Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი: ვატიკანში რეფორმის მოწინააღმდეგეები „მოღალატეები“ არიან და არა წამებულები


რომის პაპი ფრანცისკე
რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპი ფრანცისკე ხუთშაბათს მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა ვატიკანის ადმინისტრაციის მაღალი ეშელონების ზოგიერთ წარმომადგენელს. მისი თქმით, ის პირები, ვინც პოსტებიდან მის რეფორმებთან დაპირისპირებისთვის მოხსნეს, არ უნდა იქცეოდნენ როგორც წამებულები - მათ უნდა აღიარონ, რომ „მოღალატეები“ არიან, - იუწყება სააგენტო „როიტერსი“.

რომის პაპი ვატიკანის ადმინისტრაციის ზოგიერთ წარმომადგენელზე

  • რომის პაპი მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა ვატიკანის ადმინისტრაციის მაღალი ეშელონების ზოგიერთ წარმომადგენელს.
  • პაპმა ილაპარაკა „ნდობის მოღალატეებზე“, რომლებსაც რეფორმების გატარება ევალებოდათ, მაგრამ ისინი „ამბიციამ და პატივმოყვარეობამ“ გარყვნა.
  • კრიტიკასთან ერთად, ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციის წევრთა უდიდესი უმრავლესობა რწმენით სავსე და კომპეტენტური პირები არიან.

თავისი პაპობის მეოთხე წელიწადს ფრანცისკემ რომის კათოლიკე ეკლესიის ცენტრალური ბიუროკრატიისადმი საშობაო მიმართვა წელს გამოიყენა საიმისოდ, რომ შეკრებილ კარდინალებთან, ეპისკოპოსებთან და სხვა განყოფილებების ხელმძღვანელებთან რეფორმების აუცილებლობაზე ესაუბრა.

„როიტერსის“ თანახმად, პაპმა თქვა, რომ ადმინისტრაციაში, რომელიც წარმოადგენს ცენტრს 1,2 მილიარდი მიმდევრის მყოლი ეკლესიისთვის და რომლის მუშაკებსაც ევალებათ პაპის გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანა, არიან პირები, რომლებიც „მცირე, დახურულ ჯგუფებს“ შეადგენენ და გარკვეულ არამართებულ გეგმებს ადგენენ. ფრანცისკემ ამას უწოდა „დაუბალანსებელი და დეგრადირებული“ მოვლენა - „კიბო, რომელიც იწვევს საკუთარ თავზე ორიენტირებას“.

2013 წელს ფრანცისკე გახდა პირველი პაპი, რომელიც წარმოშობით ლათინური ამერიკიდანაა. ის მას შემდეგ ცდილობს რეფორმის გატარებას ვატიკანის ადმინისტრაციაში საიმისოდ, რომ საეკლესიო იერარქია უფრო დაუახლოოს ეკლესიის წევრებს, განახორციელოს ფინანსური რეფორმები და ეკლესია გამოიყვანოს იმ სკანდალების ექოდან, რომლებიც მის წინამორბედ ბენედიქტეს პაპობის პერიოდს ახლდა თან.

თუმცა პაპს წინააღმდეგობა შეხვდა - ზოგიერთი დეპარტამენტი დაიხურა ან შეერთდა.

ხუთშაბათის გამოსვლაში პაპმა ილაპარაკა „ნდობის მოღალატეებზე“, რომლებსაც რეფორმების გატარება ევალებოდათ, მაგრამ ისინი „ამბიციამ და პატივმოყვარეობამ“ გარყვნა.

ხოლო, როცა მათ ხმაურის გარეშე ათავისუფლებენ პოსტებიდან, ისინი „საკუთარ თავს არამართებულად აცხადებენ სისტემისგან წამებულებად, ... ნაცვლად იმისა, რომ თქვან ‘mea culpa’ („ჩემი ბრალია“, ლათინურად)“, - განაცხადა ფრანცისკემ, თუმცა კონკრეტული პირები ან მაგალითები არ დაუსახელებია.

ივნისში პოსტიდან მოულოდნელად გადადგა ვატიკანის პირველი გენერალური აუდიტორი. მოგვიანებით მან თქვა, რომ იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა, რადგან დარღვევები აღმოაჩინა, მაგრამ ვატიკანმა მას თავის ზემდგომებზე ჯაშუშობაში დასდო ბრალი.

მიმდინარე თვეში პოსტიდან გაათავისუფლეს ვატიკანის ბანკის დირექტორის პირველი მოადგილე. მისი გათავისუფლების თანმდევი ვითარება ცნობილი არ არის.

ივლისში ვატიკანის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა. ფრანცისკემ შეცვალა კათოლიციზმის წამყვანი თეოლოგი, კონსერვატორი გერმანელი კარდინალი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა პაპის ხედვას უფრო ინკლუზიური ეკლესიის შესახებ.

საკუთარ თავს არამართებულად აცხადებენ სისტემისგან წამებულებად, ... ნაცვლად იმისა, რომ თქვან ‘mea culpa’...
რომის პაპი ფრანცისკე

კრიტიკასთან ერთად, ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციის წევრთა უდიდესი უმრავლესობა რწმენით სავსე და კომპეტენტური პირები არიან. მოგვიანებით, ვატიკანის თანამშრომლებთან და მათ ოჯახებთან შეხვედრაზე, ფრანცისკემ ბოდიში მოიხადა ეკლესიის ზოგიერთი ოფიციალური წარმომადგენლის ნაბიჯების გამო.

როგორც „როიტერსი“ იუწყება, პაპის ეს გამოსვლა რამდენიმე საათით უსწრებდა წინ კარდინალ ბერნარდ ლოს დაკრძალვას - ბოსტონის ყოფილი არქიეპისკოპოსის, რომელიც სირცხვილისა და დიდი სკანდალის ფონზე გადადგა, როცა გაირკვა, რომ ის წლების განმავლობაში მალავდა მღვდლების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას. ამის შედეგად, მისი სახელი გადაიქცა კათოლიკური ეკლესიის წიაღში სკანდალების ერთგვარ სიმბოლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG