Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი: „ქართულ ოცნებაში“ არსებულმა დაპირისპირებამ მიუღებელი ფორმა შეიძინა


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცვლილებებს განახორციელებს პოლიტიკური პროცესისა და მთავრობის ფუნქციონირების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, თუ „ქართული ოცნების“ წევრები სადავო საკითხებს მხოლოდ კოალიციის შიგნით არ განიხილავენ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ არსებულმა დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა შეიძინა და არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, რის გამო და ვინ დაიწყო დაპირისპირება. „ეს არ უნდა ვაკადროთ, პირველ რიგში, იმ ხალხს, ვინც 2012 წელს მხარი დაგვიჭირა, ქვეყნის მართვა გვანდო და უმრავლესობას შეადგენს. ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს, რომ პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ ქმედებებსა და განცხადებებს და იფიქრონ და დასახონ ხალხის პრობლემების მოგვარების გზები“ - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ რამდენიმე ხნის წინ გააკეთა პოლიტიკური განცხადება და დღესაც ამ აზრზე რჩება, რომკოალიციის წევრების მხრიდან თავდაცვის მინისტრისადმი გამოთქმული ბრალდებები მიუღებელია. „თუმცა, ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ თინათინ ხიდაშელი პირველ რიგში მთავრობის წევრია, ის საქართველოს თავდაცვის მინისტრია და მხოლოდ ამის შემდეგაა საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. სწორედ სტატუსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუღებელია მსგავს დაპირისპირებაში მისი ჩართვა“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. გიორგი კვირიკაშვილი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს პოლიტიკური პროცესებისგან ჯარის მაქსიმალურად დისტანცირებას, რადგან მისივე თქმით, დაუშვებელია პოლიტიკაში ჩართულნი აღმოჩნდნენ ქვეყნისთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები. ამასთან, პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს მომავლისთვის უცხო და მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები, რადიკალიზმი და მარგინალური ფსევდოტრადიციები.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებითვე, "ქართული ოცნება" ეროვნულ თვითმყოფადობაზე დაფუძნებით უზრუნველყოფს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. “დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს განახლების პროცესი, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რომელიმე, თუნდაც ერთი ადამიანის ღვაწლის დავიწყებას“, - ნათქვამია განცხადებაში. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" აუცილებლად იქნება ისეთი ძლიერი პოლიტიკური ერთობა, რომელიც ორიენტირებულია ეროვნულ ღირებულებებზე, განვითარებასა და პროგრესზე და ამ გზით საქართველო ევროპას შეუერთდება არა მხოლოდ მექანიკურად, არამედ ტრადიციული და კულტურული ღირებულებებით გაამდიდრებს ევროპულ ოჯახს და მისი სრულფასოვანი წევრი გახდება.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" მზად არის ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვისთვისაც ასეთი ხედვაა მთავარი, ვინც ამ პროცესს ფეხს აუწყობს და შეძლებს დაძლიოს ვიწროპარტიული და ჯგუფური ინტერესები და გაერთიანდეს მთავარი მიზნის, ქვეყნის უკეთესი მომავლის გარშემო. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG