Accessibility links

რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს, რომ პროვოცირების შემთხვევაში მიზანში ამოიღებს სირიაში აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლებს


სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, რუსეთი აცხადებს, რომ აშშ გააფრთხილა - რუსეთი სირიაში მიზანში ამოიღებს ადგილებს, სადაც აშშ-ის სპეცრაზმი და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები არიან განთავსებული, თუ ისინი რუსეთის ძალებს გაუხსნიან ცეცხლს, რაც უკვე ორჯერ მოხდა.

რუსეთს მხედველობაში ჰყავდა სირიის დემოკრატიული ძალები - ალიანსი, რომელიც ქურთთა და არაბთა შეიარაღებულ დაჯგუფებებს აერთიანებს და რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციასთან ერთად იბრძვის. რუსეთის სპეცრაზმები კი სირიის არმიას უჭერენ მხარს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან ბრძოლაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სირიის დემოკრატიულმა ძალებმა აშშ-ის სპეცრაზმთან ერთად დაიკავეს ევფრატის აღმოსავლეთ სანაპირო და ორჯერ გაუხსნეს ცეცხლი სირიის არმიას, რომელიც რუსეთის სპეცრაზმთან ერთად მუშაობდა.

ყატარში აშშ-ის ოპერატიულ ცენტრში, ალ უდეიდში, აშშ-ის სამხედროთა წარმომადგენელს „გარკვევით უთხრეს, რომ სირიის დემოკრატიული ძალების განთავსების ადგილებიდან ცეცხლის გახსნის ნებისმიერი მცდელობა სწრაფად იქნება აღკვეთილი“, - წერს გენერალ-მაიორი იგორ კონაშენკოვი გავრცელებულ განცხადებაში.

„იმ ადგილებში სასროლი ადგილები დაუყოვნებლივ იქნება გაუვნებელყოფილი ყველა სამხედრო საშუალებით“, - დასძენს ის.

აღმოსავლეთ სირიის პროვინცია დეირ ალ-ზორში „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები ორ სხვადასხვა ბრძოლას აწარმოებენ - ერთი მხრიდან მათ სირიის დემოკრატიული ძალები უტევენ, მეორე მხრიდან სირიის არმია და მისი მოკავშირეები.

სირიის არმიამ, რომელსაც რუსეთისა და სირიის ავიაცია უმაგრებს ზურგს, მიმდინარე თვეში ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე 100 კილომეტრამდე ტერიტორია დაიკავა და ოთხშაბათს პროვინციის საზღვარს, რაყას, მიაღწია, - იუწყება სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია.

ორშაბათს სირიის არმიამ მდინარის აღმოსავლეთი მხარეც გადაკვეთა. სირიის დემოკრატიული ძალები სწორედ მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე იმაგრებენ პოზიციებს.

ერთმანეთის მეტოქე ორი შეტევის ერთმანეთთან დაახლოებამ დეირ ალ-ზორში დაძაბულობა წარმოშვა. შაბათს აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა განაცხადეს, რომ მათ ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის ავიაციამ და სირიის მთავრობის ძალებმა. მოსკოვი ამ ბრალდებას უარყოფს.

სირიის დემოკრატიული ძალების ალიანსმა ორშაბათს გაავრცელა გაფრთხილება, რომ სირიის არმიამ უნდა შეწყვიტოს წინსვლა აღმოსავლეთ სანაპიროზე.

ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში კონაშენკოვმა ეჭვქვეშ დააყენა ალიანსის მიმართება „ისლამურ სახელმწიფოსთან“. მისი თქმით, რუსეთის ავიაციას ამ ორ ჯგუფს შორის არანაირი შეტაკება არ აღურიცხავს მაშინ, როცა ალიანსის ძალები დეირ ალ-ზორს მიუახლოვდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG