Sputnik V: რუსეთის სადავო ვაქცინის შესახებ

Sputnik V: რუსეთის სადავო ვაქცინის შესახებ

კრისტინა ფოლტინოვა 2021 წლის 9 მარტი

1957 წელს დედამიწის ორბიტაზე გავიდა ადამიანების ხელით შექმნილი პირველი ობიექტი, დედამიწის თანამგზავრი. საბჭოთა კავშირის მიერ გაშვებულ კოსმოსურ აპარატს სპუტნიკი ეწოდა.

63 წლის შემდეგ რუსეთმა სხვა სპუტნიკი შექმნა, Sputnik V, კორონავირუსის პირველი რეგისტრირებული ვაქცინა. მიუხედავად ექსპერტების შეშფოთებისა, რომ ვაქცინას არ ჰქონდა გავლილი სათანადო გამოცდა, 40-ზე მეტმა ქვეყანამ გადაწყვიტა აცრას თავისი მოსახლეობა რუსული წარმოების ვაქცინით. რა უნდა იცოდეთ ამ ვაქცინის შესახებ.

როგორ მოქმედებს Sputnik V ?

Sputnik V არის ვირუსულ-ვექტორული ვაქცინა, რომელიც სხვადასხვა ვირუსის მოდიფიცირებულ ვერსიებს იყენებს როგორც იარაღს უჯრედში გენეტიკური მასალის მისატანად. Sputnik V განავითარეს ადენოვირუსების საშუალებით, რომლებიც ჩვეულებრივ იწვევს ხოლმე რესპირატორულ ინფექციებს. თუმცა მათთან ერთად სხვა (გრიპის და წითელას ვირუსები) ვირუსებსაც იყენებენ ვირუსულ-ვექტორულ თერაპიაში.

ვირუსი, რომელსაც ვექტორად, ანუ გადამტანად იყენებენ, იმგვარადაა შეცვლილი, რომ არ შეიცავს საფრთხეს, გამოიწვიოს დაავადება. მასში შეყვანილია დამატებითი გენი, რომელიც სამიზნე ვირუსისთვის უნიკალურია. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაში ეს გენი შეიცავს ინსტრუქციას, როგორ შექმნას სპაიკის ცილა, რომელიც კორონავირუსის ზედაპირზე არსებობს.

როცა ადამიანს აცრიან, გადამტანი შედის უჯრედში და მას იყენებს სპაიკის პროტეინის წარმოსაქმნელად. მაშინვე, როგორც კი იმუნური სისტემა სპაიკის ცილას შენიშნავს, იწყებს ანტისხეულების წარმოებას და ააქტიურებს სხვა იმუნურ პროცესებს სხეულში. თუ სისტემას მომავალში კონტაქტი ექნა აქტუალურ ვირუსთან, მან იცის როგორ შეებრძოლოს მას.

როგორი იყო Sputnik V-ის განვითარების პროცესი?

რუსეთმა 2020 წლის ივნისში დაიწყო კოვიდ-19-ის ვაქცინის კლინიკური გამოცდა.

ორ თვეზე ნაკლების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, გამოაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის გამალეის ეროვნულმა ცენტრმა მოხმარებისთვის რეგისტრაციაში გაატარა კოვიდ-19-ის პირველი ვაქცინა.

იმ დროისთვის არც კი იყო დაწყებული გამოცდის მესამე ფაზა, რომელშიც ჩართულია ხოლმე ათასობით ადამიანი და რამდენიმე თვეს გრძელდება. ბევრი ექსპერტი ამიტომ იძლეოდა გაფრთხილებას, რომ მონაცემები არ იყო საბოლოო და ვაქცინის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.

მალევე რუსეთმა განაცხადა, რომ აფართოებს ვაქცინის გამოცდას და მასში 40 ათასი მოხალისის ჩართვას აპირებს. მესამე ფაზა გამოცდისა დაიწყო 2020 წლის სექტემბერში.

ზოგიერთი ქვეყნის სამედიცინო მუშაკთა აცრის შემდეგ, 2020 წლის დეკემბერში, დაიწყო ამ ვაქცინის ფართო გავრცელება. იმ დროისთვის გამოცდა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ორი კვირის შემდგ ბელარუსმა, პირველმა ქვეყანამ რუსეთს გარეთ, რეგისტრაციაში გაატარა Sputnik V-ის ვაქცინა.

2021 წლის თებერვალში სამედიცინო ჟურნალმა, Lancet-მა, დაწერა, რომ რუსული წარმოების ვაქცინის ეფექტიანობა 91,6 პროცენტს აღწევდა. ჟურნალი ასევე წერდა, რომ ვაქცინა იყო უსაფრთხო და რომ ის ადამიანებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან დაიცავდა.

Sputnik V 40-მდე ქვეყანამ დაამტკიცა, მაგრამ მას რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლია ევროპის სამედიცინო სააგენტოში (EMA).

ამის მიუხედავად, უნგრეთმა, პირველმა ქვეყანამ ევროკავშირში, 21 იანვარს გაატარა ვაქცინა რეგისტრაციაში. 2021 წლის მარტის დასაწყისში ევროკავშირის მეორე წევრმა, სლოვაკეთმა, გააფორმა შეთანხმება 2 მილიონი დოზის შესახებ.

4 მარტს EMA-აც გამოაცხადა, რომ დაიწყო Sputnik V-ის თანმიმდევრული განხილვა.

რა განსხვავება და მსგავსებაა Sputnik V-სა და სხვა ვაქცინებს შორის?

Sputnik V ჩვეულებრივ მაცივარში ინახება პლუს 2-8 გრადუსზე, რაც მის შენახვას აიოლებს სხვა ვაქცინებთან შედარებით. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა მინუს 70 გრადუსზე უნდა იქნეს შენახული, ხოლო Moderna-ს ვაქცინა - მინუს 20 გრადუსზე.

Lancet-ის თანახმად, მისი ეფექტიანობა, 91,6 პროცენტი, ოდნავ დაბალია, ვიდრე Pfizer/BioNTech-ის ვაქცინისა და მაღალი, ვიდრე, მაგალითად, AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ისა. თუმცა ზოგი მკვლევარი ამბობს, რომ ძნელია ვაქცინების ეფექტიანობის შედარება, რადგან ისინი გამოსცადეს პანდემიის სხვადასხვა ფაზაში და არ გამოუცდიათ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ.

სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, Sputnik V-ის პირველი დოზა მეორე დოზის მსგავსი არაა. ისინი ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავდება გადამტანის - ვექტორის - სახით გამოყენებული ვირუსების მხრივ: პირველ დოზაში ადენოვირუსი Ad26-ია, მეორეში კი - Ad5. გამალეის ცენტრში ფიქრობენ, რომ ამით იმუნური პასუხი ძლიერდება.

ვაქცინების საფასურის შედარება არ არის იოლი, რადგან ის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. მაგალითად, ზოგიერთი ცნობით, ევროპის კავშირმა შეთანხმებით მიაღწია, რომ AstraZeneca-ს თითო დოზა უჯდება 2,16 დოლარი, რაც სამხრეთ აფრიკაში მისი ფასის ნახევარია.

საერთოდ, Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს ვაქცინები უფრო ძვირია და Johnson & Johnson-ისა კი - ყველაზე იაფი, რადგან ერთი დოზაა საჭირო. Sputnik V 10 დოლარი ღირს, რაც სადღაც შუაშია ამ ვაქცინების ფასებს შორის.

რომელ ქვეყნებს სურთ Sputnik V-ის გამოყენება?

2021 წლის მარტის 9-ისთვის Sputnik V რეგისტრირებული ან დამტკიცებული იყო საგანგებო ვითარებაში გამოყენებისთვის მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. სიაში არის სამხრეთ ამერიკის ბევრი ქვეყანა, ასევე აფრიკის და აზიის სახელმწიფოები. ევროპაში ვაქცინა დამტკიცებულია (გარკვეულ დონეზე) ბელარუსში, ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკაში, უნგრეთში, მოლდოვაში, მონტენეგროში, სან მარინოში, სერბეთსა და სლოვაკეთში.

ევროკავშირის წევრთა უმეტესობა მოელის, რომ ვაქცინას მწვანე შუქი აუნთოს ევროპის სამედიცინო სააგენტომ, მაგრამ ზოგიერთებმა უფრო ადრე შესყიდვა გადაწყვიტეს. უნგრეთმა და სლოვაკეთმა პირველი პარტიები უკვე მიიღეს. მეორე მხრივ, უკრაინის მთავრობამ გამოაცხადა 10 თებერვალს, რომ აკრძალა რეგისტრაცია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისა, რომელიც „აგრესორი სახელმწიფოს“ მიერ არის წარმოებული, როგორც ის რუსეთს 2015 წლის შემდეგ მოიხსენიებს.

რუსეთში შეკვეთილია სულ 1,2 მილიონი დოზა. და იმ ქვეყნების სიის ზრდასთან ერთად, სადაც დაამტკიცეს Sputnik V, შეკითხვა ძალაშია: შეძლებს რუსეთი შეკვეთილი ვაქცინის დროულად მოწოდებას? ვაქცინების მწარმოებლებს უხდებათ მიწოდების გადადება და გამალეის ცენტრი არ არის გამონაკლისი. იანვარში, მაგალითად, რუსეთმა მიწოდების გადადების თაობაზე გააფრთხილა სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, არგენტინის და მექსიკის ჩათვლით.

რუსეთს გარეთ, სულ მცირე, ექვსი ქვეყანა გეგმავს Sputnik V-ის წარმოებას თავის ტერიტორიაზე. მათ შორის არიან ინდოეთი, სამხრეთ კორეა და ბრაზილია.

Sputnik V-ი მსოფლიოში
(2021 წლის 9 მარტის მონაცემები)

რას ფიქრობენ რუსები Sputnik V-ზე?

საერთოდ, აცრის მიმართ რუსები, ჩანს, სკეპტიკურად არიან განწყობილი. Lancet-ის მიერ 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, რუსების 21 პროცენტი ფიქრობს, რომ ვაქცინები უსაფრთხოა და 35 პროცენტს მიაჩნია ის ეფექტიანად. ამ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, რუსეთი მსოფლიოში იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ვაქცინის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია.

არაა მოულოდნელი, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინის მიმართაც ისეთივე დამოკიდებულებაა. 2020 წლის აგვისტოში რუსეთის მედიკოსთა მეოთხედმა გამოთქვა იმ ვაქცინით აცრისთვის მზადყოფნა, რომლის წარმოებაც რუსეთში დაიწყეს.

სურთ თუ არა რუს ექიმებს იყვნენ აცრილი?
(2020 წლის აგვისტო)

2021 წლის იანვარში გამოკითხული რუსების 42-მა პროცენტმა განაცხადა, რომ აიცრება, თუ ვაქცინა იქნა. ეს იყო ყველაზე დაბალი მონაცემი ქვეყნებს შორის, სადაც კვლევა ჩაატარა Ipsos-მა.

2021 წლის თებერვალში Levada Center-მა გამოკითხა რუსები, სურთ თუ არა Sputnik V-ით აცრა. მხოლოდ 30-მა პროცენტმა განაცხადა თანხმობა. მათ, ვინც უარი თქვა, მთავარ მიზეზად დაასახელა ის, რომ გამოცდა არ იყო სრულყოფილი და არ იყო გამოკვლეული თანმდევი ეფექტები.

სურთ თუ არა რუსებს იყვნენ აცრილი?
(2021 წლის თებერვალი)

2021 წლის იანვარში YouGov-მ გამოკითხვა ჩაატარა მსოფლიოს 17 ქვეყანაში იმის შესახებ, თუ როგორ უყურებენ ისინი COVID-19-ის ვაქცინას მწარმოებელი ქვეყნების მიხედვით.

გამოკითხვის შედეგად, ხალხი ყველაზე მეტად ენდობა გერმანიაში წარმოებულ ჰიპოტეტურ ვაქცინას, შემდეგ მოდიოდა კანადა და გაერთიანებული სამეფო. რუსეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა და ირანმა უარყოფითი შეფასება მიიღეს, რაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში წარმოებული ვაქცინა ხალხს უფრო აშფოთებს, ვიდრე აწყნარებს.

დინიელები და ბრიტანელები ყველაზე ნაკლებად იყვნენ განწყობილი რუსეთში წარმოებული ვაქცინის მიმართ. ყველაზე დადებითად რუსული ვაქცინის მიმართ არიან განწყობილი ინდოელები და მექსიკელები.

ვაქცინის შესაძლებელი წარმოების შეფასება
(ზემოთ ნაჩვენებია ამ ქვეყანაში წარმოებული ვაქცინის მიმართ დადებითი დამოკიდებულება)

როგორ მიდის ვაქცინაციის პროცესი რუსეთში?

რუსეთის ხელისუფლება არ აქვეყნებს აცრების მიმდინარეობის მონაცემებს რეგულარულად. ბოლო მონაცემებით, 10 თებერვლისთვის რუსეთის მოსახლეობის 1,5 პროცენტი იქნა აცრილი Sputnik V -ის სულ მცირე ერთი დოზით.

მართალია, რუსეთმა პირველმა დაიწყო მოსახლეობის აცრა, მაგრამ ის ჩამორჩება ისრაელს, გაერთიანებულ სამეფოს, აშშ-ს და ბევრ სხვა ქვეყანას, სადაც აცრა რუსეთზე გვიან დაიწყო.

ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით აცრილთა პროცენტული რაოდენობა
(2021 წლის 10 თებერვალს შერჩეული ქვეყნები)

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის, თანახმად, ვაქცინაცია რუსეთში „ნორმალურად“მიმდინარეობდა. თებერვლის შეფასებით კი, რუსეთში ვაქცინაციის სიჩქარე ოთხჯერ ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში.

რაც უფრო მეტი ქვეყანა აპირებს Sputnik V-ის შეკვეთას, მით უფრო ხშირად გაისმის შეკითხვა რუსეთის სტრატეგიასთან დაკავშირებით: „და კვლავაც ვსვამთ შეკითხვას, რატომ გვთავაზობს რუსეთი თეორიულად მილიონობით დოზას მაშინ, როცა მისი საკუთარი მოსახლეობის აცრა არ მიდის წინ სათანადოდ?“ განაცხადა ევროპის კომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, 17 თებერვალს პრესკონფერენციაზე.

რუსეთი წელს აპირებს 68 მილიონი ადამიანის აცრას, მაგრამ ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი და წარმოების შეფერხება, ერთად, ალბათ, გააძნელებს ამ მიზნის მიღწევას. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, თვითონ თავი შეიკავა აცრისგან, რამაც Sputnik V-ის მიმართ ნდობის ამაღლებას ხელი ვერ შეუწყო.

ვაქცინა, როგორც დიპლომატიის ინსტრუმენტი

მართალია, რუსულმა ვაქცინამ, საბოლოოდ, დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა, მაგრამ ბევრი ექსპერტი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ის ნაჩქარევად გავრცელდა და, უსაფრთხოებასთან შედარებით, უპირატესობა მიენიჭა ეროვნულ სიამაყეს. ზოგი გვაფრთხილებს, რომ ვაქცინა იქცა დიპლომატიის ეფექტიან ინსტრუმენტად, რადგან რუსეთი მას იყენებს გეოპოლიტიკური გავლენის გასაფართოებლად ვაქცინის მიწოდების გზით.

Sputnik V-მ უკვე გამოიწვია დაძაბულობა ევროპის კავშირში მას მერე, რაც უნგრეთმა დაიწყო მისი გამოყენება მანამ, სანამ EMA მას დაამტკიცებდა. რუსეთი შეუდგა მის მიწოდებას უკრაინის - სეპარატისტების ხელში არსებულ - არეალებში, მიუხედავად კიევის აკრძალვისა. მეტიც, გამოითქვა რუსეთის მიმართ ბრალდება, რომ ის ავრცელებს დეზინფორმაციას მიზანმიმართულად სამხრეთ ამერიკის ესპანურენოვან ქვეყნებში, სადაც ცდილობენ ხალხი დაარწმუნონ, რომ რუსული წარმოების ვაქცინა უკეთესია, ვიდრე აშშ-ისა.

Sputnik V-ის მომავალი

კოვიდ-19-ის დასავლეთში წარმოებული ვაქცინების მიწოდების შეფერხების გამო, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა მიმართავს რუსეთს მისი წარმოებული ვაქცინისთვის. და ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ არ არის საკმარისი გამჭვირვალობა, მიუხედავად იმისა, რომ Sputnik V ევროპის სამედიცინო უწყებას არ დაუმტკიცებია, რომ შესაძლებელია წარმოება შეფერხდეს და რომ თვითონ რუსებს არ აქვთ საკუთარი ვაქცინის მიმართ ნდობა.

რუსეთი პირველ ხუთ ქვეყანას შორისაა, სადაც ყველაზე დიდია კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა. ისმის შეკითხვა: შეძლებს ის აცრას საკუთარი მოსახლეობა და, ამასთან, მიაწოდოს ვაქცინა ყველას, ვისაც უცხოეთში დაჰპირდა?