Accessibility links

რუსეთი და თურქეთი „ნორმალური პარტნიორობის“ გზაზე


ვლადიმირ პუტინი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი

რუსეთი და თურქეთი მუშაობენ ურთიერთობის „სრული ფორმატით“ აღსადგენად. ამის შესახებ 3 მაისს განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც სოჭში მიიღო თურქი კოლეგა, რეჯეპ ტაიპ ერდოანი. ორი ქვეყნის ურთიერთობაში მწვავე დაძაბულობა მოჰყვა 2015 წლის ინციდენტს, როცა თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავმა თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსეთის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. უთანხმოებას იწვევს კონფლიქტი სირიაშიც, სადაც რუსეთი და თურქეთი ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალებს ემხრობიან.

რუსეთისათვის სოჭი ამ დღეებში დიპლომატიური საქმიანობის ეპიცენტრად იქცა. 2 მაისს პრეზიდენტი პუტინი შავი ზღვისპირა ამ კურორტზე შეხვდა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, და უკრაინაზე, სირიასა და ორმხრივ დაძაბულ ურთიერთობაზე ესაუბრა. 3 მაისს კი პუტინმა ისევ სოჭში უმასპინძლა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს. როგორც მან საღამო ხანს, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რუსეთმა და თურქეთმა დაძლიეს ორმხრივი ურთიერთობის მძიმე პერიოდი.

თავად ის ფაქტი, რომ ერთად ვმუშაობთ ასეთ რეჟიმში, იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა განსაკუთრებულ ხასიათს იძენს, განსაკუთრებულ სტატუსს და სრული ფორმატით აღდგენის გზაზეა...

„გარკვეული დროის წინ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, როგორც ცნობილია, სიმტკიცის გამოცდის ჩაბარება მოუხდა. ახლა დაბეჯითებით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ რუსეთ-თურქეთის კავშირებში აღდგენითი პერიოდი დასრულდა და ჩვენ ვუბრუნდებით ნორმალურ პარტნიორულ ურთიერთქმედებას”, - განაცხადა პუტინმა 3 მაისს სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ. ხოლო ერდოანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის და რუსი კოლეგა შეთანხმდნენ ორმხრივი სავაჭრო შეზღუდვების გაუქმებაზე - გარდა აკრძალვისა, რომელიც რუსეთში თურქული პამიდვრის იმპორტს ეხება.

შეხვედრამდე პუტინმა აღნიშნა, რომ მხარეები მუშაობენ ურთიერთობის „სრული ფორმატით“ აღსადგენად: „თავად ის ფაქტი, რომ ერთად ვმუშაობთ ასეთ რეჟიმში, იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა განსაკუთრებულ ხასიათს იძენს, განსაკუთრებულ სტატუსს და სრული ფორმატით აღდგენის გზაზეა“.

რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობაში მწვავე დაძაბულობა გამოიწვია 2015 წლის ინციდენტმა, როცა თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავმა თურქეთ-სირიის საზღვარზე ჩამოაგდო რუსეთის ავიაგამანადგურებელი. 3 მაისის დღის წესრიგში იდგა სირიის კონფლიქტის მოგვარებისაკენ მიმართული ძალისხმევაც. ერდოანმა ანკარაში ჯერ კიდევ სოჭში გამგზავრებამდე უთხრა ჟურნალისტებს, რომ რუსეთისა და თურქეთის საერთო ინტერესებშია სირიის კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავლის მოძებნა.

ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა მხრებზე ძალიან მძიმე ტვირთი გვაწევს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მჯერა, რომ ნაბიჯები, რომელთაც აქ ერთად გადავდგამთ რუსეთი და თურქეთი, შეცვლის მთელი რეგიონის ბედს...

განცხადების ფონს ქმნის ის გარემოება, რომ ორი ქვეყანა სირიაში ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალებს ემხრობა. რუსეთი ირანთან ერთად არის სირიის მმართველი რეჟიმის მთავარი სამხედრო მოკავშირე, მაშინ როცა თურქეთი მხარს უჭერს მეამბოხეებს, რომლებიც სირიის პრეზიდენტის რეჟიმის დასამხობად იბრძვიან.

„ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა მხრებზე ძალიან მძიმე ტვირთი გვაწევს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მჯერა, რომ ნაბიჯები, რომელთაც აქ ერთად გადავდგამთ რუსეთი და თურქეთი, შეცვლის მთელი რეგიონის ბედს“, - განაცხადა ერდოანმა სოჭში. პუტინთან მისი შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ასევე ცნობა, რომ თურქეთმა, რომელიც, როგორც ცნობილია, ნატოს წევრი ქვეყანაა, შესაძლოა რუსეთისაგან შეიძინოს ეს-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემა, ხოლო რუსეთი მზად არის დაეხმაროს თურქეთს ებრძოლოს საფრთხეს, რომელსაც ტერორიზმი უქმნის ტურისტულ ინფრასტრუქტურას. როგორც პუტინმა აღნიშნა, მესამედი რუსებისა, ვინც მაისში დასასვენებლად უცხოეთში ჩადის, სწორედ თურქეთს ესტუმრება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG