Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედვარდ სნოუდენის მამას პუტინის იმედი აქვს


ლონ სნოუდენი
ლონ სნოუდენი
აშშ-ის სადაზვერვო უწყების ყოფილი კონტრაქტორის ედვარდ სნოუდენის მამას სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ვერ შეარყევს აშშ-ის ზეწოლა და არ დაუშვებს ედვარდ სნოუდენის ექსტრადიციას. ლონ სნოუდენმა ოთხშაბათს საინფორმაციო სააგენტო “როიტერსთან” ისაუბრა თავისი შვილის რთულ მდგომარეობაზე, რომელშიც ის მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ის საინტერნეტო და სატელეფონო თვალთვალის მასშტაბური პროგრამის შესახებ.

ედვარდ სნოუდენის მამის, ლონ სნოუდენის აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილება, არ გამართოს პუტინთან პირისპირ შეხვედრა პეტერბურგში, ეკონომიკურ სამიტში მონაწილეობისას, გარკვეულწილად ედვარდ სნოუდენისთვის რუსეთში თავშესაფრის მიცემას უკავშირდება.
“ეს თამაშები, რომ “ამ შეხვედრაზე არ წავალ”, ან “იმ შეხვედრაზე არ წავალ”, ან “ამას არ გავაკეთებ”... არ მჯერა, რომ პრეზიდენტი პუტინი ამას დაჰყვეს. ეს არ მოხდება. რა მოხდება მომავალში პოლიტიკური თვალსაზრისით, მე ეს არ ვიცი”, განაცხადა ლონ სნოუდენმა, რომელიც აკრიტიკებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედებას ედვარდ სნოუდენის საქმესთან მიმართებით.
“ვფიქრობ, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის თვალსაზრისით, ჩვენ ბევრი უთანხმოება გვქონდა საგარეო პოლიტიკასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ედვარდ სნოუდენამდე არსებობდა. რასაკვირველია, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოეკიდა სნოუდენის საქმეს, ამან კიდევ უფრო გაამწვავა გარკვეული საკითხები რუსეთთან ურთიერთობაში. მაგრამ შეცდომა იქნება დავასკვნათ, რომ ედვარდ სნოუდენს, ან, როგორც პრეზიდენტი იტყოდა, “29 წლის ჰაკერს”, ასეთი დიდი გავლენის მოხდენა შეეძლო რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე”.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა... ის ფაქტი, რომ მან საშუალება მისცა ჩემს შვილს თავშესაფარი ჰქონოდა რუსეთში… ამისთვის მე ძალიან მადლობელი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ არიან მსოფლიოში ადამიანები, ვინც მას ტაშს უკრავს, მათ შორის, ამერიკელებიც...
“როიტერსთან” ინტერვიუში ლონ სნოუდენმა პატივისცემა გამოხატა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ – პატივისცემა გაბედულებისთვის, რომელიც მან გამოიჩინა ედვარდ სნოუდენისათვის თავშესაფრის მიცემით:

“პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა... ის ფაქტი, რომ მან საშუალება მისცა ჩემს შვილს თავშესაფარი ჰქონოდა რუსეთში… ამისთვის მე ძალიან მადლობელი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ არიან მსოფლიოში ადამიანები, ვინც მას ტაშს უკრავს, მათ შორის, ამერიკელებიც“.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო ინფორმაცია საჯაროდ გაავრცელა, ედვარდ სნოუდენი თავდაპირველად ჰონგ-კონგში გაიქცა, ხოლო იქიდან 23 ივნისს ჩავიდა მოსკოვში და 5 კვირა გაატარა შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, სანამ 1 აგვისტოს რუსეთის მთავრობა გადაწყვეტდა მისთვის თავშესაფარი მიეცა.

ლონ სნოუდენი იმედოვნებს, რომ მალე შეძლებს რუსეთში ჩასვლას და შვილთან შეხვედრას. ის მხარს უჭერს შვილს და ფიქრობს, რომ ედვარდ სნოუდენი სწორად მოიქცა, როდესაც საიდუმლო ინფორმაცია საჯარო გახადა.
“ფაქტია, რომ მან გამბედაობა გამოიჩინა, როდესაც ამერიკელ ხალხს გაუზიარა ის, რაც, მისი აზრით, კონსტიტუციის დარღვევა იყო”, განაცხადა “როიტერსთან” ინტერვიუში ედვარდ სნოუდენის მამამ, ლონ სნოუდენმა, რომელიც დიდ პატივისცემას გამოხატავს პუტინის მიმართ მას შემდეგ, რაც ედვარდ სნოუდენს რუსეთში თავშესაფარი მისცეს.

ავტორი: ანა ლომთაძე
XS
SM
MD
LG