Accessibility links

„2016 წელი მოჭარბებული დემაგოგების წელია“ - ასე შეაფასეს ევროპული პრესის მიმომხილველებმა მიმდინარე წელი, რომლის დასრულებამდე რამდენიმე საათი რჩება. მიმოხილვებში მართლაც გამორჩეული ადგილი ეთმობა მსჯელობას დასავლეთში პოპულისტური პოლიტიკური პარტიების ზრდის მიზეზებისა და შედეგების შესახებ. ბელგიის ყოველდღიურ გამოცემა „სტანდარტში“ გამოქვეყნებული წერილის ავტორი წუხს, რომ „აღარ ქრის საკმარისი ზურგქარი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა მემარჯვენე პოპულიზმს“. მისი აზრით, ევროპა მოწყვლადი გახდა და ყოველი ახალი კონფლიქტი მას სულ უფრო მეტ ბზარსა თუ ნაპრალს მატებს.

„იდეა, რომლის თანახმადაც, ჩვენ, „კულტურულ ელიტას“ თავიდან უნდა აგვეცილებინა ქედმაღლობა, მხოლოდ ჩვენში გამოიკეტა... ამის გამო დიდი ხანია, ვეღარ ვბედავთ განვაცხადოთ, რომ მემარჯვენე პოპულისტების მიერ შემოთავაზებული რეცეპტები ერთდროულად არის მწარე სისულელე და სახიფათო სიგიჟე. იმის გამო, რომ არ გვსურს დავამციროთ „დამარცხებულები“, რაც ხელს შეუწყობს უკმაყოფილების გაღვივებას, თავს ვიკავებთ პოპულისტური პარტიების ლიდერების დაცინვისაგან და ვაღიარებთ, რომ იდეები, რომლებითაც ისინი არიან შეპყრობილი, მათ შორის საზღვრების ჩაკეტვისა და მიგრაციის შეჩერების შესახებ, უკიდეგანოდ სულელური და უსარგებლოა. როგორ შეიძლება გადავარჩინოთ ევროპა, ერების ეგოიზმის ერთადერთი ალტერნატივა, მაშინ, როდესაც ვერ ვეწინააღმდეგებით ნაციონალიზმის აღორძინებას?“ - ვკითხულობთ „სტანდარტში“.

ევროპაში არსებულ კრიზისზე წერს გერმანიის მემარცხენე ცენტრისტული გამოცემა „შპიგელიც“. ჟურნალის ვებსაიტზე გამოქვეყნებული წერილის მთავარი სათქმელი ის არის, რომ აყვავებული ეკონომიკა პირდაპირ განაპირობებს უკმაყოფილებისგან გათავისუფლებას. ჰენრიკ მიულერის წერილში ვკითხულობთ: „უსუსურობის ფარული განცდა გადამდები გახდა. უკვე აღარავის სჯერა მოძველებული პოლიტიკური იდეის, რომელიც ამბობს, რომ ‘აყვავებული ეკონომიკა განაპირობებს მოქალაქეების კმაყოფილებას’. ეს 2016 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა და ის მხოლოდ გერმანიას არ ეხება... როდესაც პოპულისტური პარტიები ცვლილებების დასასრულზე ლაპარაკობენ, ისინი მიმართავენ ასაკოვან ამომრჩეველს, მათ, ვინც უკვე მიაღწია სოციალურ კეთილდღეობას... პრობლემების მოგვარების მათ მიერ შემოთავაზებული რეცეპტები კი ძალიან მარტივია: საზღვრების ჩაკეტვა, საერთაშორისო კონკურენციის აკრძალვა, პოლიტიკის ხელახალი ნაციონალიზაცია. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ის ზომებია, რომლებიც საფრთხეს უქმნის ცხოვრების სტანდარტებს. ნაცვლად ამისა ვხედავთ, რომ ისინი არ ფიქრობენ სოციალური თუ საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებაზე, ან, ბოლოს და ბოლოს, ელემენტარულ საკითხზე - მშვიდობის შენარჩუნებაზე“.

ევროპის ახლებურად გააზრების აუცილებლობას უთმობს ყურადღებას ბრიტანეთის ყოველდღიური გამოცემა „ტაიმსი“. „მთელს კონტინენტზე სულ უფრო მზარდია ევროკავშირით გამოწვეული იმედგაცრუება. გადასარჩენად საჭიროა ინსტიტუციონალური ცვლილებები.“ ასეთი კონკრეტული და რადიკალური დასაწყისი აქვს წერილს, რომელიც აანალიზებს ევროპის, უფრო მეტად კი ევროკავშირის გადარჩენისთვის საჭირო გზებს. მათ შორის ყურადღება გამახვილებულია კონკრეტული სახელმწიფოების მეტ ჩართულობაზე ევროკავშირის შიგნით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ევროპული დემოკრატიის გადარჩენის სასწრაფო გეგმა ასეთია: „ხელი უნდა შეეწყოს ეროვნული პარლამენტების მუშაობას. ევროპის პარლამენტის წევრებმა უნდა იმუშაონ საშინაო კანონმდებლობის განვითარებაზე. მეტმა ქვეყანამ უნდა მიბაძოს დანიას, სადაც მუდმივად განიხილება ქვეყნის წარმომადგენლობის ხარისხი ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში“ - ვკითხულობთ წერილში, რომელიც სრულდება წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეფასებით: „ევროკავშირისთვის ბრექსიტი ერთდროულად გამოცდაცაა და გაფრთხილებაც“.

ევროპაში არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე მსჯელობის პარალელურად, უცხოეთის გამოცემები ერთხმად აღიარებდნენ იმას, რომ „2016 წელი პუტინის წელია“. მათ შორისაა „ფაინენშელ ტაიმსი“, რომელიც იმეორებს აზრს პუტინის მიერ მიმდინარე წელს არაერთგზის მოპოვებული გამარჯვებების შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე, ალეპოთი დაწყებული, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევით დამთავრებული. რუსეთის მზარდი ძალაუფლებისა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გახლეჩილი ევროკავშირის შესახებ წერს შვეიცარიის გერმანულენოვანი გამოცემა „ნოი ციურხერ ცაიტუნგი“.

მაშინ, როდესაც უცხოეთის მედია ვერ გასცდა რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკური სტრატეგიების განხილვას, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ გვერდებზე გამოქვეყნებული წერილის ავტორი, მაქსიმ ტრუდოლიუბოვი რუსეთის საშინაო ვითარების სიმწვავეზე წერს. ის იმედგაცრუებულია იმით, რომ ჟურნალისტები არ ლაპარაკობენ რუსეთის სწრაფად მზარდ ეკონომიკურ და სოციალურ სიდუხჭირეზე. მას მაგალითად მოჰყავს გასული კვირის ერთ-ერთი აქტუალური ამბავი, ირკუტსკში დაღუპული ათობით ადამიანის შესახებ, რომლებიც ემსხვერპლნენ მომწამვლელი ნივთიერების შემცველი ალკოჰოლური სასმელის მიღებას. ამონარიდი პუბლიკაციიდან: „ის რაც რუსეთში ხდება, ეს ბედისწერა არ არის, ეს ადამიანმა გამოიწვია. ეკონომიკური რესურსების ცენტრალიზებული მართვა და მკაცრად გაკონტროლებული სოციალური წესრიგი იმ პრიორიტეტებს შორისაა, რომლებიც ბატონმა პუტინმა 2000 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაისახა“. სტატიაში მოშველიებულია რუსეთის ეკონომიკის შესახებ პოპულარული პუბლიკაციების ავტორის, ბორის გროზოვსკის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, „რუსეთში დაბრუნდა იმ ტიპის სახელმწიფო მონოპოლიური კაპიტალიზმი, რომელმაც ერთი საუკუნის წინ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა თავად ლენინს“.

უცხოეთის გამოცემების ყურადღების მიღმა არც ამ კვირაში რჩება ტერორიზმისგან მიყენებული მძიმე ჭრილობები, რომელთაც, პუბლიკაციების მიხედვით, მსოფლიო კიდევ დიდხანს ვერ მოიშუშებს. ამგვარი პესიმისტური განწყობა იკითხებოდა მიმდინარე კვირაში რუმინეთის, სლოვაკეთის და ავსტრიის გამოცემებში. „ყველა სხვა ტერორისტული აქტის მსგავსად, ბერლინის ტერორისტული თავდასხმის მიზანი მხოლოდ უდანაშაულო პირების მკვლელობა არ ყოფილა. ყველა მათგანის სამიზნე პოლიტიკური სისტემა იყო: ჩვენს შემთხვევაში, კი ეს სამიზნე დემოკრატიაზე გადის. არც პირველად და არც უკანასკნელად არ გამოაშკარავებულა ის, რომ დემოკრატია უძლურია, ეფექტიანად დაიცვას თავი მათგან, ვინც მის განადგურებას გეგმავს. ეს არც ისე დამამშვიდებელი დიაგნოზია“ - ვკითხულობთ ავსტრიის ყოველდღიურ გამოცემა - Salzburger Nachrichten-ში.

გასული კვირის ბოლოს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ ქვეყნიდან გააძევებს რუსეთის 35 დიპლომატს. განცხადების თანახმად, აშშ ამ ზომას მიმართავს რუსეთის მთავრობის მისამართით მრავალჯერადი კერძო და საჯარო გაფრთხილების შემდეგ და მისი გატარება აუცილებელია, როგორც პასუხი რუსეთის მცდელობებზე, ზიანი მიაყენოს აშშ-ის ინტერესებს ქცევის საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დარღვევით. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დაიხურება რუსეთის ორი დაწესებულება მერილენდსა და ნიუ-იორკში. აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენება.

ამ ინციდენტის თაობაზე, რომელიც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების უკიდურეს გაუარესებაზე მიანიშნებს, „ბლუმბერგი“ წერს: „ბარაკ ობამა და ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპს აიძულებენ, არჩევანი გააკეთოს: გააუქმოს აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უკანასკნელი სანქციები... ან დაივიწყოს საარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებული დაპირება, რომ გამოასწორებს მოსკოვთან ურთიერთობებს.“

იმის თაობაზე, თუ რამდენად იოლი იქნება ტრამპისთვის ობამას მიერ დატოვებულ მემკვიდრეობასთან გამკლავება, გამოცემა წერს:

„თუკი საპრეზიდენტო განკარგულებით დაწესებული სანქციებისა და დიპლომატთა გაძევების გაუქმება კალმის ერთი მოსმით შეიძლება, ტრამპს შეიძლება პოლიტიკურად გაუჭირდეს ამის გაკეთება, ვინაიდან კონგრესში რესპუბლიკელებმა მხარი დაუჭირეს ობამას ნაბიჯს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG