Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და რუსეთის ზეგავლენა საერთაშორისო სტრუქტურებში


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა რუს დეპუტატებთან ერთად სირიაში ჩასვლის გამო, თუმცა ასამბლეის პოლიტიკური ჯგუფებისა და დეპუტატების უმრავლესობა ბოდიშს არასაკმარისად მიიჩნევს. ისინი პედრო აგრამუნტს პოსტის დატოვებისკენ მოუწოდებენ და 25 აპრილს სადისკუსიო პალატაში, დახურულ კარს მიღმა, საგანგებო მოსმენაც შედგა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სირიაში ვიზიტი აღიქმება მხარდაჭერად პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რუსეთის მიერ წახალისებული რეჟიმისა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა მშვიდობიანი სირიელების დახოცვაში ადანაშაულებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აგრამუნტთან დაკავშირებულმა სკანდალმა კიდევ ერთხელ გამოავლინა პუტინის რუსეთის ძლიერი პოლიტიკური ზეგავლენა საერთაშორისო სტრუქტურებში, რაც აფერხებს პროცესების სამართლიან განვითარებას, მათ შორის - საქართველოს ინტერესების თვალსაზრისით.

პედრო აგრამუნტის მიერ შეცდომების აღიარება და სინანული ხელოვნური და არადამაჯერებელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატთა უმრავლესობისთვის და ეს 25 აპრილს გამართულ საგანგებო მოსმენაზეც გამოჩნდა. ისევე, როგორც 24 აპრილს, საგაზაფხულო სესიის სხდომაზე, 25 აპრილის შეხვედრის ფარგლებშიც, გავრცელებული ინფორმაციით, ძალიან ბევრმა დეპუტატმა მოითხოვა ასამბლეის პრეზიდენტის, პედრო აგრამუნტის, გადადგომა, როგორც ლოგიკური შედეგი ევროსაბჭოს ავტორიტეტის შელახვის კვალდაკვალ. თუმცა იმის გამო, რომ იმპიჩმენტის პროცედურა ხელმიუწვდომელია, გადადგომა-არგადადგომის საკითხი თავად პედრო აგრამუნტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და ის ამას ჯერჯერობით არ აპირებს. წინასწარი ინფორმაციით, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ის პარასკევს, 28 აპრილს, გააკეთებს.

პედრო აგრამუნტი
პედრო აგრამუნტი

სამშაბათს სტრასბურგში, დახურულ კარს მიღმა გამართული საგანგებო მოსმენის ფარგლებში, პედრო აგრამუნტი კიდევ ერთხელ შეეცადა დაერწმუნებინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები, რომ გააზრებული აქვს თავისი შეცდომა და 20 მარტს ის სირიაში არ უნდა ჩასულიყო. თუმცა იქვე აგრამუნტი განმარტავდა, რომ სირიაში ის ჩასული იყო არა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, არამედ ესპანელი სენატორის რანგში და ეს ერთი და იგივე არ არის.

თუმცა აგრამუნტის თავის მართლებას საფუძველს აცლის რუსულენოვანი მედიის არქივში მოპოვებული ინფორმაცია. მარტის ბოლოს, როცა რუსეთის ტელეარხები რუსი დეპუტატებისა და ევროპელი დეპუტატების სირიაში ვიზიტს აშუქებდნენ, ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ გაერთიანებულ დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პედრო აგრამუნტი, ხელმძღვანელობდა. ამ ფაქტზე ამაყად ლაპარაკობდა, რუსეთის დუმის საერეთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ სლუცკი, რომელიც იმ დროს თავადაც სირიაში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან, რაც ყირიმის ანექსიის გამო ხმის უფლება შეუჩერეს, რუსეთი პრაქტიკულად გამოეთიშა ევროსაბჭოს მუშაობას, სლუცკის თქმით, მოსკოვის პოლიტიკა მაინც იმარჯვებს:

„რუსეთი არ წასულა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან და ამის საუკეთესო დასტურია ის ფაქტი, რომ დღეს სირიაში ჩვენთან ერთად იმყოფება საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე... ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ალბათ, ნელ-ნელა მკვიდრდება საღი აზრი რუსეთთან მიმართებით, ევროპაში რუსეთის როლთან მიმართებით და აქ, სირიაში, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში რუსეთის როლთან მიმართებით. სწორედ ამიტომ არიან ჩვენი კოლეგები აქ“.

ზოგადად ის, რომ რუსულ პოლიტიკას, პუტინის პოლიტიკას ჰქონდა უზარმაზარი გავლენა ევროპის ცალკეული ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებზე და პოლიტიკურ მიმდინარეობებზე, ამაში ახალი არაფერი არ იყო...
ხათუნა ლაგაზიძე

პედრო აგრამუნტის სირიაში ჩასვლის ფაქტს გმობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც. უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ გაიხსენა დრო, როცა ის პედრო აგრამუნტის საქმიანობით უკმაყოფილო უმცირესობას წარმოადგენდა:

„ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ ვიყავი ერთადერთი ადამიანი, ვინც გააპროტესტა აგრამუნტის არჩევა ასამბლეის პრეზიდენტად და მაშინ ძალიან ბევრი აბსოლუტურად უსამართლო კრიტიკა დავიმსახურე და დღეს აღმოჩნდა, რომ ჩემი წელიწად-ნახევრის წინ გამოთქმული შეშფოთება ნამდვილად იყო საფუძვლიანი და ამ პრობლემას დღეს შეეჯახა მთლიანად ასამბლეა“.

პედრო აგრამუნტის მისამართით უკმაყოფილებას „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებიც გამოხატავდნენ ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ის 2016 წლის იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებდა. მათ უკმაყოფილებას იწვევდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პოლიტიკური ძალის, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ჯგუფის ლიდერის, პედრო აგრამუნტის, კრიტიკული გამოსვლები და ანგარიშები. ერთ-ერთი ასეთი ანგარიში საფუძვლად დაედო, მაგალითად, 2015 წლის 1 ოქტომბერს დამტკიცებულ რეზოლუციას „წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე ქვეყნებში

ისევე როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებისთვის, ანალიტიკოსებისთვისაც ნათელია, რომ პედრო აგრამუნტმა სირიაში ვიზიტით ასადის რეჟიმისა და, შესაბამისად, სირიის საკითხში დასავლეთთან დაპირისპირებული რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი. ასე ფიქრობს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძეც. მას არაფერი გაუკვირდა, თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ანალიტიკოსი აგრამუნტის სკანდალს პუტინის რუსეთის ზეგავლენის საგანგაშო გამოვლინებად ასახელებს:

„ზოგადად ის, რომ რუსულ პოლიტიკას, პუტინის პოლიტიკას ჰქონდა უზარმაზარი გავლენა ევროპის ცალკეული ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებზე და პოლიტიკურ მიმდინარეობებზე, ამაში ახალი არაფერი არ იყო. უბრალოდ, ჩვენ ვნახეთ ახლა რამდენად ღრმად ყოფილა ფესვგამდგარი პუტინის გავლენები ისეთ უმაღლეს სტრუქტურებში, რომლებსაც ამ შემთხვევაში აგრამუნტი ხელმძღვანელობს... ამაში ყველა ხერხია ჩართული - არ გამორიცხოთ კომპრომატები, აქ შეიძლება არ იყოს საუბარი მარტო მოსყიდვაზე“.

ხათუნა ლაგაზიძე დარწმუნებულია, რომ პუტინის რუსეთის ზეგავლენა ძლიერ ბარიერებს ქმნის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ჭრილში - იქნება ეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი თუ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები. თუმცა, ანალიტიკოსის თქმით, საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს და ქვეყანამ საკუთარი მიზნების ლობირებისთვის სწორედ ისეთ პარტნიორებთან უნდა გაააქტიუროს მუშაობა, რომლებსაც კარგად აქვთ გააზრებული პუტინის რუსეთისგან მომავალი საფრთხეები.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG