Accessibility links

ქალაქმა ოქსფორდმა ადამიანის უფლებების ჯილდო ჩამოართვა აუნ სან სუ ჩის


აუნ სან სუ ჩი

ბირმის ლიდერს, აუნ სან სუ ჩის, ჩამოერთვა ადამიანის უფლებების სფეროში მიღებული ჯილდო, რომელიც მას ქალაქმა ოქსფორდმა მიანიჭა. აუნ სან სუ ჩი ოქსფორდში სტუდენტი იყო თავის დროზე. ბრიტანეთის ინსტიტუტები სულ უფრო მეტად ემიჯნებიან ადამიანის უფლებების დაცვის ამ ყოფილ სიმბოლოს, რომელიც დღეს ინტენსიური კრიტიკის ობიექტია.

ქალაქ ოქსფორდის საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება სუ ჩისთვის მინიჭებული „ქალაქის თავისუფლების“ ჩამორთმევის შესახებ რეკომენდაციის გაცემაზე და თავისი რეკომენდაცია დაასაბუთა მზარდი შეშფოთებით, რომელიც უკავშირდება ბირმაში როჰინჯების, მუსლიმური თემის დევნას.

ოქსფორდის საკრებულოს წევრმა, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა მერი კლარკსონმა განაცხადა, ქალაქის რეპუტაცია ზიანდება „იმ პირების დაჯილდოებით, რომლებიც თვალს არიდებენ ძალადობასო“.

მაშინ, როცა გაერო შექმნილ ვითარებას უწოდებს ‘ეთნიკური წმენდის ქრესტომატიულ შემთხვევას’, აუნ სან სუ ჩი უარყოფს ეთნოწმენდას და უგულებელყოფს ცნობებს სექსუალური ძალადობის შესახებ როჰინჯათა ქალების მიმართ - ამას ‘ყალბ გაუპატიურებას’ უწოდებს...
მერი კლარკსონი

აგვისტოს ბოლოდან ბირმის როჰიჯათა უმცირესობის 500,000-ზე მეტი წარმომადგენელი გადავიდა საზღვარზე, მეზობელ ბანგლადეშში მას შემდეგ, რაც როჰინჯათა გასამხედროებული რაზმების თავდასხმებს არმიის მხრიდან მასშტაბური რეპრესიები მოჰყვა.

აუნ სან სუ ჩი, ბირმის დე ფაქტო ლიდერი, უწინ მთელ მსოფლიოში იყო ცნობილი ადამიანის უფლებების სფეროში გაწეული აქტივიზმით, თუმცა დღეს მას ბევრი აკრიტიკებს ამ პროცესების მიმართ სიჩუმის გამო.

„მაშინ, როცა გაერო შექმნილ ვითარებას უწოდებს ‘ეთნიკური წმენდის ქრესტომატიულ შემთხვევას’, აუნ სან სუ ჩი უარყოფს ეთნოწმენდას და უგულებელყოფს ცნობებს სექსუალური ძალადობის შესახებ როჰინჯათა ქალების მიმართ - ამას ‘ყალბ გაუპატიურებას’ უწოდებს“, - განაცხადა კლარკსონმა.

სექტემბერში, ამ საკითხის შესახებ პირველ საჯარო გამოსვლაში მას შემდეგ, რაც ლტოლვილების მასობრივი წასვლა დაიწყო, აუნ სან სუ ჩიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა გმობს ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა შემთხვევას და პირობა დადო, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

მაგრამ მას არაფერი უთქვამს ცნობებზე ეთნიკური წმენდის შესახებ და არ გაუკრიტიკებია არმიის მოქმედებები. ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ამნესტი ინტერნეიშენალის”, რეგიონალური წარმომადგენლობის დირექტორმა, ჯეიმს გომესმა, მის გამოსვლას უწოდა „ოდნავ მეტი, ვიდრე სიცრუისა და მსხვერპლთა დადანაშაულების ნაზავი“.

ადამიანის უფლებების სფეროში აუნ სან სუჩისთვის მინიჭებული ჯილდოს ჩამორთმევას განიხილავს ჩრდილოეთ ინგლისში მდებარე ქალაქი შეფილდი მას შემდეგ, რაც ქალაქის მცხოვრებლებმა ამ შინაარსის პეტიცია გასულ თვეში შეიტანეს.

სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, ჯილდოს ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას მიმდინარე თვეში მიიღებს საბჭო, რომელიც საკრებულოს დემოკრატიული მომსახურების გუნდს წარმოადგენს.

ოქსფორდის უნივერსიტეტმა - აუნ სან სუ ჩის ალმა მატერმა - გასულ კვირაში მისი პორტრეტი ჩამოხსნა საჯარო კედლიდან. ბრიტანეთის სიდიდით მეორე პროფკავშირმა, „უნისონმა“, გასულ თვეში გამოაცხადა, რომ აუნ სან სუ ჩის შეუწყვეტს საპატიო წევრის სტატუსს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG