Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ბიუჯეტის გეგმას კრიტიკა მოჰყვა


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, წინადადებას, რომ ბიუჯეტში დაახლოებით მესამედით შემცირდეს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგარეო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა, კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-ში, ისე საერთაშორისო დონეზე.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გაფრთხილებით გამოვიდა დაფინანსების რადიკალური შემცირების წინააღმდეგ, რამაც, მისი თქმით, შესაძლოა ძირი გამოუთხაროს რეფორმების თაობაზე გაეროს გრძელვადიან გეგმებს. ტრამპი აპირებს სამშვიდობო ოპერაციებზე აშშ-ის დაფინანსება 28 პროცენტიდან, ანუ 7,9 მილიარდი დოლარიდან, 25 პროცენტამდე შეამციროს. გაეროში საფრანგეთის ელჩმა ფრანსუა დელატრმა განაცხადა, მსოფლიოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ძლიერი გაერო და ამერიკა, რომელიც მსოფლიოს მოვლენებში ჩართულიაო. ამერიკის უკანდახევა და ცალმხრივობა - ამის აღქმაც კი - ქმნის გლობალური დესტაბილიზაციის გაღრმავების საფრთხესო, განაცხადა მან.

ნიკი ჰეილი
ნიკი ჰეილი

მაგრამ გაეროში აშშ-ის ელჩ ნიკი ჰეილის განცხადებით, „გაერო იმაზე მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე უნდა ხარჯავდეს, და ბევრ შემთხვევაში აშშ-ს სხვა ქვეყნებზე გაცილებით დიდ ფინანსურ ტვირთს აკისრებს“. სამშვიდობო ოპერაციების გარდა, აშშ აფინანსებს, დაახლოებით, მეოთხედს გაეროს მთელ ბიუჯეტში, ისევე როგორც მის სააგენტოებში - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში. სამშვიდობო ოპერაციების დაფინანსების სიდიდის თვალსაზრისით, აშშ-ის შემდეგ მოდიან ჩინეთი და იაპონია, 10-10 პროცენტით, მათ მოჰყვებიან გერმანია და საფრანგეთი, 6-6 პროცენტით.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 16 მარტს წარმოადგინა სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საგარეო დახმარების, სახელმწიფო დეპარტამენტის, გარემოს დაცვისა და ზოგი სხვა პროგრამის დაფინანსების მკვეთრად შემცირებას. სამაგიეროდ, იზრდება სამხედრო ხარჯები.

სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით, თავდაცვისთვის განკუთვნილი ხარჯები 10 %-ით უნდა გაიზარდოს და გაიზრდება საშინაო უსაფრთხოების დაფინანსებაც, მაგალითად, მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის ასაშენებლად. დაფინანსების შემცირება კი, უწინარეს ყოვლისა, სახელმწიფო დეპარტამენტსა და გარემოს დაცვის სააგენტოს შეეხება: ისინი 28 %-ითა და 31 %-ით ნაკლებ ფულს მიიღებენ.

ეს ფედერალური მთავრობის დეკონსტრუქციის ბიუჯეტია. ისინი დეკონსტრუქციის პოლიტიკას ატარებენ. ეს უთქვამთ კიდეც, ამას არც მალავენ. უბრალოდ, მოუსმინეთ, რას ამბობენ. ძალიან მკაფიოა ეს. მათ დეკონსტრუქცია სურთ...
ნენსი პელოსი

ბიუჯეტის გეგმას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა საკუთრივ აშშ-შიც. წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობის ლიდერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ 16 მარტს ვაშინგტონში გამოსვლისას ის ასე შეაფასა: "ეს ფედერალური მთავრობის დეკონსტრუქციის ბიუჯეტია. ისინი დეკონსტრუქციის პოლიტიკას ატარებენ. ეს უთქვამთ კიდეც, ამას არც მალავენ. უბრალოდ, მოუსმინეთ, რას ამბობენ. ძალიან მკაფიოა ეს. მათ დეკონსტრუქცია სურთ. ამ შემთხვევაში, დააკვირდით რა ნაბიჯებს დგამენ ინფრასტრუქტურასთან მიმართებით“.

თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა პოლ რაიანმა დადებითი შეფასება გამოთქვა: „მამხნევებს ის აზრი, რომ დავიწყებთ ჩვენი სამხედრო სტრუქტურების ხელახლა აშენებას. არმიის დასუსტება ყველასთვის შემაშფოთებელია. და გვწამს, რომ ამას გამოვასწორებთ“.

ბიუჯეტის გეგმა სულ 3,8 ტრილიონ დოლარს მოიცავს და მის სახელწოდებად შერჩეულია „ამერიკა, უპირველეს ყოვლისა: ბიუჯეტის გეგმა ამერიკისათვის დიდების დასაბრუნებლად“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG