Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა


სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს, სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „18 აპრილს, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის საზეიმო ცერემონიაში. 19 აპრილს, სოხუმში, სერგეი ლავროვსა და აფხაზეთის პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა მარია ზახაროვამ. მისი თქმით, მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები ორმხრივი ურთიერთობების ძირითად საკითხებს განიხილავენ, ასევე აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისა და რუსეთ-აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ურთიერთქმედების კოორდინაციის საკითხს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების „უხეშ დარღვევად“ აფასებს. როგორც „ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ეს ფაქტი წარმოადგენს მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG