Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჩარდ ლუგარი: შუალედური არჩევნები აშშ-რუსეთის ურთიერთობებზეც იმოქმედებს


ყოფილ ამერიკელ სენატორს, რუსულ და ევროპულ საკითხებში განსწავლულ საზოგადო მოღვაწე რიჩარდ ლუგარს "ამერიკის ხმა" აშშ-ის საგარეო და საშინაო პოლიტიკის რამდენიმე საკითხზე ესაუბრა.

ამერიკის ხმა: შეიძლება თუ არა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დღევანდელი დაპირისპირების დაძლევა?

რიჩარდ ლუგარი: ამ წუთისთვის, ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს სჭირდება, რომ ექსპანსიის იდეა რუსი ხალხის გონებაში იდოს. ეს საშიში იდეაა. ამიტომ როდესაც უკრაინაში თავიანთ საქმეს აკეთებდნენ, რუსები ფრთხილობდნენ, დიდი ჯარი არ გაეგზავნათ იქ, ან სულაც უარყოფდნენ [ჯარის გაგზავნას]. მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს ექსპანსიონისტური იდეა [და] დრამა, რომ უკრაინაში დედამიწის ზურგზე ყველაზე მძიმე ამბები ხდება. პუტინს ძალიან გაუჭირდება ამ ვითარების შენარჩუნება, თუ გავითვალისწინებთ რუსეთში შექმნილ ეკონომიკურ რეალობას და შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების რეაქციას, რაც ეკონომიკურ სანქციებსა და დიპლომატიურ განცხადებებში გამოიხატა.

ამერიკის ხმა: რამდენად შორს შეიძლება, წავიდეს რუსეთი?

რიჩარდ ლუგარი: ვფიქრობ, პუტინის რეჟიმი სისუსტეებსა და შესაძლებლობებს ეძებს. ისინი რუსულად მოსაუბრე ადამიანებს ეძებენ, იმას, ვისაც მიაჩნია რომ რუსული გავლენა აქვს. ძალიან სახიფათო სიტუაციაა. ამიტომ ნატოს გააქტიურება ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამერიკის ხმა: უნდა გვეშინოდეს თუ არა, რომ რუსეთი ამერიკასთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებებიდან გამოვა?

რიჩარდ ლუგარი: მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალი ხელშეკრულების (START) პირობებს დაარღვევს. გაკვრით მივიღეთ შემოთავაზება, რომ ისინი [მზად არიან], დამატებით მოლაპარაკებებზე წამოვიდნენ. პრეზიდენტმა ობამამ, ფაქტობრივად, გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატების ძალები რაოდენობრივად საკმაოდ მცირეა, თუმცა მას ბირთვული იარაღი აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია მთელს ამ სურათში.

ამერიკის ხმა: უკრაინაზე მიმდინარე ზეწოლასთან დაკავშირებით რა მოსაზრება გაქვთ?

რიჩარდ ლუგარი: უკრაინას ძალიან გაუჭირდება, გაუძლოს რუსეთის ზეწოლას, თუმცა ეკონომიკის გაუმჯობესებით, შეიარაღებული ძალების გაძლიერებით, წვრთნებით, აგრეთვე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებით ეს შესაძლებელია. სხვა სიტყვებით, უკრაინას რუსეთთან გასამკლავებლად მთელი რიგი საშუალებები გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის სახელმწიფოს გააქტიურება ყველა ამ მიმართულებით. აუცილებელია ქვეყნის მდგრადობის შენარჩუნება, მით უმეტეს, თუ ამ ქვეყანას ახლო, ან გრძელვადიან პერსპექტივაში რუსულ საფრთხესთან გამკლავება სურს.

ამერიკის ხმა: ელით თუ არა ცვლილებას ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში შეერთებული შტატებში გამართული შუალედური არჩევნების შემდეგ?

რიჩარდ ლუგარი: ვფიქრობ, ცვლილება ნამდვილად იქნება. სენატორი ჯონ მაკეინი, რომელიც ძალიან მძაფრ კომენტარებს აკეთებდა, აქამდე უმცირესობაში იყო. ახლა, როგორც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს, მას დამატებითი ბერკეტები ექნება საკითხების განხილვისას, საკანონმდებლო ინიციატივების წარმოდგენისას, აგრეთვე საბიუჯეტო საკითხების გადაწყვეტისას.დამატებითი ბერკეტები ექნება სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს, რობერტ კორკერსაც. მაკეინის მსგავსად, ისიც აქტიურად ჩაერთვება პროცესებში. ამდენად, გარკვეულ ცვლილებებს დავინახავთ და ამ ცვლილებებს სხვა პროცესებიც მოჰყვება იმ ადამიანთა მხრიდან, რომლებიც ხელმძღვანელ პოსტებზე მოვიდნენ. ამერიკის ახალი კონგრესი, სავარაუდოდ, უფრო აქტიურად იმსჯელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაზე. ბიუჯეტის სეკვესტრთან დაკავშირებით, აგრეთვე იმის შესახებ, უნდა შემცირდეს თუ არა შეიარაღებული ძალების დაფინანსება, ამერიკაში დიდი დებატები გაიმართება. მაშინაც კი, როდესაც ვაშინგტონში გაგრძელდება დებატები უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე, უფრო დიდი ყურადღება ამერიკის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს დაეთმობა.

XS
SM
MD
LG