Accessibility links

შეერთებულ შტატებში თანამდებობა დატოვა თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორმა, ენტონი სკარამუჩიმ. მან თანამდებობაზე სულ ათი დღე დაყო, მაგრამ ბევრს დაამახსოვრა თავი, პირველ რიგში, უხეში კრიტიკით, რომელიც პრეზიდენტის გუნდის ზოგიერთი წევრის მისამართით გამოთქვა.

31 ივლისს აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური განცხადებით გახდა ცნობილი, რომ თანამდებობა დატოვა თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორმა, ენტონი სკარამუჩიმ. ცნობა გავრცელდა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელად დაინიშნა გადამდგარი გენერალი, ჯონ კელი.

ჯონ კელი ახსენა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა ჰაკაბი სანდერსმაც, როცა ჟურნალისტებს განუმარტა სკარამუჩის გადადგომის მიზეზი: „პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ ენტონის (სკარამუჩის) გამონათქვამები შეუსაბამო იყო ამ თანამდებობის პირისთვის და მას არც გენერალ კელისთვის უნდოდა სირთულის შექმნა. როგორც ბოლო დღეებში, ვფიქრობ, მკაფიოდ ვუთხარით რამდენიმე თქვენგანს, გენერალი კელი აღჭურვილია სრული უფლებამოსილებით თეთრ სახლში სამოქმედოდ და ყველა თანამშრომელი მას დაექვემდებარება“.

თეთრი სახლის პრესმდივანმა დასაწყისშივე ახსენა სკარამუჩის გამონათქვამების „შეუსაბამობა“ და ცნება „შეუსაბამო“ მართლაც რომ ძალიან რბილად არის ნათქვამი იმის შესაფასებლად, რაც სკარამუჩიმ გასული თვის ბოლოს თქვა ავტორიტეტიან გამოცემა „ნიუ-იორკერის“ კორესპონდენტთან საუბრისას. მან პარანოით და შიზოფრენიით დაავადებულად მოიხსენია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრი, თეთრი სახლის აპარატის მაშინდელი ხელმძღვანელი, რინს პრიბუსი, რომელსაც ინფორმაციის გაჟონვაში ადანაშაულებდა. ამის შემდეგ პრიბუსი თანამდებობიდან გადადგა, ხოლო ტრამპის მთავარი სტრატეგი, სტივ ბენონი, სკარამუჩიმ ასევე „ნიუ იორკერთან“ საუბრისას უკიდურესად ვულგარული სალანძაღვი გამონათქვამებით შეამკო.

სამაგიეროდ, ენტონი სკარამუჩი ხოტბას არ იშურებდა დონალდ ტრამპის მისამართით: ტოკშოუებში გენიოსად და კომუნიკაციის ოსტატად მოიხსენიებდა პრეზიდენტს. დონალდ ტრამპის თვალში ეს გარემოება, სავარაუდოდ, დიდი პლუსია და სკარამუჩის სასარგებლოდ მეტყველებდა - მით უმეტეს, რომ ის საარჩევნო კამპანიის დროს ფონდების მოზიდვით იყო დაკავებული და დონალდ ტრამპის ერთ-ერთ მტკიცე მხარდამჭერად ითვლებოდა.

53 წლის ენტონი სკარამუჩი ფინანსისტია და ვიდრე ტრამპი მას თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორად დანიშნავდა, ბანკში მუშაობდა. ცნობების თანახმად, მისი დანიშვნის პასუხად დატოვა თანამდებობა თეთრი სახლის ყოფილმა პრესმდივანმა, შონ სპაისერმა, რომელიც სკარამუჩის პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობას უწუნებდა.

ბრიტანეთის გამოცემა „ტაიმსს“ ენტონი სკარამუჩი მოხსენიებული ჰყავს დონალდ ტრამპის „მომცრო ალტერ ეგოდ, რომელიც სრული წინადადებებით მეტყველებს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG