საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, თუშეთში, ყოველ შემოდგომაზე იწყება პირუტყვის შთამბეჭდავი სეზონური გადაადგილება. ეს ფოტოგალერეა საშუალებას მოგცემთ, მეცხვარეებთან ერთად იმოგზაუროთ თუშეთის მთებიდან კახეთის ველებამდე.

ზაფხულობით აქ მწვანე ბალახია, უხვი საკვები ცხვრის ფარისთვის. მაგრამ თუშეთის მთებში შემოდგომა ადრე დგება. ადგილობრივ მეცხვარეებს ზამთრის მოსვლამდე, უკვე ოქტომბრის დასაწყისში მიჰყავთ თავიანთი ცხვრის ფარები რეგიონს გარეთ.

ექვსი მეგობრისგან შემდგარი ჯგუფი, თავიანთი 1200 ცხვრით, იმ ათეულობით მეცხვარეს შორისაა, რომლებიც თუშეთის მთებში ატარებენ ზაფხულს. მათ სამი დღე დასჭირდებათ საიმისოდ, რომ ადგილი იცვალონ და დაბლობში ჩავიდნენ.

სულხან გიგოიძე ჯგუფის არაოფიციალური ლიდერია. 29 წლის კაცმა თავი დაანება ტექნიკურ ინსტიტუტში სწავლას, რათა დრო ცხვრებისთვის დაეთმო. „ადამიანებთან ყოფნა არ მინდოდაო“, ამბობს ის.

წინაა 2800 მეტრის სიმაღლის, შთამბეჭდავი აბანოს უღელტეხილი და მიგრაციის მეორე დღე სავარაუდოდ ყველაზე ინტენსიური იქნება. დილით მეცხვარეები მთის ტბებს ჩაუვლიან. მათ სიფრთხილე მართებთ იმ ქვებისგან თავის დასაცავად, რომლებიც ზოგჯერ მოსწყდება ხოლმე კლდეებს.

ჯგუფის ერთი წევრისთვის ეს სეზონური მსვლელობა სრულიად ახალი გამოცდილება იქნება. ჯორჯიკი, სამი თვის ქართული ნაგაზი, დედამ ლეკვობაშივე უარყო და მეცხვარეები მასზე განსაკუთრებით ზრუნავენ.

ქართული ნაგაზი ძაღლის ძლიერი, უძველესი ჯიშია, რომელიც ცხვრის ფარას შეკრულ ფორმას უნარჩუნებს და მას მგლებისგან იცავს.

ამ ძაღლის ჯიში გამოჰყავთ იმავე ფერისა და ზომის, როგორიც მათი დასაცავი ცხვრები არიან. შორიდან ძაღლის გამორჩევა შეუძლებელია - შესაბამისად, მგლების ხროვები, რომლებიც გზაში მყოფ ცხვრის ფარებს ესხმიან თავს, ფრთხილად უნდა იყვნენ.

დათო ჩქარეული მიერეკება ცხვრებს, რომლებმაც გზა დაკარგეს დაკლაკნილ ბილიკზე ასვლისას.

უღელტეხილის ქვედა ნაწილში კაცები სასადილოდ ჩერდებიან. მარილიანი ყველი, პური, თევზის კონსერვი...

და ჭაჭა. მეცხვარეები სამ-სამ ჭიქას სვამენ და სადღეგრძელოებს წარმოთქვამენ - ადღეგრძელებენ მთებს, სტუმრებს და იმ მეგობარს, რომელიც ახლახან დაიღუპა გზაზე, რომელსაც ახლა მეცხვარეები შეუდგებიან.

სადილის დასასრულისთანავე იწყება მთაზე ასვლის პროცესი. აბანოს უღელტეხილის თავზე გზა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა.

ჩაივლის სატვირთო მანქანა, რომელსაც მიაქვს ამ გზიდან გადავარდნილი მანქანის ნარჩენები. ჯგუფის ლიდერი, გიგოიძე ამბობს, რომ მანქანის მძღოლი ის მეგობარი იყო, რომლის მოსახსენიებელი სადღეგრძელოც დაილია სადილის დროს.

გიგოიძე გაჰყურებს ცხვრებს, რომლებიც ფარის კიდეში მოექცნენ. მთაზე ასვლისას წვიმა ჯერ თოვლ-ჭყაპში გადადის, მალე კი თოვას იწყებს.

ყოველ ფარაში ცხვრების 85 პროცენტამდე დედალია. თუშური ცხვარი ცნობილია თავისი გამძლეობით და გემრიელი ხორცით. მისი ტყავი ძალიან უხეშია გასაყიდად და, როგორც წესი, მას გაკრეჭის შემდეგ წვავენ. ცხვრის ამ ჯიშს ქონის სქელი გუნდა, დუმა, ჰკიდია უკანა ფეხებთან, როგორც ენერგიის წყარო საჭიროების შემთხვევაში. ერთი ცხვარი 160 ლარამდე ღირს.

უღელტეხილზე ძლიერი ქარი ამოვარდა. თავშესაფარი არსადაა და ცხვრები წინ მიიწევენ. პირუტყვისთვის აუცილებელია, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს შედარებით სითბოს, ჩავიდნენ უფრო ქვევით.

უღელტეხილის მეორე მხარეს მეცხვარეები წყვეტენ დაკლაკნილ გზაზე სიარულს და ფარას პირდაპირ მთის ფერდობზე მიერეკებიან.

ჯოხები, რომლებითაც კაცები ფარის გარეთ გასულ ცხვრებს მწყემსავენ, კარგი გამოსაყენებელია სახიფათო დაღმართებზე.

ცხვრები ნელ-ნელა ეშვებიან ქვევით. დაღლილი ძაღლები იქ ჩათვლემენ, სადაც მოუხდებათ.

პატარა ჯორჯიკი დაქანცულია და ყეფით ხვდება მთის ყველაზე დაქანებულ მონაკვეთებს. ყველაზე რთულ ადგილებში ის მწყემსებს ხელში აყვანილი გადაჰყავთ.

ფარა გზაზე დგება, მაგრამ ცოტა ხნით. მათ რაც შეიძლება სწრაფად, დაბნელებამდე უნდა მოასწრონ მთის ყინულოვანი ტემპერატურისგან თავის დაღწევა.

ცხვრის ფარა უკვე ჩასცდა იმ სიმაღლეს, სადაც ხეები არ იზრდება. პირუტყვი სახიფათოდ დაქანებული ბილიკით ჩადის ქვევით.

დღის სინათლე ქრება, დაქანცული ცხოველები გზის ბოლო მონაკვეთებს გადიან. 12-საათიანი, თითქმის უწყვეტი მსვლელობის ბოლოს სულხანი დანაკარგს ითვლის. 8 ცხვარი - რაც ტიპურია დიდი ზომის ფარის ამგვარი მიგრაციის დროს.

დაღლილობისგან ან ტრავმისგან გაჩერებული ცხვრები მალე იხოცებიან ამინდის და მგლების გამო. ზოგჯერ ისინი ადგილობრივ მაცხოვრებლებს მიჰყავთ დასაკლავად.

მეცხვარეებმა სახელდახელო ბანაკი გაშალეს და აღმოაჩინეს, რომ შეშა დასველებულა და არ დაიწვება. ერთ-ერთი მეცხვარე რეზინის ჩექმებს დებს ნაკვერჩხალში და მალე ცეცხლი გიზგიზს იწყებს.

მამაკაცები ცდილობენ, ტანსაცმელი გაიშრონ და გათბნენ. ეს პროცესი არაერთი ჭიქა ჭაჭის დალევას გულისხმობს, სანამ დასაძინებლად დაწვებიან. პატარა ჯორჯიკი ჩქარეულის საძილე ტომარაში ძვრება და იძინებს.

მეორე დღეს ცხვრის ფარა უკვე ბარშია.

მეცხვარეებს პირველ რიგში სოფლის ცივი ლუდი მოაქვთ მაღაზიიდან.

მთები უკან დარჩა და ცხვრის ფარა შედარებით მსუბუქ ჰავასთან შესაგუებლად ერთ კვირას გაატარებს საძოვარზე. შემდეგ ისინი კიდევ 200 კილომეტრს გაივლიან ზამთრის საძოვრებისკენ, აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს.

მოგზაურობის ურთულესი ნაწილი უკანაა და პატარა ჯორჯიკი ისევ ენერგიულად დარბის. მაგრამ ის მალე ისწავლის, რომ ის გზა უკან აქვს გასავლელი. გაზაფხულზე დაიწყება მთაში დაბრუნება, რაც კიდევ უფრო რთული ამოცანა იქნება. ამ დროისთვის ჯორჯიკი უკვე დიდი ძაღლი იქნება საიმისოდ, რომ ის მეცხვარეებმა ხელით ატარონ ან ღამით რომელიმე მეცხვარის საძილე ტომარაში დაიძინოს.