Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დიდი თეატრი დეკემბერში წარმოადგენს გადადებულ ბალეტ „ნურეევს“


რუდოლფ ნურიევი
რუდოლფ ნურიევი

რუსეთის დიდი თეატრი აცხადებს, რომ დეკემბერში წარმოადგენს ბალეტ „ნურეევს“ დიდი მოცეკვავის, რუდოლფ ნურეევის შესახებ, თუმცა, თეატრის განცხადებით, წარმოდგენას, სავარაუდოდ, დადგამს ახალი რეჟისორი, რომელიც შეცვლის კრემლის კრიტიკით ცნობილ კირილ სერებრენიკოვს.

ბალეტის პრემიერა ივლისში იგეგმებოდა, თუმცა პრემიერამდე ორი დღით ადრე ის პროგრამიდან მოხსნეს. თეატრის ოფიციალური პოზიციით, წარმოდგენა მზად არ იყო და მეტი დრო იყო საჭირო რეპეტიციებისთვის. თეატრი გადაჭრით უარყოფდა სხვა მოტივის არსებობას.

მაგრამ რუსეთის კულტურის სფეროს არაერთი წარმომადგენელი თუ კრიტიკოსი ფიქრობს, რომ წარმოდგენის მოხსნის მიზეზი იყო კირილ სერებრენიკოვის რისკიანი სტილი. სერებრენიკოვი თავისი ექსპერიმენტული თეატრით ხშირად დასცინის რუსეთის ისტებლიშმენტს და, ბევრის აზრით, ამჯერადაც გაჩნდა შიში, რომ წარმოდგენა გავლენიან კონსერვატორებს არ მოუვიდოდათ თვალში.

სერებრენიკოვი აგვისტოში დააკავეს და ბრალად სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა წაუყენეს. ის 19 ოქტომბრამდე შინაპატიმრობაში იმყოფება და სასამართლოს მოლოდინშია. თავად სერებრენიკოვი ბრალდებებს უარყოფს, მისი მომხრეები კულტურისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე მიუთითებენ.

„შექმნილ ვითარებაში, სავარაუდოდ, კირილ სერებრენიკოვი ვერ შეძლებს პირადად მიიღოს მონაწილეობა რეპეტიციებში. ამდენად, მთავარმა რეჟისორმა ვლადიმირ ურინმა მოიპოვა მისი თანხმობა მის გარეშე დაასრულოს წარმოდგენა და პრემიერა 9-10 დეკემბერს გამართოს“, - წერია დიდი თეატრის განცხადებაში.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, განცხადებაში მითითებულია, რომ სერებრენიკოვი თანახმაა მისი დაკავების გახანგრძლივების შემთხვევაში წარმოდგენა ქორეოგრაფმა იური პოსოხოვმა დადგას.

„როიტერსის“ კორესპონდენტის თანახმად, ურინი ამბობს, რომ წარმოდგენის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია სერებრენიკოვის რეჟისორობით და ახლა მთავარია ქორეოგრაფია რეპეტიციების გზით დაიხვეწოს.

თეატრის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს ურინის და სერებრენიკოვის შეხვედრაზე, რომელიც გამომძიებელთა მიერ იყო ნებადართული.

სერებრენიკოვი თავის წარმოდგენებში ხშირად აკრიტიკებდა საზოგადოებაზე სახელმწიფოს მზარდ კონტროლს და მართლმადიდებელი ეკლესიის მზარდ გავლენას.

მიმდინარე თვეში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უარყო ბრალდება, რომ სერებრენიკოვის დაკავების მიზეზი ცენზურა ან პოლიტიკური ზეწოლაა.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ სერებრენიკოვმა გაფლანგა სულ მცირე 68 მილიონი რუბლი - დაახლოებით, 1,18 მილიონი დოლარი. გამოძიების ვერსიით, ეს იყო სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა, რომელიც 2012 წელს სპექტაკლ „ზაფხულის ღამის სიზმრისთვის“ უნდა დახარჯულიყო.

სერებრენიკოვი, „გოგოლის ცენტრის“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და „მეშვიდე სტუდიად“ წოდებული თეატრალური კოლექტივის დამფუძნებელი, ბრალდებას „აბსურდულად“ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG