარტიები ხალხს ეუბნებიან იმას, რისი გაგებაც ხალხს სურს.

საქართველოში პარტიული ფესვები საზოგადოებაში მეტად სუსტია და როგორც უკვე აღვნიშნე, ამის განმაპირობებელი ორი ურთიერთგადაჯაჭვული ფაქტორი არსებობს: არაჯანსაღი პარტიული კონკურენცია და ბუნდოვანი იდეოლოგიური პლატფორმა. ყოველივე ეს კი განაპირობებს მოსახლეობაში მზარდ აპათიას პოლიტიკის მიმართ, რომელიც გამოიხატება არჩევნებში აქტიურობის დაბალი დონით. პარტიული სისტემა კი ხდება სუსტად ინსტიტუციონალიზებული, რაც რა თქმა უნდა, შესაბამისად აისახება თავად ამ სისტემის სტაბილურობაზე.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG