Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით გააჯავრა მორგან ფრიმენმა კრემლი


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის, აზრით, შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული მრავალი ადამიანი „იოლად ხდება ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი“ და ასეთ ადამიანებს შორის, ისევ პესკოვის შეფასებით, სავარაუდოდ, არის ამერიკელი მსახიობი მორგან ფრიმენი.

ჰოლივუდის ვარსკვლავმა პესკოვის - და არამარტო პესკოვის - ყურადღება დაიმსახურა ვიდეომიმართვით, რომელიც ჩაწერა აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციის, „რუსეთის შესახებ გამოძიების კომიტეტის“, თხოვნით. ორწუთიან ტექსტში, რომელსაც მორგან ფრიმენი კითხულობს, ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს „ომი“ აქვს რუსეთთან და რომ აუცილებელია გამოძიებულ იქნეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის სავარაუდო ჩარევა.

„წარმოიდგინეთ ასეთი ფილმის სცენარი“, - გვთავაზობს მორგან ფრიმენი. - „კაგებეს ყოფილი ჯაშუში, გაჯავრებული თავისი სამშობლოს დაშლით, შურისძიებას გეგმავს. ის სარგებლობს ქაოსით, გზას იკვლევს პოსტსაბჭოთა რუსეთის მმართველ წრეებში და პრეზიდენტი ხდება, ამყარებს ავტორიტარულ რეჟიმს და შემდეგ მიზანში ამოიღებს თავის მოსისხლე მტერს, შეერთებულ შტატებს“.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი, 20 სექტემბერს მოსკოვიდან გამოეხმაურა ინტერნეტში წინა დღეს გავრცელებულ ვიდეოს - განაცხადა, რომ კრემლი ასეთ მიმართვას სერიოზულად არ ეკიდება. იქვე პესკოვმა შემოგვთავაზა მოსაზრება, რით შეიძლება აიხსნას ვიდეოს ჩაწერაში ამერიკელი კინოვარსკვლავის მონაწილეობა: ის შესაძლოა „ემოციური გადატვირთვის“ ან „ემოციური ეგზალტაციის“ მსხვერპლი იყოს, რადგან „არ გააჩნია რეალური ინფორმაცია რეალურ ვითარებაზე“.

საყურადღებოა, რომ კრემლს „ემოციური ეგზალტაციის“ მსხვერპლად არ მოუხსენებია სტივენ სიგალი და ჟერარ დეპარდიე, მოსკოვისადმი კეთილგანწყობილი უცხოელი ვარსკვლავები, როცა ვლადიმირ პუტინი მათ რუსეთის მოქალაქეობას ანიჭებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG