Accessibility links

რუსეთში სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა ცნობილ რეჟისორს, კირილ სერებრენიკოვს, რომელიც „აბსურდულად“ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს მისთვის წაყენებულ ბრალდებას. სერებრენიკოვი 22 აგვისტოს დააკავეს, როგორც თაღლითობაში ეჭვმიტანილი.

მოსკოვში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ბასმანის საოლქო სასამართლოსთან, როცა იქ სერებრენიკოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ. ბევრი მხარდამჭერი შევიდა სასამართლოს შენობაშიც. კრემლის ოპონენტებს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის, სერებრენიკოვის სამართლებრივი დევნა მიაჩნიათ რუსეთის ხელისუფლების გზავნილად 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე: გაფრთხილებად, რომ უკან არ დაიხევენ ოპონენტების დევნისაგან. ასევე ფიქრობს, ცნობილი მწერალი-სატირიკოსი, პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი.

„უნდა გვესმოდეს, რა ხდება: უკვე დიდი ხანია გამოთიშეს საინფორმაციო საშუალებები, გამოთიშეს გუბერნატორები, არჩევნები, სასამართლოები. ხელისუფლება „ომონის“ მეშვეობით ელაპარაკება სამოქალაქო საზოგადოებას. ახლა საქმე კულტურის მოღვაწეებამდე მივიდა. არჩევნების წინ ეს საკითხი ძალიან მწვავედ დგას, რადგან კულტურის მოღვაწეები, რომ იტყვიან, ცნობიერებაზე ბატონობენ. მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი გამოგზავნეს: ბიჭებო, ჩუმად იყავით, მხარი დაუჭირეთ საჭირო კანდიდატს! ჩუმად იყავით ან ქვეყნიდან წადით“, - ასე ხედავს ვიქტორ შენდეროვიჩი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეატრალური მოღვაწის, კირილ სერებრენიკოვის სამართლებრივი დევნის მიზეზებს.

ასეა თუ ისე, ბასმანის საოლქო სასამართლომ 23 აგვისტოს გაიზიარა გამომძიებლების რეკომენდაცია, რომ მიზანშეწონილია რეჟისორისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, სანამ არ დასრულდება გამოძიება და სასამართლო პროცესი. მანამდე, სასამართლოს სხდომაზე სერებრენიკოვმა „აბსურდული“ უწოდა მისთვის წაყენებულ ბრალდებებს და განაცხადა, რომ სურს მუშაობის გაგრძელება და არ აპირებს არსად გაქცევას.

სერებრენიკოვი „გოგოლის ცენტრის“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია და „მეშვიდე სტუდიად“ წოდებული თეატრალური კოლექტივის დამფუძნებელი. როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 22 აგვისტოს გამოაცხადა, სერებრენიკოვი ეჭვმიტანილია 2011-2014 წლებში 68 მილიონი რუბლის (1.1 მილიონამდე ამერიკული დოლარის) გაფლანგვის ორგანიზებაში. გამოძიება, კერძოდ, ირწმუნება, რომ 2012 წელს წარმოდგენა „ზაფხულის ღამის სიზმრისათვის“ განკუთვნილი ფული გაიფლანგა და სპექტაკლი არ დადგმულა – მაშინ, როცა სპექტაკლს უკვე რამდენიმე წელია აჩვენებენ „გოგოლის ცენტრში“.

47 წლის სერებრენიკოვს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას მიაკუთვნებენ კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ცნობილ მოღვაწეებს. სერებრენიკოვს არაერთხელ გაუკრიტიკებია კულტურულ ცხოვრებაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის მატებაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG