Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის სასამართლომ სამუდამო პატიმრობის კიდევ ერთი განაჩენი გამოუტანა მუსლიმთა საძმოს ლიდერს


„მუსლიმთა საძმოს“ ლიდერი მოჰამად ბადიე. 2012 წლის 8 დეკემბერი
„მუსლიმთა საძმოს“ ლიდერი მოჰამად ბადიე. 2012 წლის 8 დეკემბერი

ეგვიპტის სასამართლომ ხუთშაბათს სამუდამო პატიმრობის კიდევ ერთი განაჩენი გამოუტანა „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერს, მოჰამად ბადიეს. ეს არის მორიგი ნაბიჯი ისლამისტების შევიწროების პროცესში მას შემდეგ, რაც არმიამ დაამხო პრეზიდენტ მოჰამედ მურსის ხელისუფლება.

განაჩენი უკავშირდება 2013 წელს მომხდარ ძალადობას მას შემდეგ, რაც არმიამ დაამხო მურსი, მის წინააღმდეგ გამართული მასობრივი დემონსტრაციების ფონზე. მაშინ არმიას ხელმძღვანელობდა გენერალი აბდელ ფატა ალ-სისი, რომელიც მომდევნო წელს პრეზიდენტად აირჩიეს.

მურსის ჩამოგდების შემდეგ ხელისუფლებამ აკრძალა „მუსლიმთა საძმო“ და დააპატიმრა მათი ათასობით მხარდამჭერი. ამასთან, მთავრობამ დაშალა „თავისუფლებისა და სამართლის პარტია“, რომელსაც სათავეში მურსი ედგა. მას შემდეგ სასამართლოებში ხშირ პრაქტიკად რჩება სასიკვდილო და სამუდამო განაჩენების გამოტანა - უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მიმდინარე ზეწოლა უპრეცედენტოა.

ამავე საქმის ფარგლებში ხუთშაბათს კიდევ თხუთმეტ პირს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, 77-ს კი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის შრომით კოლონიაში. გასამართლებულთაგან მხოლოდ 38 ესწრებოდა პროცესს, დანარჩენებს განაჩენები დაუსწრებლად გამოუტანეს.

განაჩენების გასაჩივრება 60 დღის ფარგლებშია შესაძლებელი უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოში.

განსასჯელებს ბრალად წაყენებული ჰქონდათ ტერორიზმის გაღვივება, აკრძალული ჯგუფის ხელმძღვანელობა, მთავრობის ქონების განადგურება - სხვა დანაშაულებთან ერთად, რომლებიც უკავშირდება 2013 წლის აგვისტოში სამხრეთ ეგვიპტეში, ბენი სუეფში, მომხდარ ძალადობას.

2013 წელს, ძალადობის დღეს, უშიშროების ძალებმა დაშალეს ორი ისლამისტური მჯდომარე აქცია კაიროში და დახოცეს მურსის ასობით მხარდამჭერი.

ხუთშაბათს გასამართლებული ჯგუფი მოიცავდა ყოფილ პარლამენტარებს და „თავისუფლებისა და სამართლის პარტიის“ ყოფილ წევრებს.

ბადიეს სამუდამო პატიმრობის პირველი განაჩენი 2014 წელს გამოუტანეს - მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს მკვლელობაში და იმავე ხანებში მომხდარი არეულობის დროს ძალადობის გაღვივებაში.

მასალა მომზადებულია სააგენტო „როიტერსის“ მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG