Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართა


გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე
გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე. საქართველოს მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციაზე.

„გაეროს წევრებმა კარგად იციან, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, რითიც არღვევს არაერთ საერთაშორისო ვალდებულებას, მათ შორის, უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის ათობით რეზოლუციას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, 2017 წლის დასაწყისში რუსეთმა გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა და მილიტარიზაცია, გააფორმა ე.წ. შეთანხმებები ინტეგრაციის შესახებ და დე ფაქტო ხელისუფლებებთან ხელი მოაწერა ე.წ. ხელშეკრულებებს, რათა რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა სისტემებმა შთანთქან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთმა გაააქტიურა საოკუპაციო ხაზების განმტკიცება მავთულხლართებით, სანგრებით, ე.წ. სასაზღვრო ნიშნებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით, რომლებიც ზოგიერთ კარ-მიდამოს შუაზე ჰყოფს.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი, მათ შორის ბავშვები, რომლებსაც მშობლიურ, ქართულ ენაზე სწავლა აუკრძალეს, ვეღარ ახერხებენ განათლების და სამედიცინო დახმარების მისაღებად გადავიდნენ დანარჩენ საქართველოში, რადგან დაიხურა ე.წ. გამშვები პუნქტები. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო მტკიცედ ემხრობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, საქართველოს მთავრობა ზედმიწევნით ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს და არაერთხელ დაადასტურა ძალის გამოუყენებლობის დებულების ერთგულებაც, თუმცა რუსეთისგან საპასუხო მოქმედება არ ყოფილა.

„საქართველოს მუდმივი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების მოძიებისკენ, დამოწმებულია არაერთი ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჭიროა დაჩქარდეს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ ასამბლეას ყოველწლიური რეზოლუციებისთვის, რომლებიც ადასტურებენ ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებას, დაბრუნდნენ თავის სახლებში.

„მაგრამ ყოველივე ეს ჯერ ვერ იქცა რეალობად ასიათასობით ჩემი თანამემამულისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელიან შინ დაბრუნებას და ვერ ბრუნდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ გაეროს მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო ამბობს უარს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენის ახალ ინსტრუმენტებს და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მათაც მიიღონ საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ყველა სარგებელი.

„ჩვენი ინიციატივების არსებითი პაკეტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის იძლევა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გადაკვეთით სავაჭრო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს გლობალურ ბაზრებზე საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვთავაზობთ მათ ჯანდაცვას, განათლებას და სხვა სოციალურ სარგებელს“, - განაცხადა გაეროს ტრიბუნიდან გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG