Accessibility links

სხვის ხარჯზე ცხოვრებისა და უმუშევრის რჩენის მიმზიდველობის შესახებ


ავტორი: ანა ლომაძე

მნებავს პოსტფაქტუმ!

ყველა თანხმდება, რომ სამუშაო ადგილების ნაკლებობა დღეს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა საქართველოში და ეს პრობლემა აზარალებს არა მარტო უმუშევრებს, არამედ მის ახლობელ დასაქმებულ ადამიანებსაც. მე მინახავს ადამიანი, რომელიც თავის შვილს, რძალსა და სრულწლოვან შვილიშვილებს არჩენს, ვიცნობ კაცს, რომელიც ზრდასრული შვილის მატერიალურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს, არაერთხელ გამიგია, როგორ უგზავნიან საზღვარგარეთ წასული ქალები უმუშევარ ქმარ-შვილს ფულს, ისეთი შემთხვევაც ვიცი თავად ისევ მშობლებთან მცხოვრები გოგო ცალკე ბინითა და ჯიბის ფულით რომ უზრუნველყოფს შეყვარებულს. გასაგებია, რომ ასეთი სიტუაციების შექმნას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომელიც უკვე ვახსენე: სამუშაო ადგილების რაოდენობა ჩამორჩება შრომის უნარის მქონე მოსახლეობის რაოდენობას, მაგრამ, მეორე მხრივ, თითქოს ამ სავალალო სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ზოგჯერ მოსახლეობის შემგუებლობა, შინაგანი თანხმობაც ახლავს თან. სამუშაო ადგილების ნაკლებობა ფაქტია, რომელსაც ვერსად გავექცევით და რომელსაც ცალკე აღებული ერთი მოქალაქე მხოლოდ საკუთარი ძალით ვერ შეცვლის: საჭიროა ძალაუფლების მქონე პირთა ჩარევა; მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ფაქტი, რომელიც, გარკვეული თვალსაზრისით, ადამიანების მარგინალიზაციას (უმუშევართა შემთხვევაში) და ექსპლუატაციას (იმ დასაქმებულის შემთხვევაში, რომელიც ხშირად არაერთ უმუშევარს არჩენს) ეწევა, თავად ამ ადამიანების მიერ არის მიღებული და ნასურვები პოსტფაქტუმ.

უმუშევრობის პრობლემის აღნიშნული თვალსაზისით განხილვა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან თავისუფლად იძლევა იმ ერთ-ერთი დიდი მანკიერების გამოვლენის საშუალებას, რომელიც ქართულ რეალობაში დღეს ფართოდ არის გავრცელებული – მხოლოდ ცალკეული ადამიანების დადანაშაულებას, პრობლემის „ეთიკურ“-საყვედურული ტონით განხილვას. ასეთი მიდგომა ნაკლებად ეფექტურია, რადგან მას ყურადღების მიღმა რჩება მთავარი „დამნაშავე“: სოციალური სისტემა, რომელიც ცალკეული ინდივიდების ამა თუ იმ ქცევის წახალისების მიზეზია. ამიტომ ამ პრობლემის განხილვისას უმუშევართან და მის ყოველდღიურობაზე მზრუნველ დასაქმებულთან ერთად, კიდევ მესამე „აქოტირის“ – იმ სოციალური სისტემის ანალიზიც არის საჭირო, რომელშიც ისინი მონაწილეობენ.

რატომ არ არის ქართველი უმუშევარი აუცილებლად ლუზერი?

მაქს ვებერი თავის ერთ-ერთ ცნობილ ნაწარმოებში, „პროტესტანტიზმის ეთიკა და კაპიტალიზმის სული“, გამოთქვამს მოსაზრებას, რომ საკუთარი პროფესიისა და სამუშაოსადმი თანამედროვე ადამიანის განსაკუთრებული დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი გახდა მარტინ ლუთერის მიერ ნათარგმნი ბიბლია, რომელშიც მან სიტყვების – „[ღვთაებრივი] მოწოდების“ – თარგმნისას გამოიყენა ორაზროვანი სიტყვა – „Der Beruf“, რომელიც „მოწოდების“, „ხმობის“ გარდა „პროფესიასაც“ ნიშნავდა. ამით ლუთერმა პროფესია, საქმიანობა ღვთაებრივ რანგში აიყვანა, ღვთის მოწოდებად გამოაცხადა. დღეს, როცა მსოფლიო წესრიგის წარმმართველ ძალებს შორის რელიგია საკუთარ ადგილს, გარკვეულწილად, თმობს, ადამიანის პროფესიისადმი დამოკიდებულება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ვფიქრობ, ეს ყველაზე კარგად ჩანს იმ სფეროზე დაკვირვებით, რომელიც თითქოს ზედაპირულობით შემოიფარგლება და ა. გ. საკმაოდ ქარაფშუტულად და დაუდევრად ამხელს ადამიანების სიღრმისეულ განცდებს, სურვილებს, ოცნებებს, შიშებს: საუბარია მასკულტრაზე. უამრავი ფილმისა თუ სატელევიზიო შოუს, მხატვრული ლიტერატურის მთავარი სიუჟეტური ხაზი სწორედ ამა თუ იმ პროფესიის გარშემო იგება, უმუშევრები კი ხშირად მოიხსენიებიან ლუზერებად. სიტყვა Loser-ის გამოყენება იმისადმი, ვინც არ მუშაობს, არ არის მარტო მეტაფორული, პირდაპირი მნიშვნელობითაც შეიძლება გავიგოთ: ეს არის ადამიანი, რომელსაც დაკარგული აქვს, კარგავს („loses“) საკუთარი იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს – საკუთარ თავს, როგორც პროფესიონალს; მუშაობა მოვალეობაა და ა. გ. შეიძლება უმეტესად არც ისე სასიამოვნო პროცესთან ასოცირდებოდეს, მაგრამ როგორც ლუთერი იტყოდა, ეს ღვთაებრივი მოვალეობაა, ხოლო სეკულარულად თუ ვთარგმნით მის სიტყვებს, ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელი მოვალეობაა. ამ კონტექსტში უმუშევრობას არ გააჩნია პოზიტიური განსაზღვრება, ის, როგორც ამას თავად სიტყვა გვეუბნება (უ-მუშევრობა), მუშაობის ნაკლებობა, რაღაცის არქონაა, დანაკლისია, ლუზერობაა.

საინტერესოა როგორ არის მიღებული მუშაობა-უმუშევრობასთან დაკავშირებული საკითხი ქართულ რეალობაში, სადაც ზემოთ ნახსენებ მხატვრულ ლიტერატურას, ფილმებსა და სატელევიზიო შოუებს ძირითადად თარგმანში (ანუ გარკვეული ინტერპრეტაციის თანხლებით) ეცნობიან. აქ დაუსაქმებლების გარკვეული ნაწილი არა მარტო არ ასოცირდება ლუზერობასთან, არამედ მეტიც – პირიქით, რაღაცით იღბლიანებადაც კი შეიძლება მიიჩნეოდნენ: ასეთები არიან, ვთქვათ, მდიდარი ოჯახების მქონე ახალგაზრდების ნაწილი, რომელთაც ფინანსურად მთლიანად ოჯახები უზრუნველყოფენ. ჩვენს საზოგადოებაში დასაქმებულობა არ არის თავისთავად უპირატესობის მანიშნებელი; უმუშევრობა კი აუცილებლად რაღაცის არქონა, ლუზერობა, რადგან უმუშევარი-დასაქმებულის ურთიერთდამოკიდებულება, დასაქმებულობის ნიშნით, დამყარებულია არა იერარქიულ, არამედ ჰორიზონტალურ სისტემაზე, რომელიც განზე დგება და ორივე მათგანს აძლევს საშუალებას საკუთარი პოზიცია გახადოს დომინანტური. იმისათვის, რათა ამ სისტემამ იმუშაოს, უმუშევარსაც და მის ყოველდღიურ საჭიროებებზე მზრუნველ დასაქმებულსაც მან რაღაც ისეთი უნდა შესთავაზოს, რაც მათ მოხიბლავს და დასაქმებულობის იდეალურ მოდელს – შრომის უნარის მქონე ყოველი ადამიანის მიერ საკუთარი საჭიროებებისათვის თავადვე ზრუნვისაკენ სწრაფვას გაუქრობს.

ცდუნება და საჩუქრები

ერთი შეხედვით, შედარებით მარტივი გასაგებია, იმ უმუშევრის პოზიცია, რომელსაც არ უნდა მუშაობა. ამ სურვილის უკან შეიძლება იდეგს სიზარმაცე, ურთიერთობების შიში, დროის მხიარულად გატარების სურვილი და ა. შ. აქ ჩამოთვლილი მიზეზები ყველა ადამიანს შეიძლება დაეუფლოს, თუმცა, როგორც წესი, ინდივიდი მათ ალაგმვას ახერხებს ხოლმე. ჩვენს სოციალურ სისტემაში კი ამ სხვადასხვა განცდას სუბიექტის პირადი სივრციდან გამოჭრისა და რეალობაზე ზემოქმედების უნარს სხვა დამატებითი ფაქტორი ანიჭებს; ამ არასასურველი მიდრეკილებების პროვოცირებას იწვევს დასაქმებულის მზრუნველობა: ის უმუშევარს აცდუნებს, რათა მიენდოს თავის განცდებს და უკან დაიხიოს, როცა საქმე მუშაობას ეხება. ამ დათმობას, დასაქმებულისადმი ფინანსურ დამოკიდებულებას შეიძლება თან ახლდეს სირცხვილის, უხერხულობის, თავისუფლების შეზღუდვის განცდა, თუმცა, სამაგიეროდ, უმუშევარი სისტემისაგან იღებს საჩუქარს: საკუთარ სხეულს; როცა დასაქმებული თავის ხელებს, გონებას თუ დროს ხარჯავს ერთის მაგივრად ორის ყოველდღიურ საჭიროებებზე ზრუნვით, უმუშევრის სხეული თავისუფლდება ამ ზრუნვისაგან. უზრუნველობის მომხიბლაობით ცდუნებული უმუშევრისათვის დასაქმებულობა: საჯარო სფერო, რომელსაც საზოგადოების მიერ დაკისრებული მოვალეობა უდევს საფუძვლად, თავად ცდუნების ფენომენის ინტიმურობის გამო, იქცევა პრივატულ სფეროდ, ხოლო მუშაობასთან დაკავშირებული ცივი, მოვალეობის განცდა ვნების მხურვალე განცდით იცვლება. რა თქმა უნდა, ეს ვნება არ არის მიმართული მაცდუნებლისადმი – დასაქმებულისადმი; უმუშევარს ვნება აღეძვრება საკუთარი უზრუნველი მდგომარეობის, საკუთარი ექსისტენციის მიმართ. უმუშევარმა იცის, რომ მას ის საჩუქარი, რომელიც აქვს – სხეულებრივი უპირატესობა – მას არ ეკუთვნის, ის აცდუნეს და ძვირფასი, თუმცა მისთვის არგანკუთვნილი საჩუქარი მიაჩეჩეს. სწორედ ის აზრი, რომ შენი სხეულის ნაცვლად სხვისი სხეული ატარებს ზრუნვის ტვირთს შენივე (შეიძლება სრულებით უმნიშვნელო) ახირების გამო (იქნება ეს შენი სიზარმაცე, შიში თუ სხვა რამ), აქცევს დასაქმებულის მიერ გაცემულის მიღებას უმუშევრისათვის რომანტიკულ საბურველში გახვეულ ფაქტად, ცდუნებად და ამიტომაც იწვევს დანაშაულისგრძნობანარევ, აკრძალულის მითვისებით აღძრულ ვნებას. უმუშევარი საკუთარ თვალში არ არის ლუზერი, მისი მდგომარეობა არ მიანიშნებს მას ნაკლზე. პირიქით, ის დასაქმებულის მიერ მის გამო დახარჯული ენერგიისა და დროის შესაბამისად განიცდის საკუთარ ღირებულებასა და მნიშვნელობას.

არის თუ არა ცდუნება ორმხრივი, დასაქმებულიც ცდუნებულია? ის, როგორც უკვე ითქვა, გასცემს საკუთარ ენერგიასა და დროს, რაც, ერთი შეხედვით, ალტრუიზმს უფრო ჰგავს ვიდრე ცდუნებისა და ვნების შედეგს. გაუგებარია, რა შეიძლება დაგრჩეს, თუ ფაქტობრივად, ყველაფერ ძვირფასს გაიღებ, რამ შეიძლება გაცდუნოს. რაღა შეიძლება უმუშევარმა შესთავაზოს მას საცდუნებლად? საქმეც სწორედ ესაა: უმუშევარი დასაქმებულს სთავაზობს არაფერს და ასე აცდუნებს მას. დასაქმებული კი მართლაც არაფერს იღებს... გარდა იმის ცოდნისა, რომ მან არაფერი მიიღო. მისი საჩუქარი, უმუშევრისათვის სხეულებრივი უპირატეოსობის დათმობის ნაცვლად, მორალური უპირატესობაა. თუმცა აქ მორალური უპირატესობა არ ნიშნავს ცივ, მხოლოდ ეთიკურ ჩარჩოებში არსებულ მოცემულობას. აქ მორალური უპირატესობა გულისხმობს საკუთარი არსებობის მოწონებას, მისადმი ვნების აღძვრის საშუალებას. დასაქმებულმა იცის, რომ ვალდებული არ არის სხვის მაგივრად იმუშაოს, მაგრამ ის ამას მაინც აკეთებს და სწორედ ეს „მაგრამ“ – წესით მოსახდენს (რომელიც მას არ ავალდებულებს) და მომხდარს (რაშიც იგულისხმება უმუშევარზე ზრუნვა და რაც მის უპირტესობას წარმოაჩენს არა მარტო უმუშევრისადმი, არამედ „წესით მოსახდენისადმი“, თავად წესრიგისადმი) შორის აქცევს მუშაობის საჯარო, ცივ სფეროს უფრო პირადულ, ვნების სფეროდ. თუ უმუშევარს საკუთარი უპირატესობის დასტურად აქვს საკმაოდ მკაფიო ნიშანი – სხეული, დასაქმებულის უპირატესობასაც არანაკლებ ძლიერი მოწმე და საჩუქარი აქვს მიღებული სოციალური სისტემისაგან: დისკურსი. მას ყოველთვის შეუძლია გაღებული სიტყვის მეშვეობით ნებისმიერ წამს გადაახურდავოს უპირატესობაში: დაავალდებულოს ან უბრალოდ წამოაძახოს უმუშევარს; თუმცა ამ უპირატესობის ძალა არა მარტო მის გამოყენებაში, არამედ გამოყენებისაგან თავშეკავებაშიცაა: მაშინაც კი, როცა ეს არ გამოითქმება ხმამაღალა, მაინც იგულისხმება დასაქმებულის გულუხვობა და უპირატესობა, რასაც მისი სიჩუმე კიდევ უფრო თვალსაჩინოს, მრავლისმეტყველს ხდის მისი თვითგანცდისათვის, საკუთარი ექსისტენციით კმაყოფილებისათვის.

სახიფათო თავდაცვა

დასაქმებულობის პრაქტიკის შესახებ უმუშევრისა და დასაქმებულის პოზიციების ცალ-ცალკე განხილვის შემდეგ, სიტუაციის სოციალურ სისტემაზე დამზერით შეჯამება უფრო ნათლად გამოკვეთავს სურათს. სისტემა კი ისე არის მოწყობილი, რომ საჯარო სივრცეში დასაქმებულობის პრაქტიკის გარშემო განცდილი მარცხითა (უმუშევრობა) თუ აკიდებული ტვირთით (სხვისი რჩენა) გამოწვეული მტკივნეული განცდების მიღმა აღარ იკითხებოდეს მხოლოდ ეს ორი მიზეზი – მარცხი და ტვირთი, რომლებიც მიყენებული უსიამოვნების სანაცვლოდ არაფერს სთავაზობენ ადამიანებს. სისტემა საჯარო სივრცის პირადულ სივრცედ ქცევით მტკივნეულ განცდებს ახალ „მიზეზს“ – ცდუნებას – მიაკერებს, რომელიც სიტუაციას ამობრუნებული სახით წარმოაჩენს: თუ მარცხი და აკიდებული ტვირთი არის ის, რაც არ გინდა, მაგრამ ისინი მაინც ყოველდღიურობად და წესად იქცევა შენს ცხოვრებაში, ცდუნება, პირიქით, მიანიშნებს იმაზე, რაც წესით არ შეიძლება, მაგრამ გინდა. ნახევრად ცარიელი ჭიქა ნახევრად სავსედ „იქცევა“: უმუშევარი მარცხით გამოწვეული მორალური გატეხვის ნაცვლად თავისი სხულებრივი უპირატესობის განცდით ცხოვრობს, ხოლო დასაქმებული აღებული ტვირთის გამო დახარჯულ ენერგიასა და დროზე ფიქრის პარალელურად მორალური უპირატესობის განცდით იღებს სიამოვნებას. და რადგან სისტემა სწორედ ვნებაზე, მიზიდულობაზე აკეთებს აქცენტს, უმუშევრისა და მისი რჩენით დაკავებული დასაქმებულის პრაქტიკას ის ადამიანებიც მიმართავენ, რომელთაც ამას აიძულებს არა გარე ფაქტორები ან ფიზიკური მდგომარეობა, არამედ მხოლოდ საკუთარი ნება. როცა არცთუ ისე სახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციას, შინაგანი ფაქტორი – თავად ადამიანების ნება ემატება, მდგომარეობა უფრო რთულდება. სოციუმი კი ამგვარი სისტემით ხდება შეუვალი ყოველგვარი ცვლილების მიმართ. ის, ერთი მხრივ, ამგვარად ეხმარება თავის წევრებს არსებული სიტუაციის გაძლებაში და იცავს საკუთარ თავს მდგომარეობის გაუარსებისაგან, მაგრამ, მეორე მხრივ, საკუთარი წევრების სურვილებისა და მისწრაფებების დაჩლუნგებითა და საკუთარ უცვლელობაზე მორგებით, ხელს უშლის მის განვითარებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG