Accessibility links

დეგრადაციის რეფორმაცია


ავტორი: არმაზ ახვლედიანი

ორიათასიანების ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, ორმოცდაათ თეთრიანი ფენოვანი ხაჭაპური და ოცდაათთეთრიანი პატარა კოკა-კოლა დავითრიე. ეს მენიუ მთელი დღის მარაგს წარმოადგენდა მათთვის ვისაც გარეთ წანწალი უყვარდა. ნაცნობმა სახემ ჩამოიარა, უფრო სწორად ჩამოირბინა, აშკარად ვიღაც მოსდევდა და არ გამკვირვებია იმიტომ, რომ ამ ბიჭს სულ ვიღაც დასდევდა, ცუდი ბიჭი იყო, იჭრევინებოდა. რაღაც პერიოდი მოდაში იყო იმის თქმა, რომ ამ ბიჭს მოსაკლავად დასდევდი, მე არასდროს მითქვამს. ესროლეს, დავარდა, თითქოს მოკვდა, მერე გაირკვა, რომ აფხაზეთში ნაომარი მამის ბრონმა გადაარჩინა. სროლით კი „ოპერებმა“ ესროლეს. ალბათ ეს დავალება პატარა ნაწილი იყო დიდი ოპერაციისა სახელად - წმენდა.


ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ სიბნელეში. უფროს თაობას ჰქონდა იდეალი, დამოუკიდებლობის და თავისუფლების სახით. ჩვენი მოტივაცია პური იყო, წყალი, გაზი, გადარჩენა. ყველაზე წარმატებული ადამიანები იყვნენ კრიმინალები, მათ ჰქონდათ კარგი სახლები, მანქანები, ჰქონდათ პატივისცემა, ჰქონდათ ლიცენზია ყველაფერზე. მშობლებსჰქონდათ გამოცდილება და იცოდნენ, რომ მუდმივად ასე ვერ გაგრძელდებოდა, მაგრამ ჩვენ სიბნელეში დავიბადეთ და გვეგონა, რომ სამყარო ასეთი იყო, სხვანაირი ვერც წარმოგვედგინა.
„ვინ უნდა გამოხვიდე ქურდი თუ პოლიციელი?“


ასაკის მატებასთან ერთად მოვიდა მენტალობა, ძალიან მყარი იდეით. მოვიდა რა.. ყველა უბანში იდო, თუ სურვილი გქონდა მიხვიდოდი და აიღებდი. ამ მომწამვლელი მენტალობის მყარი იდეა სამართლიანობაში მდგომარეობდა, კონსტიტუციისგან დამოუკიდებელ სამართალში, რომელიც ყველა მოზარდისთვის ძალიან მიმზიდველი იყო. წლების მერე თუ მიხვდებოდა ადამიანი, რომ ეს სამართალი რეალურად უსამართლობას ემსახურებოდა.


სად და როდის გაჩნდა ეს მენტალობა ნაკლებად საინტერესოა, ფესვები საბჭოეთში გაიდგა და საფუძვლად ახალი აღთქმა, კერძოდ სახარება და მოციქულთა ცხოვრება დაედო. „ქურდი“ იყო მსგავსი მოციქულისა, მას არ უნდა ჰქონოდა ქონება, არ უნდა ჰქონოდა მუდმივი საცხოვრებელი, უბრალოდ უნდა ექადაგა სიტყვა მართალი. ეს იყო ახალი აღთქმის სრული პაროდირება, ქურდს შეეძლო სხვისი კურთხევა, შეეძლო სტატუსის ჩამორთმევა.


ე.წ „ობშიაკს“ საფუძვლად დაედო პეტრე მოციქულის წერილი, ის ავალდებულებს მრევლს შემოსავლის ათი პროცენტი შესწიროს ტაძარს და წინამძღვარი განკარგავს ვისთან მივა შესაწირი და როგორ. ასე იყო რეფორმაციამდე.


გავლენის მოპოვების შემდეგ რა თქმა უნდა მისი გამოყენება გადაწყვიტეს და მატერიალური სურვილებიც დაიკმაყოფილეს. მერე იყო კიდევ ერთი რეფორმაცია და საბოლოოდ მივიღეთ ჩვეულებრივი მაფიოზები, მაგრამ მაინც დამახასიათებელი ნიშნით. - „ღვთის გმობა მკრეხელობაა, ქურდის განკითხვა ბოზობა“
საბჭოეთში კლავდნენ ღმერთს, ხვრეტდნენ სასულიერო პირებს, ბილწავდნენ ტაძრებს, მაგრამ არაფერს ქართული მართლმადიდებლობისთვის იმხელა დარტყმა არ მიუყენებია რამხელაც ორი მენტალობის ერთმანეთში აღრევამ გამოიწვია. ქრისტიანულის (ყოვლად თავმდაბლური) და ქურდულის (ყოვლად ამპარტავნული). ამ მენტალობის აღზევება იყო მართლმადიდებლობის დაცინვა. უამრავ ადამიანს ჯერ კიდევ ვერ გაუმიჯნავს ერთი მეორისგან. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა სულ ცოტა ხნის წინ ასეთი რამ თქვა - „დიახ მე ადამიანი ვარ და ვბილწსიტყვაობ ხოლმე, ნახალოვკაში გავიზარდე და ვერ შევიცვლები“ - ტიპიური მაგალითი იმისა, რომ ადამიანს ვერ გაუმიჯნავს ერთმანეთისგან ორი იდეოლოგია და სამწუხაროდ ერთი გზა ჰგონია, მაგრამ „ან ღმერთს უნდა ემსახურო ან მამონს“
მერე იყო ბრძოლა კრიმინალთან, მაგრამ არა მენტალობასთან. ნაციონალური მოძრაობის პერიოდში ებრძოდნენ მენტალობის მატარებელ ადამიანებს და არა თავად მენტალობას. ებრძოდნენ ძალადობრივი მეთოდებით, ხანდახან ტყვიით. But მიშა.. Ideas are bulletproof.კორუფციის აღმოსაფვრელად აუცილებელი იყო მკაცრი ზომების მიღება, ახალი თაობებისთვის სწორი მაგალითის მისაცემად აუცილებელი იყო მკაცრი ზომების მიღება, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა, რა იყო მოტივი ე.წ ავტორიტეტებთან ბრძოლის? ზრუნვა ნათელ მომავალზე თუ ყველა სფეროში ძალაუფლების მოპოვება და მათი ჩანაცვლება? ყველამ თავად გასცეს ამ კითხვას პასუხი. მე ჩემი პასუხი უკვე გავეცი.


თორმეტი წლის ვიყავი, როცა ფეხი გამიხვრიტეს, მუხლზედა ორთავა კუნთი მთლიანად გაგლეჯილი იყო, ვიჩხუბეთ, ბევრნი ვიყავით, ყველაზე დიდი თხუთმეტი წლის იქნებოდა. საავადმყოფოში ერთი თვე მომიწია ყოფნა, ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის და მაშინ მივხვდი, რომ ჩვენ ყველანი მსხვერპლნი ვიყავით. იმ გარემოსი, რომელშიც გავიზარდეთ. არასწორი ფასეულობები, მოწამლული მენტალობა, ძალადობით გაჟღენთლი გარემო. ვინმემ იზრუნა იმაზე, რომ ჩვენთვის სწორი მაგალითი მოეცა? არავინ! სამაგიეროდ ხელიდან წასულებს დაერივნენ და თავები დაუხვრიტეს. ჯერ კიდევ არასრულწლოვნებს. ზოგს ციხეში გააძრეს ტყავი. ვინმემ იფიქრა იმაზე, რომ მოზარდის ცვლილება ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო? ჯერ კიდევ შესაძლებელი იქნებოდა მათში გარდატეხა. ეს იქნებოდა ძალიან გრძელი, რთული და სწორი გზა, მთავრობამ მარტივი გზა აირჩია - „ყველანი ციხეში!“
ვხედავდი ძალიან ბევრ ჩემ თანატოლს, რომელიც გამოირჩეოდა ლიდერის თვისებებით, ჯანსაღ გარემოში მოხვედრის შემთხვევაში ისინი იქნებოდნენ წარმატებული სპორტსმენები, წარმატებული მეცნიერები, ხელოვანები, ლიდერობის წარმოჩენას შეეცდებოდნენ იმ უნარით და ნიჭით რაც ყველა ადამიანს თანდაყოლილად აქვს და არა თავს მოხვეული მანკიერებით, დანის და იარაღის ტრიალით.
მაგრად ხატავდა ჩემი უბნელი ძველი ბიჭი, მასზე ლეგენდები დღემდე მესმის, თოთხმეტი წლისა შევიდა ციხეში, ალბათ ეხლაც იქ არის. ნახიპიშარი, განერვიულებული დაჯდა სკამზე, ყურიდან ფანქარი ჩამოიღო და უნდოდა დაეხატა, მაგრამ ვერ დახატა. ხელი აუკანკალდა, მერე ის ფანქარიც მოისროლა და ალბათ აღარც აუღია.


რა უნდა მომხდარიყო იმისთვის, რომ გაგვენადგურებინა მენტალობა (თავის გახრწნილი ლამაზად შეფუთული იდეით) და არა ადამიანი? ამისთვის პირველი ნაბიჯები უნდა გადაედგათ სასულიერო და სახელმწიფო ინსტიტუტებს. სასულიერო პირებს უნდა დაეგმოთ ცხოვრების მსგავსი წესი, უკლებლივ ყველას და საჯაროდ. მონასტრები არ უნდა ყოფილიყო სასტუმრო კრიმინალებისთის. ღვთის კარი ყველასთვის არ არის ღია, ვერ იქნება ღია მათთვის ვინც შეგნებულად არ იღებს მცნებას „არა იპარო“ და ჰგონია, რომ მოპარვა მისი შეგნებული ცხოვრების ნაწილია. რვაასიან წლებში როცა ქართველმა რუსეთში პირველად მოიპარა და დაიჭირეს, საქართველოში ქალებმა შავები ჩაიცვეს გლოვის ნიშნად, იმდენად დიდი სირცხვილი იყო. ქურდობა არ არის ქართული სკოლა. არც არასდროს ყოფილა.


მინიმუმ არასრულწლოვანთა დაწესებულება მაინც უნდა ყოფილიყო გამოსასწორებელი და არა სადამსჯელო, მათი გარდატეხისთვის და სასიკეთო ცვლილებისთვის მუშაობა უნდა მომხდარიყო განათლების და არა ძალადობრივი კუთხით. რისი მიღწევა გვინდა როცა ციხეში ვსვამთ ადამიანს? გვინდა, რომ სცემონ? აწამონ? მაშინ ჩვენ რით განვსხვავდებით მათგან? ნაწამები ადამიანი ადამიანად აღარ ივარგებს. ის ან სიცოცხლის რწმენას დაკარგავს და უკიდურეს სასოწარკვეთამდე მივა, ან სიძულვილით აღივსება, მისი სიტყვა და საქმე იქნება სიძულვილით მოტივირებული.


რატომ არის ევროპაში ჰუმანური ციხეები? რატომ აქვს კომფორტი ნომერ პირველ ტერორისტს და რატომ უსრულებენ ნებისმიერ ხუშტურს? მძიმე დამნაშავე სინანულამდე მხოლოდ მაშინ მიდის ,როცა მის გარშემო სიკეთეს ხედავს, ადამიანურობას ხედავს, სინათლეს ხედავს, რომელიც შორს არის მისგან. მივა სინანულამდე მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული, რომელსაც ყოველ დღე სცემენ? არა, ის ჩათვლის, რომ არაფრით არის ბადრაგზე უარესი.
მიზანი უნდა იყოს პატიმარში სინანულის გამოწვევა, მასში ადამიანის გაღვიძება, როგორი მძიმე დანაშაულისთვისაც არ უნდა იხდიდეს სასჯელს.


არჩევნების მერე ჩემი თაობის ზოგიერთ მოკრიმინალო ელემენტს ამნისტია შეეხო, ამ დროის განმავლობაში მოხდა მათში ცვლილება, მხოლოდ ცუდის მხრივ. სასოწარკვეთილები ვერ ხედავენ გზას, რომელზეც სიარულს შეძლებენ. მათი გამოშვება ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ სათავისოდ გამოიყენა პანიკის დასათესად, აღმოჩნდა, რომ დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილი არ იყო, მაგრამ ძალიან სწრაფად ყველა გამოშვებული ისევ შეაბრუნეს. უცბად აღმოაჩნდა ზოგს წამალი, ზოგს იარაღი. ხალხი დამშვიდდა. „ბოროტები“ ისევ ციხეში არიან.
მენტალობა არ განადგურებულა და ვერც განადგურდება, მითუმეტეს ჯალათების ხელით. მხოლოდ ის იყო შესაძლებელი, რომ ერთი გახრწნილი იდეა მეორე ჯანსაღი იდეით ჩაგვენაცვლებინა, მაგრამ ეს დღემდე ვერ შევძელით, მთავრობაში ყოველთვის გვყავს ჯალათები, იდეოლოგები ნაკლებად.


გარეთ დარჩენილ თაობაში მენტალობამ განიცადა კიდევ ერთი რეფორმაცია, თვითგადარჩენის მიზნით გახდა ნაკლებად ძალადობრივი, მაგრამ დაიტოვა შავი ფერი, დაიტოვა აგრესია, დაიტოვა კავშირი ეკლესიასთან, გაიკეთა კრიალოსანი, დაიჭირა ხელში დანა და მზად არის ყველას სათითაოდ ყელი გამოსჭრას ვინც შავი ფერის ეკლესიას შეეხება. შედეგად მივიღეთ თალიბანი.
წარსულში უფროსი თაობების დაშვებული შეცდომების გამო გავიზარდეთ კრიმინალურ გარემოში, როცა გახრწნილი მენტალობით დავვაადდით უფროს თაობას არ უზრუნია ჩვენს განკურნებაზე, უბრალოდ თავში ტყვია დაგვახალეს.

აფრიკის ერთ ტომს ასეთი ტრადიცია აქვს: ტომის წევრები წრეს კრავენ და შუაში დამნაშავეს აყენებენ, სანამ განაჩენს გამოუტანენ ჩადენილი დანაშაულის გამო, ტომის თითოეული წევრი იხსენებს იმ კეთილ საქმეს, რომელიც დამნაშავეს გაუკეთებია ან იმ დადებით თვისებას, რომელიც მას გააჩნია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG