Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასაკლაოები კახეთში


სასაკლაოები კახეთში კანონს არც თუ იშვიათად არღვევენ. ცოტა ხნის წინ დალუქულმა ობიექტებმა 1000-1000-ლარიანი ჯარიმები გადაიხადეს, პრობლემები მოაგვარეს და მუშაობა განაახლეს, თუმცა ირკვევა, რომ მეწარმეები ერთი და იმავე დარღვევის გამო წინა წლებშიც დაუჯარიმებიათ. არადა, მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ სასაკლაოზე დამუშავებული ხორცი, რომელიც შემდეგ სპეციალიზებულ მაღაზიებში იყიდება, უვნებელია.

სასაკლაოები კახეთში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:43 0:00
გადმოწერა

სასაკლაოები კახეთში

  • ხორცი სპეციალიზებულ მაღაზიაში სასაკლაოში დამუშავების შემდეგ ხვდება და ხორცის ვარგისიანობა შესაბამისი ბეჭდით არის დამოწმებული.
  • სასაკლაოში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოტა ხნის წინ კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა.
  • კახეთში ბოლო დროს დაჯარიმებულმა 4-მა სასაკლაომ მუშაობა უკვე განაახლა.
  • ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მომხმარებლებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენისა და ვირის ხორცს სთავაზობდნენ.

„საქონელი მიჰყავთ სასაკლაოზე, იქ კლავენ, ხორცს ბეჭდით ამოწმებენ და შემდეგ უკვე მაღაზიაში შემოწმებული ხორცი მოაქვთ და ასე ყიდიან“, - რესპონდენტი, რომელიც ამას ამბობს, ლაგოდეხში ჩავწერეთ. მისი განცხადებით, ხორცს სპეციალიზებულ მაღაზიაში ყიდულობს, სადაც პროდუქტი სასაკლაოში დამუშავების შემდეგ ხვდება და ხორცის ვარგისიანობა შესაბამისი ბეჭდით არის დამოწმებული.თუმცა ამ ქალმა არ იცის, რომ სასაკლაოში, სადაც ეს ხორცი დამუშავდა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოტა ხნის წინ კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა. სააგენტოს წარმომადგენელი კახეთში ნანა ახალმოსულიშვილი ამბობს, რომ სასაკლაოებს უწყება გეგმიურად - კვარტალში ერთხელ - ამოწმებს, თუმცა, შესაძლებელია, საჩივრის საფუძველზე არაგეგმიური შემოწმებაც მოხდეს. ნანა ახალმოსულიშვილის თქმით, სასაკლაოებში, რომლებიც მათ კახეთში ბოლო ხანებში დააჯარიმეს და დახურეს, შემდეგი დარღვევები გამოვლინდა:

„პირველი - ეს იყო ხორცის გადამუშავების დროს ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, ასევე აღჭურვილობებს, მოწყობილობებს და სამუშაო იარაღებს არ უტარდებოდა დეზინფექცია და მესამე - ეს იყო არაკეთილსანიტარული მდგომარეობა. კრიტიკულ შეუსაბამობებზე როდესაც არის ლაპარაკი, იგულისხმება, რომ სურსათის დაბინძურების რისკია“.

კრიტიკული შეუსაბამობები იყო აღმოჩენილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე სასაკლაოშიც, თუმცა, როგორც სასაკლაოს ხელმძღვანელი თემურ სულაშვილი ამბობს, პრობლემა უკვე მოგვარდა და სასაკლაომ მუშაობა განაახლა:

წელს კახეთის სასაკლაოებში დარღვევის პირველი შემთხვევა იყო, მაგრამ წინა წლებშიც გვქონდა დაჯარიმების შემთხვევები. ერთი და იგივე დარღვევები ხშირად მეორდება...
ნანა ახალმოსულიშვილი

„ნახეს, რომ ერთ კარში არ იყო დეზობარიერი, მომსახურე პერსონალს კი მხოლოდ წინსაფრები ეკეთა, ხოლო ფორმა არ ჰქონდათ. ჩვენ სასწრაფოდ შევიძინეთ ფორმები და მოვაწყვეთ დეზობარიერი. მოვიდნენ, სისუფთავე შეამოწმეს და სასაკლაომ მუშაობა უკვე განაახლა“.

მართალია, კახეთში ბოლო დროს დაჯარიმებულმა 4-მა სასაკლაომ მუშაობა უკვე განაახლა, მაგრამ ირკვევა, რომ ამ ობიექტებში სხვადასხვა სახის დარღვევები წინა შემოწმების დროსაც გამოვლენილა. კახეთში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელ ნანა ახალმოსულიშვილის თქმით:

„წელს კახეთის სასაკლაოებში დარღვევის პირველი შემთხვევა იყო, მაგრამ წინა წლებშიც გვქონდა დაჯარიმების შემთხვევები. ერთი და იგივე დარღვევები ხშირად მეორდება. მეწარმის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, რამდენად ცდილობს დაემორჩილოს კანონს“.

მე ყოველთვის მაღაზიაში ვყიდულობ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ შემოწმებულია შესაბამისი სამსახურების მიერ და ბეჭდითაც არის დამოწმებული.

კრიტიკული შეუსაბამობების აღმოჩენის გამო, კახეთში აგრარული ბაზრებიც ხშირად ჯარიმდებიან. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გურჯაანში მოხდა, როცა

აგრარულ ბაზარში ყველის, თევზისა და ხორცის რეალიზატორების შემოწმების დროს დარღვევები იპოვეს. ჩვენ გურჯაანში ქუჩებში გამვლელებს ვკითხეთ, რა პირობებში ყიდულობენ ხორცპროდუქტებს და ენდობიან თუ არა პროდუქტის რეალიზატორებს.

„დღევანდელ პერიოდში შემოწმებული ხორციც არ არის სანდო, რადგან გასაყიდად გზებზეა გამოტანილი ხორცი, სადაც ათასი მტვერი და სიბინძურეა. მე მიმაჩნია, რომ ხორცი და ხორცპროდუქტები უნდა იყიდებოდეს მხოლოდ დახურულ სივრცეში“.

„მე შეუმოწმებელს საერთოდ არაფერს ვყიდულობ“.

„გარეთ გამოტანილი ხორცის ყიდვა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად“.

„მე ყოველთვის მაღაზიაში ვყიდულობ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ შემოწმებულია შესაბამისი სამსახურების მიერ და ბეჭდითაც არის დამოწმებული“.

სასაკლაოების გარდა, არასახარბიელო მდგომარეობაა სასურსათო ბაზარზეც. ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მომხმარებლებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენისა და ვირის ხორცს სთავაზობდნენ. სეს-ის ინფორმაციით, ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუშიდან, რომელიც ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან იქნა აღებული, შვიდ ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო ორ ნიმუშში - როგორც ცხენის, ასევე ვირის ხორცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG