Accessibility links

რუსეთმა ტეხასში ორი საპირისპირო დემონსტრაცია მოაწყო და ორივე მხარეს  ქუჩაში შეტაკებებისკენ მოუწოდა


რიჩარდ ბერი

სენატის სადაზვერვო კომიტეტის ხელმძღვანელის, რიჩარდ ბერის, განცხადებით, 2016 წლის მაისში რუსმა ინტერნეტტროლებმა ერთსა და იმავე ადგილას და დროს მოაწყვეს საპროტესტო და მისი საწინააღმდეგო აქციები.

ეს ცნობა აჩვენებს, რამდენად შორს წასასვლელად იყო რუსეთი მზად საიმისოდ, რომ აშშ-ის მოსახლეობაში მღელვარება და დაყოფა გაეზარდა საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში.

ბერის თქმით, ამ აქციების ორგანიზება რუსეთს, დაახლოებით, 200 დოლარი დაუჯდა.

კერძოდ, 2016 წლის 21 მაისს რუსეთის ძალებმა ორგანიზება გაუწიეს როგორც ანტიისლამურ, ისე მუსლიმთა მომხრე აქციებს და საამისოდ გამოიყენეს ფეისბუკის სხვადასხვა გვერდები. სენატის სადაზვერვო კომიტეტის ინფორმაციით, ისინი მოქმედებდნენ სანკტ-პეტერბურგში განთავსებული ე.წ. „ტროლების ფაბრიკიდან“.

არც ერთ მხარეს არ ეცოდინებოდა ის, რომ რუსი ტროლები ორივე მხარეს მოუწოდებდნენ ქუჩებში შეტაკებებისკენ, რეალურ ამერიკელებს შორის გახლეჩის გამოწვევის მიზნით...
რიჩარდ ბერი

ფეისბუკის გვერდი, სახელად Heart of Texas - „ტეხასის გული“, რომლის რუსეთთან კავშირზეც პირველად გამოცემა ბიზნესინსაიდერმა დაწერა, ორგანიზებას უწევდა 12 საათზე დანიშნულ აქციას ჰიუსტონში, ისლამურ დავაჰის ცენტრთან, ლოზუნგით „შეაჩერე ტეხასის ისლამიზაცია“. სენატორ ბერის თქმით, ფეისბუკის გვერდმა ფული გადაიხადა ამ აქციის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.

პარალელურად, რუსეთთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა გვერდმა, United Muslims of America – „ამერიკის გაერთიანებული მუსლიმები“, ორგანიზება გაუწია კონტრაქციას, ლოზუნგით „გადავარჩინოთ ისლამური ცოდნა“.

როგორც გამოცემა The Daily Beast-ი სექტემბერში იუწყებოდა, „ამერიკის გაერთიანებული მუსლიმების“ გვერდს თავი მოჰქონდა რეალურ არაკომერციულ ორგანიზაციად. ბერის თქმით, რეკლამა, რომელიც ფეისბუკში ამ გვერდმა განათავსა, 2 700 მომხმარებელზე მეტმა ნახა.

ირონიული ფაქტია, რომ, როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, აქციის ორგანიზატორი ‘ტეხასის გული’ იყო, მაგრამ ადგილზე მათი არც ერთი წარმომადგენელი არ გვინახავსო...
რიჩარდ ბერი

კომიტეტმა გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, როგორ მოხდა ამ აქციების ორგანიზება ფეისბუკზე.

„არც ერთ მხარეს არ ეცოდინებოდა ის, რომ რუსი ტროლები ორივე მხარეს მოუწოდებდნენ ქუჩებში შეტაკებებისკენ, რეალურ ამერიკელებს შორის გახლეჩის გამოწვევის მიზნით“, - განაცხადა ბერმა ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ასევე ფეისბუკის, გუგლის და ტვიტერის იურისტები.

„ირონიული ფაქტია, რომ, როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, აქციის ორგანიზატორი ‘ტეხასის გული’ იყო, მაგრამ ადგილზე მათი არც ერთი წარმომადგენელი არ გვინახავსო“, - თქვა ბერმა და დასძინა: „ახლა უკვე ვიცით, რატომაც. ძნელია აქციაში მონაწილეობა მიიღო ჰიუსტონში, ტეხასში, როცა ტროლინგს რუსეთიდან, სანკტ-პეტერბურგიდან, ეწევიო“.

ბერის თქმით, ამ აქციების განხორციელება ფეისბუკმა განაპირობა. „დარწმუნებული ვარ, ჩვენი მტრები რუსეთის მოქმედებებს სწავლობენ. ... უფრო მეტი უნდა გააკეთოთ საიმისოდ, რომ ამგვარი მანიპულაციისგან დაიცვათ ამერიკელი ხალხი, თქვენი მომხმარებლებიო“, მიმართა მან ფეისბუკის წარმომადგენლებს.

ანტიისლამური აქცია არ იყო ერთადერთი, რომლის შესახებაც ინფორმაციას „ტეხასის გული“ ავრცელებდა არჩევნებამდე. ოქტომბერში ისინი „მთელი ტეხასის შტატის“ მასშტაბით დემონსტრაციის შესახებ ავრცელებდნენ ცნობებს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე ორგანიზებას უწევდნენ იმიგრანტებისა და ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგო აქციების სერიას.

ფეისბუკის გვერდ „ტეხასის გულს“ 225,000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავდა გასულ ზაფხულში. ეს სექტემბრის დასაწყისში დახურეს, რაც იყო ნაწილი ფეისბუკის კამპანიისა, დაიხუროს გვერდები და პროფილები, რომლებიც „ერთმანეთთანაა კავშირში და, სავარაუდოდ, რუსეთიდან იმართება“. ეს ცნობა თავის დროზე ბიზნესინსაიდერს ფეისბუკის პრესმდივანმა მიაწოდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG