Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა, 2013 წლის 26 თებერვალი


26 თებერვლის „იზვესტია“ რუსეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაძლო სტუმრობის შესახებ წერს. სტატიაში, რომლის სათაურია „მოსკოვში მზად არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისაღებად“, ლაპარაკია იმაზე, რომ „თეთრ სახლს“, ანუ რუსეთის მთავრობას, შეუძენია სამი ცალი საქართველოს ეროვნული დროშა. „იზვესტიის“ რედაქცია, ეყრდნობა რა ანონიმური წყაროს ინფორმაციას, წერს: „საქართველოს მთავრობის დელეგაცია რუსეთს ესტუმრება ივანიშვილის ხელმძღვანელობით, თუმცა სტუმრობის თარიღი და სხვა დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის“. ასევე უცნობია, თუ ვინ წარმოადგენს მოლაპარაკებებზე რუსეთის მთავრობას. გაზეთის მიერ მოპოვებულ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს რუსეთის ოფიციალური ხელისუფლება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, ამგვარი საკითხი დღის წესრიგშიც კი არ დგას. ამასვე ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძეც, თუმცა იგი იმასაც დასძენს, თეორიულად მოსკოვში ვიზიტის გამორიცხვა არ შეიძლება, შესაბამისად, „თეთრი სახლის“ შენაძენიც სასარგებლოაო. სტატიაში ასევე შეხვდებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების თაობაზე, რაც, ლავროვისვე სიტყვებით, არ მოხდება ოსი და აფხაზი ძმების ღალატის ფასად. რუსი პოლიტოლოგის სერგეი მარკოვის თქმით კი, ივანიშვილის მოსკოვში ჩასვლის თარიღს დიდწილად განსაზღვრავს საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება: „ივანიშვილს დიდი ხანია უნდა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, მაგრამ ვერ ახერხებს ამას, რადგანაც მისი მთავარი პრიორიტეტი სააკაშვილის „გადაგდებაა“. საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი კი ელოდება ივანიშვილის ძალისხმევას რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართულებით, რათა ატეხოს ხმაური და ამით მიიმხროს ანტირუსული ელექტორატი. ასე რომ, მოსკოვში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტუმრობის თარიღი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შედეგით დასრულდება სააკაშვილისა და ივანიშვილის ბრძოლა“.

გაზეთი „მოსკოვსი კომსომოლეცი“ კი რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების გასაჭირზე წერს. „მიეცით რუს ქართველებს ცხოვრების საშუალება“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ წერილში ავტორი დენის დვორნიკოვი ინსტიტუციური მითითებების საშუალებით ცალკეული ეთნიკური ჯგუფების, მათ შორის, ქართველთა დისკრიმინაციაზე წერს. ავტორის თქმით, დაუჯერებელია, რომ რუსეთში მხოლოდ 158 ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრობდეს, მაშინ როცა სომხებისა და აზერბაიჯანელების რაოდენობა 1 მილიონ 100 ათასი და 600 ათასია. ავტორის ვარაუდით, 2010 წლის აღწერის დროს ქართველების დიდმა ნაწილმა არ გაამჟღავნა საკუთარი ეთნიკური კუთვნილება, რადგანაც ამის არაერთი მიზეზი ჰქონდათ. კერძოდ: „ბევრ ბანკში ქართული გვარი ნიშნავს უარს კრედიტის აღებაზე. პრივატულ საუბრებში კრედიტოფიცრები არ მალავენ, რომ კომპიუტერულ პროგრამას, ქართული გვარის შეყვანის შემთხვევაში, გამოაქვს მაღალი რისკის აღმნიშვნელი ნიშანი და ამის გამო, როგორც წესი, პასუხი უარყოფითია.“ სტატიის ავტორის თქმით, სახელმწიფო და კომერციული სტრუქტურები ამგვარი მითითებებით სისტემატურად სარგებლობენ, ხან ქართველებს არ უმართლებთ, ხან სომხებსა და აზერბაიჯანელებს, ხანაც ბალტიელებს.

რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის გეგმებზე წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“, რომელიც, შავი ზღვის ფლოტის ყოფილი სარდლისა და რუსეთის სათათბიროს წევრის ადმირალ კომოედოვის განცხადებაზე დაყრდნობით, მკითხველს აუწყებს: რუსეთის საზღვაო ფლოტი ხმელთაშუა ზღვაში მუდმივ ბაზირებას აპირებს. კომოედოვის თქმით, რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ყოფნა ხმელთაშუა ზღვაში განპირობებულია გეოპოლიტიკური ინტერესებით. ჩრდილო აფრიკა გადაქცეულია შეიარაღებული კონფლიქტის ზონად, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები თავის გემებზე ახალი რაკეტსააწინააღმდეგო სისტემის განლაგებას აპირებს, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის რუსეთს“. სტატიას რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის გეგმების შესახებ „ნოვაია გაზეტა“ აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG