Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთები გამოდიან აეროპორტებისა და ბანკების საკითხებზე ბაღდადთან მოლაპარაკების ინიციატივით


"ქურთისტანის" დროშა
"ქურთისტანის" დროშა

ქურთისტანის რეგიონალური მთავრობა გამოდის ინიციატივით ერაყის ხელისუფლებასთან გაიმართოს მოლაპარაკება ქურთთა აეროპორტების, სასაზღვრო პუნქტებისა და ბანკების თაობაზე, რომლებსაც ბაღდადმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ შეზღუდვები დაუწესა.

კერძოდ, სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ერაყის ცენტრალურმა მთავრობამ დააწესა აკრძალვა პირდაპირ საერთაშორისო ფრენებზე რეგიონში, რაც წარმოადგენს ნაწილს მცდელობისა იზოლაციაში მოექცეს ქურთთა რეგიონი მას შემდეგ, რაც მათ გასულ თვეში გამართეს, ბაღდადის შეფასებით, უკანონო რეფერენდუმი. ბაღდადი ასევე მოითხოვს რეგიონის მთავრობამ მას გადასცეს კონტროლი სასაზღვრო პოსტებზე. ამასთან, ცენტრალურმა მთავრობამ შეუწყვიტა დოლარების მიყიდვა ქურთთა მფლობელობაში არსებულ ბანკებს.

„ამ კოლექტიური სასჯელის თავიდან ასაცილებლად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ [ერაყის პრემიერ-მინისტრ] ჰაიდერ ალ-აბადის დიალოგის ან მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმისკენ, რომელიც შესაბამისობაში იქნება ერაყის კონსტიტუციასთან“, - წერია რეგიონის მთავრობის განცხადებაში.

რეგიონის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებას სთავაზობს მოლაპარაკებას „სასაზღვრო პუნქტების, შიდა ვაჭრობის, მოქალაქეებისთვის მომსახურების გაწევის, ბანკებისა და აეროპორტების საკითხებზე“.

ერაყელი ქურთების დიდმა უმრავლესობამ რეფერენდუმზე მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა.

ეს განცხადება მიუთითებს ქურთთა ხელისუფლების პოზიციის ცვლილებაზე. ოთხშაბათს ისინი ერაყის ძალებსა და ირანის მიერ გაწვრთნილ ერაყელ გასამხედროებულ ჯგუფებს ადანაშაულებდნენ „მასშტაბური თავდასხმის მომზადებაში“ ნავთობით მდიდარ ქირქუქის რეგიონზე და მოსულის სიახლოვეს, ჩრდილოეთ ერაყში.

აბადიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ არ გამოიყენებს არმიას ქურთთა რეგიონის წინააღმდეგ, ერაყის სამხედრო ძალების პრესმდივანმა კი უარყო ცნობები, თითქოს ქურთთა ძალებზე მზადდებოდეს თავდასხმა. მისი თქმით, მთავრობის ჯარები ემზადებიან „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების განდევნისთვის ამ რეგიონიდან, ანუ სირიასთან საზღვრის სიახლოვიდან.

„ჩვენს არმიას არ გამოვიყენებთ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ან ჩვენს ქურთ მოქალაქეებთან ომის დასაწყებადო“, - ამბობს აბადი განცხადებაში.

ერაყის უზენაესმა იურიდიულმა საბჭომ ოთხშაბათს დაპატიმრების ორდერები გასცა ქურთთა რეფერენდუმის კომისიის ხელმძღვანელისა და მისი ორი თანაშემწის მისამართით იმის გამო, რომ მათ „დაარღვიეს სასამართლოს გადაწყვეტილება“, რომელიც კრძალავდა რეფერენდუმს და მას არაკონსტიტუციურად აცხადებდა.

ერაყის უკომპრომისო პოზიციას მხარს უჭერენ მეზობელი ირანი და თურქეთი - ისინი შიშობენ, რომ სეპარატიზმი მათ ქვეყნებშიც გავრცელდება ქურთ მოსახლეობაში.

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის პრესმდივანმა, იბრაჰიმ კალინმა, ხუთშაბათს განაცხადა, თურქეთი თანდათანობით დახურავს სასაზღვრო პუნქტებს ჩრდილოეთ ერაყთან, ქვეყნის ცენტრალურ მთავრობასა და ირანთან კოორდინირებითო.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი, ბინალი ილდირიმი, კვირას აპირებს ბაღდადში ჩასვლას და აბადისთან შეხვედრის გამართვას.

ბაღდადსა და რეგიონს შორის კრიზისში მთავარ პუნქტად გამოიკვეთა ქირქუქი, რომელზეც ორივე მხარე აცხადებს პრეტენზიას.

ქირქუქის სამხრეთით და დასავლეთით - ადგილებში, რომლებსაც უწინ „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა - დისლოცირებულია ერაყის ძალები და შიიტთა გასამხედროებული დაჯგუფებები.

„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები ამჟამად აკონტროლებენ რეგიონს ალ-ყაიმის სასაზღვრო პუნქტის გარშემო. ეს არის ერაყის უკანასკნელი რეგიონი, სადაც კვლავ ეს ძალაა გამაგრებული. „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 წელს ქვეყნის მესამედი დაიკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG