Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო კმაყოფილია ტრამპთან შეხვედრით


პეტრო პოროშენკო, დონალდ ტრამპი
პეტრო პოროშენკო, დონალდ ტრამპი

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ კმაყოფილია ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრით. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 20 ივნისს თეთრ სახლში მიიღო პოროშენკო - იმავე დღეს, როცა აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა უკრაინელ სეპარატისტებსა და მათ რუს მოკავშირეებს.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქებით მოიხსენია უკრაინის ძალისხმევა რეფორმების გზაზე და მხარდაჭერა, რომელსაც დონალდ ტრამპის ქვეყანა უწევს კიევს.

პოროშენკო კმაყოფილია ტრამპთან შეხვედრით
please wait

No media source currently available

0:00 0:03:01 0:00
გადმოწერა

„დიდი პატივი და დიდი სიამოვნებაა თქვენთან ყოფნა, ბატონო პრეზიდენტო! თქვენ ხართ უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მხარდამჭერი და პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ, მართლაც, ვიბრძვით თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის. და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ძალიან ძლიერი მხარდაჭერით, ჩვენი რეფორმების მხარდაჭერით, ჩემი 45-მილიონიანი ერის მხარდაჭერით, მხარდაჭერით ქვეყნისა, რომელიც უდიდესია ევროპის კონტინენტზე - დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა წარმატებას მოიპოვებს. და ვამაყობ იმით, რომ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, და შეერთებული შტატები ხართ ამ წარმატების ერთ-ერთი ხელშემწყობი“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ 20 ივნისს ვაშინგტონში, თეთრ სახლში.

პეტრო პოროშენკო თეთრ სახლში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:02 0:00

დონალდ ტრამპთან უკრაინელი ლიდერის შეხვედრა წინ უსწრებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ტრამპის შეხვედრას 7-8 ივლისს ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის დროს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, პოროშენკომ ჯერ კიდევ 19 ივნისს ვაშინგტონში განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია ის გარემოება, რომ უკრაინის პრეზიდენტი უფრო ადრე ეწვევა თეთრ სახლს, ვიდრე გაიმართება პრეზიდენტის რანგში დონალდ ტრამპის პირველი შეხვედრა პუტინთან.

„დიდი პატივია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, პოროშენკოსთან. უკრაინა არის ქვეყანა, რომელსაც ყველა დიდ ყურადღებას ვუთმობთ და თვალს ვადევნებთ და ყველა კითხულობს მის შესახებ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მოგვიანებით თეთრმა სახლმა გაავრცელა მოკლე განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ორმა ლიდერმა იმსჯელა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერაზე, აგრეთვე პოროშენკოს რეფორმების გეგმასა და კორუფციასთან ბრძოლაზე.

მნიშვნელოვანია თუნდაც იმის ჩვენება, რომ პოროშენკოსა და ტრამპს შორის პირადი ურთიერთობა არსებობს. ღირს გავიხსენოთ, რომ ობამას მმართველობის პერიოდში პრეზიდენტი ობამა შეძლებისდაგვარად თავს არიდებდა პოროშენკოსთან ერთად გამოჩენას...
მაიკლ კიმიჯი

როგორც არაერთი ამერიკელი ექსპერტი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის შემდეგ მხოლოდ ზოგადი განცხადებები გაკეთდა და კიევი, შესაძლოა, მეტსაც მოელოდა, უკრაინისათვის მაინც დადებითად უნდა შეფასდეს ვაშინგტონში გამართული შეხვედრა. ამ შეფასებას იზიარებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, მაიკლ კიმიჯი, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობის დროს უკრაინა-რუსეთის ურთიერთობის საკითხებზე მუშაობდა.

„ჩემი აზრით, დონალდ ტრამპს აქვს საგარეო პოლიტიკის პიროვნულ ურთიერთობაზე აგების ტენდენცია და, ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ არ გაუკეთებია დოქტრინის შესახებ იმ ტიპის განცხადებები, რომელთა მოსმენასაც უკრაინის მთავრობა ისურვებდა, მნიშვნელოვანია თუნდაც იმის ჩვენება, რომ პოროშენკოსა და ტრამპს შორის პირადი ურთიერთობა არსებობს. ღირს გავიხსენოთ, რომ ობამას მმართველობის პერიოდში პრეზიდენტი ობამა შეძლებისდაგვარად თავს არიდებდა პოროშენკოსთან ერთად გამოჩენას“, - ამბობს მაიკლ კიმიჯი.

პოროშენკოსათვის ვაშინგტონში ვიზიტს, უთუოდ, დამატებითი მნიშვნელობა შესძინა იმ გარემოებამ, რომ სწორედ ტრამპთან შეხვედრის დღეს, 20 ივნისს, შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა ახალი სანქციები უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტების, მათი ლიდერებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ. სამინისტროს განმარტებით, ახალი სანქციები მიმართულია იმ ორგანიზაციებისა და ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებსაც კავშირი აქვთ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტთან. სანქცირებულთა სიაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს რუსეთის მოქალაქე დმიტრი უტკინი. ვარაუდობენ, რომ ის ხელმძღვანელობს დაურეგისტრირებელ სამხედრო სააგენტოს, რომელიც ეწევა ჯარისკაცების რეკრუტირებას აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლველად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG