Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რომელი პარტია გვჭირდება, ანუ ვინ იქნება გლეხებისთვის“


ავტორი: ზურაბ მენაღარიშვილი

პოლიტიკურ ლიტერატურაში გასული საუკუნის ადრეული წლებიდან მოყოლებული დღემდე არ წყდება მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა არის პარტიის რეალური დანიშნულება, გამოხატოს ქვეყანაში მცხოვრები გარკვეული სოციალური ჯგუფების ინტერესები, თუ პირიქით, თავად შეასრულოს წამყვანი პოზიცია და მანვე უკარნახოს იმავე ჯგუფებს სამოქმედო მიზნები თუ ამოცანები, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ცალსახაა, რომ პარტია და საზოგადოების ნაწილი მჭიდროდ, კომპლექსურად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. აქვე ისიც უნდა დავძინოთ, რომ მაქსიმალური წარმომადგენლობისთვის მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოების ყველა ძირითად სეგმენტს შესაბამისი პარტია გააჩნდეს, რომელიც ამ ჯგუფის ინტერესებს წარმოაჩენს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა თუ ზოგადად პოლიტიკურ პროცესებში

საქსტატის 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 42.8 % ანუ 1 589.6 ათასი ადამიანი სოფლად ცხოვრობს, ხოლო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის მიერ ჩატარეული კვლევის მიხედვით, 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის 48.4 % (სასოფლო თვითდასაქმების ჩათვლით) დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. ასევე, მსოფლიო ეკონომიკური პორტალის - Trading Economics-ის მონაცემების მიხედვით, რომელიც თავის მხრივ ეროვნულ მონაცემებს ემთხვევა, 2017 წლის ბოლო კვარტლში სოფლის მეურნეობის ფინანსები მთლიან შიდა პროდუქტში 456.40 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც ნამდივლად დიდი თანხაა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ადვილი შესაფასებელია, თუ რა როლი უჭირავს სოფელს ან სოფლის მეურნეობას ქვეყნის შიდა ეკონომიკაში, სოციალურ სტრუქტურასა და შრომის საერთო დანაწილებაში, ასევე ისიც შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ ატარებს აგრარული სოციალური სტრუქტურისთვის დამახასიათებელ ელემენტებს, რაც გამოიხატება შემდგომში: მოსახლეობის დიდი რაოდენობის სოფლად ცხოვრება, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი და სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლები და მისი შეფარდება ეკონომიკის სხვა სექტორების წილთან მშპ-ში.

ზემოთ მოყვანილი მონაცემები ხაზს უსვამს სოფლის მნიშნელობას ეკონომიკისა დასოციალური მოწყობის საკითხებში, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით პოლიტიკაზე. მიუხედავად შთამბეჭდავი რიცხვებისა, სოფლის მოსახლეობის ინტერესები ნაკლებად აისახება პოლიტიკის წარმოებაზე, ამიტომაც ხშირად გავიგონებთ ხატოვან გამოთქმას „გლეხი კაცისთვის არავინ არაა“, და მართლაც ქვეყანაში არ არსებობს ძლიერი აგრარიკული პარტია, ან ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც სოფლის მოსახლეობის ინტერესებს გაითვალისწინებდა და საკუთარ პოპულიზმისგან დაცლილ საარჩევნო პროგრამას სოფლის მეურნეობას, ურბანიზაციას, სოფლად წარმოებასა და სხვა შესაბამის თემატიკას მოარგებდა. გამოდის, რომ ქვეყნის თითქმის ნახევარი ელექტორატის ხმების მოპოვება ადვილი შესაძლებელი იქნება, თუ იარსებებს ისეთი პარტია, რომელიც იქნება სოფლის განვითარებაზე ორიენტირებული.

ნიშანდობლივია ის, რომ სოფელს სჭირდება ძირეული გარდაქმნები, მაგალითისთვის მნიშვნელოვანია მიწის საკითხი, ამჟამად სოფლად მცხოვრებ შიდამეურნეობებზე, უხეში გათვლებით, მხოლოდ 1-2 ჰა მოდის, რაც წარმოებას არარენტაბელურსა და ნაკლებად შემოსავლიანს ხდის, მოგების გაზრდისათვის საჭიროა „მიწების გამონთავისუფლება“, ანუ მოსახლეობის ეკონომიკის სხვა სფეროებში დასაქმება, რაც შესაძლებელია მხოლოდ რაიონულ ცენტრებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნითა და დიდ საქალაქო ცენტრებში მომსახურეობის სფეროს განვითარებით, პლიუს სოფლად თანამედროვე ცოდნითა და ტექნოლოგიების დანერგვით, ამდენად ნათელი ხდება იმ პარტიის არსებობის აუცილებლობა, რომელიც მხარს დაუჭერს აღნიშნულ რეფორმებს, რაც საბოლოოდ სოფელს განავითარებს, გაზრდის წარმოებასა და ხელს შეუწყობს ჯანსაღ ურბანიზაციას.

საინტერესოა აგროკრედიტებისა და საპროცენტო განაკვეთების, კოოპერატივების, მუნიციპალური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენების, მიწის საიჯარო გადასახადის შემცირების, სოფლად კულტურული და სპორტული დაწესებულებების არსებობისა და სხვა პრობლემები, რომლებიც მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენენ სოფლის მოსახლეობის ცხოვრებაში, ხოლო ამ საკითხთა ლობის ფუნქცია შეუძლია შეიძინოს აგრარიკულმა პარტიამ, რომელსაც პოტენციურად მილიონზე მეტი ამომრჩეველი ეყოლება, ძირითადად სოფლის მოსახლეობა, რომელთაც ქალაქის მკვიდრთა საპირისპიროდ, განსხვავებული ინტერესები გააჩნიათ.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებაში არსებობს სოციალური ჯგუფი - სოფლის მოსახლეობა, ძველი ფეოდალური ტერმინით „გლეხები“, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული ტიპის საწარმოო მნიშვნელობის საკუთრება, აქვთ შედარებით მყარი პოლიტიკური მწამსი, თუმცა, ჯერ-ჯერობით მაინც ვერ მოხერხდა ამ მოქალაქეთა ინტერესების პოლიტიკურ გადაწყვეტილეპებში ასახვა, როგორც იტყვიან „მათი ხმები ქუჩაში ყრია და ხან რომელი პარტია იღებს, ხან რომელი“, მაგრამ აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ იგივე სოციალური ჯგუფი შესაძლოა გახდეს ახალი ძლიერი პარტიის ბაზისი, ეს კი პარტიულ სისტემაში მკვეთრად გამოყოფს ახალ გამმიჯნავ ხაზს - სოფელი/ქალაქი, რაც გაზრდის პოლიტიკურ პროცესებში სოციალური ჯგუფების წარმომადგენლობას, ასევე ახალი პარტია ხელს შეუწყობს სოფლის მოსახლეობის პოლიტიკურ სოციალიზაციას, რაც მხოლოდდამხოლოდ დადებითი მოვლენაა.

საბოლოოდ კი ადამიანებს ეყოლებათ ისეთი პარტია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ასახავს და დაიცავს სოფლად მცხოვრები მოქალაქეების ინტერესებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კი, ეს ყოველივე რეალურად პოლიტიკის კეთებაშიც გადაიზრდება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG