Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: სანქციები + იაფი ნავთობი = კრიზისს


რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ვლადიმირ მილოვის აზრით, ამ ქვეყანაში ამჟამად შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარება გაცილებით უფრო ღრმა და სერიოზულია, ვიდრე 1998 წლის კრიზისი. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციები, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის დაბალი ფასები და ღრმა სისტემური პრობლემები − აი, ის მიზეზები, რომლებსაც მილოვი ამჟამინდელი კრიზისის ძირითად გამომწვევებად ასახელებს. თუმცა იქვე დასძენს, რომ არავინ იცის, შეუწყობს თუ არა რუსეთში არსებული ეკონომიკური სირთულეები კრემლის მმართველი წრის დასუსტებას ან ოპოზიციის მომძლავრებას.

ვლადიმირ მილოვი ერთ-ერთი მონაწილე იყო ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრში 26 ოქტომბერს გამართული დისკუსიისა, რომლის თემა გახლდათ რუსეთის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სექტორის აწმყო და მომავალი. თავის გამოსვლაში ვლადიმირ მილოვმა, რომელიც მოსკოვის ენერგეტიკის პოლიტიკის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, თქვა, რომ საერთაშორისო სანქციებმა და ნავთობის გაუფასურებამ რუსეთის ეკონომიკა სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა.

„ამჟამინდელ ვითარებას ყველაზე მკაფიოდ აღვწერთ, თუ ვიტყვით, რომ მისი მთავარი მახასიათებელია მომხმარებლის მსყიდველობითი უნარისა და საშინაო ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნა, ისეთი მკვეთრი, როგორის მოწმენიც არ ვყოფილვართ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ანუ ოცი წლის განმავლობაში“, აღნიშნა მილოვმა.

კრიზისის გამომწვევი მიზეზების საკითხში რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს არ დაეთანხმა დისკუსიის კიდევ ერთი მონაწილე, რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი ვაშინგტონის ბრუკინგზის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი სერგეი ალექსაშენკო. მისი აზრით, ახლანდელ ვითარებას ვერ შევადარებთ 1998 წლის ან 2008 წლის კრიზისებს. მეტიც, როგორც ალექსაშენკომ თქვა, მიმდინარე კრიზისი გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ბევრს ჰგონია:

„ამჯერად საქმე სხვაგვარადაა. ეს კრიზისი ნავთობის ფასების ვარდნაზე გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, ის სანქციების შემოღებამდე და რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიამდე ბევრად ადრე დაიწყო. თუ სტატისტიკას გავაანალიზებთ, არ გაგვიჭირდება კრიზისის მთავარი მიზეზის დადგენა. 2013 წელს შეჩერდა რუსეთის ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების ზრდა, ხოლო ინვესტიციების გარეშე ვერც ერთი ეკონომიკა ვერ განაგრძობს ზრდას.“

სერგეი ალექსაშენკო არ იზიარებს იმათ მოსაზრებას, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთის ეკონომიკამ კოლაფსი განიცადა. ამჟამინდელი ვითარების კოლაფსად შეფასება გადაჭარბებული იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის ეკონომიკაში კაპიტალდაბანდების ხალისი მეტად მცირეაო, თქვა ალექსაშენკომ და ისიც აღნიშნა, რომ წინა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, მთავრობა ამჯერად თავს იკავებს პოპულისტური ნაბიჯებისგან და სახელმწიფო ბიუჯეტში არ ზრდის სოციალური ხარჯების ხვედრით წილს. გამოდის, რომ კრემლის მესვეურები მოსახლეობის მხრიდან მასობრივი პროტესტის საშიშროებას ვერ ხედავენო, დაასკვნის რუსი ექსპერტი.

ალექსაშენკოს მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება ვაშინგტონში გამართული დისკუსიის მესამე მონაწილე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი იგორ პონომარიოვი (ეს ის პონომარიოვია, რომელიც მთელს სათათბიროში ერთადერთი დეპუტატი გამოდგა, ვინც შარშან ხმა არ მისცა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას). პონომარიოვის აზრით, რუსეთში შექმნილი ვითარების გამო მოსახლეობის უკმაყოფილება თანდათან გაიზრდება:

„საკმარისია, თვალი გადავავლოთ ახლახან ჩატარებული გამოკითხვების შედეგებს, რომ დავინახოთ: უკრაინის სამხედრო კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობისადმი მოსახლეობის მხარდაჭერა საგრძნობლად შემცირდა. თუ ერთი წლის წინ მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი 70, 71, 72 პროცენტი იყო, ახლა ეს რიცხვი დაახლოებით 50 პროცენტამდე დაეცა.“

ბოლოს ისევ სერგეი ალექსაშენკოს გამოსვლას დავუბრუნდეთ. რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ორნიშნა ინფლაცია აუცილებლად უარყოფითად აისახება მოქალაქეთა ცხოვრების დონეზე და, შესაბამისად, მათი უკმაყოფილების ხარისხზეც. ალექსაშენკომ დამსწრეთ შეახსენა, რომ 2015 წლის განმავლობაში ინფლაციამ რუსეთში 15,8 პროცენტს მიაღწია, ხოლო გაისად ის, პროგნოზების თანახმად, 12 პროცენტზე ნაკლები არ იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG