Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო დათანხმდა „გაზპრომის“ წინადადებას ტრანზიტისთვის ფულის გადახდის შესახებ


ფოტო: ©Shutterstock
ფოტო: ©Shutterstock

საქართველო დათანხმდა კომპანია „გაზპრომის“ მოთხოვნას რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით. თუ რუსეთის კომპანია აქამდე ნედლეულით ფარავდა ტრანზიტის საფასურს, ახლა ის საქართველოს ფულს გადაუხდის. „გაზპრომ ექსპორტის“ საბოლოო წინადადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, მიიღეს გადაწყვეტილება ახალი პირობების შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებაზე.

„ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად“ - განაცხადა კახა კალაძემ თბილისში გამართულ ბრიფინგზე.

შემცირებულ ფასად მან დაასახელა 185 დოლარი 215 დოლარის ნაცვლად. კალაძის განმარტებით, ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ საქართველო და „გაზპრომი“ მთლიანად ფულად ანგარიშსწორებაზე გადავლენ. კალაძე 10 იანვარს მინსკში შეხვდა „გაზპრომ-ექსპორტის“ ხელმძღვანელებს.

XS
SM
MD
LG