Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ნანა მიქელაძე

„პლაგიატი - ლიტერატურული ან სხვა ნაწარმოების მითვისება; თავის ნაშრომში სხვისი ნაწარმოების გამოყენება ავტორის დაუსახელებლად.“ ვიცი, წინადადება რომლითაც სტატია დავიწყე პლაგიატს არ გამხდის, რადგან თავად გეტყვით „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის“ უცხო სიტყვათა ლექსიკონიდან მაქვს ამოწერილი. თანაც, განმარტებიდანვე ჩანს პლაგიატი, რომ გიწოდონ ცოტა უფრო მეტი უნდა „ითაღლითო“.

იცოდით, რომ პლაგიატობა სეზონურია? ზამთარი მისთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან სიცივეში გაყინული ტვინით იმის მოფიქრებაც რთულია ვისგან რა მოიპარ-მიისაკუთრო. ზაფხულში ცხელა გაცხელებული ტვინითაც რთულია მოპარვა-მისაკუთრებაზე ფიქრი. შემოდგომა? არა, არც შეყვითლებული ფოთლების სეზონია ხელსაყრელი. პლაგიატობის „აყვავების“ სეზონი გაზაფხულია. გაზაფხული, როცა ყველა რაღაც წიგნს ეძებს. აი, ისეთ წიგნს, ზუსტად რომ შეეფერება შერჩეულ საკითხს. გაზაფხულზე, ბაკალავრიატის სტუდენტები აწ უკვე კურსდამთავრებულებს ეძებენ, ეძებენ, ეძებენ და ცდილობენ დაადგინონ, როგორ დაწერონ საბაკალავრო. თუ რომელიმეს ბედმა გაუღიმა და ერთგული ახლობელი გაახსენდა, რომელიც იგივე სპეციალობაზე ასე 5-6 წლის წინ სწავლობდა ჩათვალეთ მიზანი მიღწეული აქვს. სთხოვს და იქნებ მთლიანი ნამუშევარი მიისაკუთროს. რა თქმა უნდა სიტყვებს გადაანაცვლებს, მაკავშირებლებს შეცვლის. რამდენიმე „შესაბამისის“ ნაცვლად „აქედან გამომდინარეს“ დაწერს. სათაურსაც სხვას მოიფიქრებს და ვინ მიხვდება მისი დაწერილი რომ არ არის? არსებობენ სტუდენტები, რომლებსაც საბაკალავროს დაწერაში ლექტორის იმედი აქვთ. სასწავლებელში მისვლამდე ფიქრში სათქმელ ტექსტს ალაგებენ: „პატივცემულო“, ან „ქალბატონო დეზდემონა, ხომ ვერ მიმითითებნით წიგნებს, რომლებიც ნაშრომის დასაწერად გამომადგება“?! ლექტორი რა თქმა უნდა პროფესორულ სახეს მიიღებს, გაიხსენებს, რომელიმე სამეცნიერო ლიტერატურის სახელს და იმასაც ეტყვის ბიბლიოთეკაში რომ უნდა მოძებნოს, კიდევ კარგი ამასაც ეუბნება, თორემ სტუდენტი ალბათ მონადირის მაღაზიაში დაიწყებდა წიგნის ძებნას. ორი-სამი უცხოელი მეცნიერის წიგნების დასახელების შემდეგ ლექტორს ვითომ სულიად შემთხვევით ახსენდება, რომ თავადაც დაუწერია წიგნი „ბლა-ბლა-ბლა ტიპოლოგიურ-მეცნიერულ-ფენომენალური განხილვა“ და, რომ მისი წიგნიც აუცილებლად დიდად წაადგება სტუდენტს.

ასეთი სიტუაციაა ბევრ უნივერსიტეტში და ზოგადად სამეცნიერო სფეროში. ყველა მიისწრაფის აკადემიური ხარისხის მოპოვებისკენ, მაგრამ ხშირად ეს გზა პლაგიატობაზე გადის.

ჩემს წარმოდგენაში ყველა პლაგიატს, ისევე ელანდება წიგნის ყდები, ტექსტები და ავტორების გვარი-სახელები, როგორც ფილმებში მკვლელებს მოკლული ადამიანები. ვფიქრობ, პლაგიატები მოსვენებადაკარგული ხალხია, რომლებსაც გამუდმებით აწუხებთ დანაშაულის გრძნობა. თუმცა, მაინც ეძებენ გამოსავალს.

რა არის პლაგიატისთვის აღსარება, ან როგორ იმშვიდებს ასეთი ადამიანი სინდისს? ხსნა ბიბლიოგრაფიაშია. გვერდზე, რომელიც წიგნის ბოლოს მდებარეობს პლაგიატი ერთმანეთის თანმიმდევრობით ჩამოწერს წიგნების სათაურს, ავტორს, გამოშვების თარიღს და მკითხველს მიანიშნებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი წიგნები დიდად დაეხმარა ნაშრომის წერაში. ბოლო გამოყენებულ ლიტერატურასაც დააფიქსირებს, დაუსვამს წერტილს და თითქოს ამით მის პლაგიატობასაც წერტილი დაესვა. თითქოს, ბიბლიოგრაფიის ვრცელი სიით აღიარა სხვა წყაროებიდან გადაწერ-გადმოწერა. ერთი გვერდი ნაშრომის ბოლოს ბიბლიოგრაფიისთვისაც გაიმეტა და პლაგიატობის ცოდვაც მოინანია.

ბიბლიოგრაფიის გარდა იმისთვის, რომ ნაშრომი საკუთარს დაამსგავსონ გამოკითხვას ატარებენ. შექმნიან კითხვარს, დაურიგებენ ახლობლებს, ჯგუფელებს, კურსელებს, დოქტორობის მსურველები - კოლეგებს და კითხვარის საშუალებით ირწმუნებენ თავს, რომ საკუთარი ნაშრომის წერაში მართლაც შეიტანეს წვლილი.

...და ბოლოს, უმბერტო ეკომ თქვა მე კი მას დავესესხები: „დღევანდელი სწავლულნი მხოლოდ ჯუჯები არიან, სხვა ჯუჯათა ბეჭებზე წამოსკუპებულნი.“

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG