Accessibility links

სოფელ კუმურდოში მოხდა დაპირისპირება X საუკუნის ეკლესიის გამო


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებთან, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა მიახლოებოდა X საუკუნის ეკლესიას, რომელსაც სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება. ახალქალაქის სომხურ-რუსულენოვანი ონლაინსაინფორმაციო საააგენტოს, Jnews-ის, ცნობით, ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფლის მოსახლეები 30 სექტემბერს შეეცადნენ ტაძრის ეზოში შესულიყვნენ და არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძვლების სამარხის მოსანიშნად (ეს სამარხი ადგილობრივებს თავიანთი წინაპრებისად მიაჩნიათ) ხაჩქარი (ქვაჯვარი) დაედგათ, მაგრამ პოლიციელებმა არ მისცეს მათ ტაძრის ეზოში შესვლის შესაძლებლობა. ინციდენტი გამწვავდა დამატებითი საპოლიციო ძალების გამოჩენასთან ერთად: სამართალდამცველებმა რეზინის ხელკეტები გამოიყენეს ადგილობრივთა დასაშლელად, რასაც მათი მხრიდან ქვების სროლა მოჰყვა. როგორც იუწყებიან, მსუბუქად დაშავდა ოთხი პოლიციელი. კუმურდოს მართლმადიდებლური ტაძარი, სადაც 2016 წლის ზაფხულიდან სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსს ატარებს და დაცულია კანონით „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე, ინციდენტის დღესვე ჩავიდა კუმურდოში და განმარტა, რომ ტაძრის ეზოში ქვის ობიექტის დადგმა ხელს შეუშლიდა „არქეოლოგიურ და შემდგომში სარესტავრაციო პროცესებს“, რის გამოც მემორიალისთვის ტაძრის ტერიტორიის გარეთ გამოიყოფა საგანგებო ადგილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG