Accessibility links

სირია აცხადებს, რომ დაამარცხა „ისლამური სახელმწიფო“


ქალაქი დაირ ალ-ზაური

სირიის არმია აცხადებს, რომ დაამარცხა ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“, რადგან დაიკავა ბოლო ქალაქი, სადაც ჯიჰადისტები იყვნენ გამაგრებულნი. სირიის პოზიციით, ეს ნიშნავს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ პროექტი რეგიონში ჩავარდა.

თუმცა არმია აცხადებს, რომ მისი სამხედროები, მოკავშირეებთან ერთად, განაგრძობენ ექსტრემისტებთან ბრძოლას უდაბნო ადგილებში, ალბუ კამალის სიახლოვეს. ეს ქალაქი ერაყის საზღვართან ახლოს მდებარეობს და ექსტრემისტთა ბოლო ბასტიონი იყო სირიაში.

ქალაქი რაყა
ქალაქი რაყა

თუმცა არმიის მიერ ქალაქის დაკავებით დასრულდა პერიოდი, როცა „ისლამური სახელმწიფო“ ტერიტორიულ მმართველობას ახორციელებდა 2014 წელს გამოცხადებული ე.წ. „სახალიფოს“ ფარგლებში, ერაყისა და სირიის ტერიტორიებზე. ამ პერიოდში მილიონობით ადამიანი იქცა ექსტრემისტთა ფუნდამენტალისტური, რეპრესიული მმართველობის მსხვერპლად.

თუმცა მიმდინარე წელს, მასშტაბური თავდაცვითი ბრძოლების შედეგად, ექსტრემისტთა სტრუქტურების კოლაფსი სწრაფად დადგა.

ერაყისა და სირიის საზღვრებთან, სოფლებსა და ქალაქებში მიმდინარე ბრძოლების შედეგად, ექსტრემისტთა ნაწილი გაიქცა, ნაწილი არმიას ჩაბარდა.„როიტერსი“ ავრცელებს სირიის მთავრობის მომხრე სამხედრო ალიანსის მეთაურის შეფასებას, რომ ალბუ კამალში ჯიჰადისტებმა მძლავრი წინააღმდეგობა გასწიეს, თუმცა ქალაქი არმიამ შეტევის დაწყების დღესვე დაიკავა.

არმიის განცხადებაში წერია, რომ ამით დასრულდა „დაეშის ტერორისტული ორგანიზაციის დაცემა რეგიონში“. განცხადებაში „ისლამური სახელმწიფო“ არაბული ტერმინით არის მოხსენიებული. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ეწიათ ექსტრემისტების მეთაურებს - ისინი ბრძოლაში დაიხოცნენ, დააპატიმრეს თუ თავი სამალავებს შეაფარეს, რომ ახალი ამბოხება დაგეგმონ.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის - თვითგამოცხადებული ხალიფისა და ისლამის ისტორიული ლიდერის შთამომავლის - ბოლო აუდიოჩანაწერი სექტემბერში გავრცელდა.

ერაყის ქალაქი მოსული ქვეყნის არმიამ ივლისში დაიკავა, ცხრათვიანი ბრძოლის შემდეგ. სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბასტიონი და დედაქალაქად მიჩნეული რაყა ოთხთვიანი ბრძოლის შემდეგ ოქტომბერში დაიკავეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა - აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედმა ალიანსმა, რომელიც ქურთ და არაბ დაჯგუფებებს აერთიანებს.

ქალაქი დაირ ალ-ზაური
ქალაქი დაირ ალ-ზაური

მაგრამ ყველა ძალა, ვინც „ისლამურ სახელმწიფოს“ სირიასა და ერაყში ებრძოდა, ახლა პარტიზანული ომის ახალი ფაზის მოლოდინშია. ექსტრემისტებმა უკვე აჩვენეს, რომ ეს ტაქტიკა ხელეწიფებათ, ორივე ქვეყანაში წარმოებული შეიარაღებული ოპერაციებით.

უსაფრთხოების საკითხებში დასავლეთის ხელმძღვანელებიც ადასტურებენ, რომ ტერიტორიის დაკარგვა არ ნიშნავს თავდასხმების დასრულებას. თავდასხმები სხვადასხვა ფორმით ხორციელდება - ცეცხლსასროლი იარაღით, დანებითა თუ სატვირთო მანქანებით, რომლებსაც ექსტრემისტების მხარდამჭერები ხალხს შეაჯახებენ ხოლმე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG