Accessibility links

სააკაშვილი აპირებს, გააგრძელოს ბრძოლა „ევროპული უკრაინისათვის“


სააკაშვილის მომხრეთა საპროტესტო აქცია კიევში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, „ლაჩრობად“ მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მისთვის უცხოეთში ყოფნისას ჩამოერთმია მოქალაქეობა და აცხადებს, რომ იბრძოლებს უკრაინაში დასაბრუნებლად. ამის შესახებ ის ლაპარაკობს 27 ივლისს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, რომელიც მოჰყვა ცნობას სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს და ეს მოხდა უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის მოთხოვნით. ადმინისტრაციამ უარი თქვა მიზეზის განმარტებაზე: ინფორმაცია პირადია და არ გასაჯაროვდებაო.

უკრაინის პარლამენტის წევრს, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თანაპარტიელ სერგეი ლეშჩენკოს, პოროშენკოს სავარაუდო მიზნად მიაჩნია, რომ სააკაშვილი აღარ დაბრუნდეს უკრაინაში და თავშესაფარი ითხოვოს შეერთებულ შტატებში. მაგრამ თავად სააკაშვილის თქმით, ეს „არასოდეს მოხდება“. მან 25 ივლისს ფეისბუკში დაწერა, რომ შეერთებულ შტატებში იმყოფება, ხოლო 27 ივლისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პირობა დადო, რომ დაბრუნდება უკრაინაში. იქვე სააკაშვილმა „ლაჩრობა“ უწოდა პრეზიდენტ პოროშენკოს გადაწყვეტილებას, მისთვის უცხოეთში ყოფნისას ჩამოერთმია მოქალაქეობა. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ორგანიზაცია „ახალ ძალთა მოძრაობამ“ გამოაცხადა, რომ აპირებს შემოდგომაზე უკრაინაში ანტისამთავრობო აქციების გამართვასო, ამბობს სააკაშვილი. წელს თებერვალში სწორედ მან შექმნა „ახალ ძალთა მოძრაობა“.

„მაქვს ერთადერთი მოქალაქეობა - უკრაინის - და მას ვერავინ წამართმევს. ახლა უნდათ მაიძულონ, რომ ლტოლვილის სტატუსის მიღებას შევეცადო. ეს არ მოხდება! არსად წასვლას და სტატუსის თხოვნას არ ვაპირებ. მოვითხოვ ჩემს კანონიერ უფლებას, დავბრუნდე უკრაინაში და მე დავბრუნდები უკრაინაში“, - ამბობს სააკაშვილი 27 ივლისის ვიდეომიმართვაში.

პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი
პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი 2015 წელს დანიშნა ოდესის ოლქის გუბერნატორად, რისთვისაც საჭირო იყო უკრაინის მოქალაქეობის მიღება. ამის გამო სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. შარშან ნოემბერში ის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და კიევი დაადანაშაულა ანტიკორუფციული ძალისხმევისათვის ხელის შეშლაში.

სააკაშვილმა მწვავედ გააკრიტიკა პოროშენკო
please wait

No media source currently available

0:00 0:03:07 0:00

კიევის მიმართ კრიტიკა ბევრჯერ ისმის 27 ივლისის ვიდეომიმართვაშიც. „თავს მივიჩნევ რიგით უკრაინელად. დღეს ცდილობენ მომეპყრან ისევე, როგორც პროკურორები და ბიუროკრატები ეპყრობიან დანარჩენ უკრაინელებს: ფეხით თელავენ მათ უფლებებსო“, - ამბობს სააკაშვილი და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრალად სდებს, რომ - როგორც მისი წინამორბედი, ვიქტორ იანუკოვიჩი - უკან არაფერზე იხევს, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

„უკრაინის მოქალაქეობა მივიღე, რათა ვიბრძოლო რეფორმებისათვის, რათა ვიბრძოლო უკრაინის წარმატებული მომავლისათვის, რომელზეც დამოკიდებულია ჩემი მშობლიური საქართველოს მომავალიც. ჩემთვის მოქალაქეობა ლიტონი სიტყვა არ არის. ყოველი დღე, სანამ უკრაინის მოქალაქის პასპორტი მქონდა, თავდადებული ვმუშაობდი უკრაინის გამარჯვებისათვის და იმისათვის, რომ ის ნამდვილი ევროპული ქვეყანა გახდეს. ჩემი გული უკრაინას ეკუთვნის“, - ეს იყო კიდევ ერთი ნაწყვეტი სააკაშვილის ვიდეომიმართვიდან, რომელიც მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამოთრმევის შემდეგ გავრცელდა.

უკრაინელი პარლამენტარი სერგეი ლეშჩენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ სააკაშვილი, თუ უკრაინაში ჩავა, შესაძლოა საქართველოს გადაეცეს მისთვის წაყენებული ბრალდებების გამო.

უკრაინის მედია იუწყება, რომ საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელი ოფიციალური პირების განცხადებით, სააკაშვილს მოქალაქეობა იმისთვის ჩამოართვეს, რომ 2015 წელს მან არასწორი ინფორმაცია ჩაწერა განაცხადში, რომლითაც უკრაინის მოქალაქეობას ითხოვდა. კერძოდ, სააკაშვილს, ამავე წყაროს თანახმად, არ გაუმხელია, რომ მის წინააღმდეგ საქართველოში აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG