Accessibility links

ავტორი: ესმა გუმბერიძე

ჩვენ საქართველოში 9 მაისს ისე ავღნიშნავთ, როგორც ჩვენი, ქართული ანდა წინარექართული სახელმწიფოს, ეროვნულ გამარჯვებას. არადა გამარჯვება მხოლოდ ადამიანური მსხვერპლისა და დანაკარგების ოდენობით კი არ განისაზღვრება, რაშიც იმ ომში ნამდვილად ჩემპიონები გამოვდექით, არამედ ძირითადად იმით, თუ რა მოიპოვა, რა შეიძინა ამა თუ იმ სამხედრო კონფლიქტის შედეგად ამა თუ იმ მხარემ ანდა რა დაზოგა მან, რა შეინარჩუნა ისეთი, რასაც საფრთხე ემუქრებოდა ამ ომით.

1940–იანი წლების საქართველოს მოსახლეობა, უკვე 30–იანი წლების რეპრესიებით შეთხელებული და მოაზროვნე ელემენტგანადგურებული შეადგენდა 3.5 მილიონს, ანუ სამმილიონნახევარს. აქედან მე–2 მსოფლიო ომში გაიწვიეს 700 ათასი, ანუ იმდროინდელი საქართველოს მოსახლეობის 20%, მეხუთედი! ამ 700 ათასიდან 350 ათასი, ანუ ნახევარი ომში დაიღუპა! როგორც გამიგია, იყო საუბრები, რომ საქართველო, როგორც მცირერიცხოვანი რესპუბლიკა, დაეზოგათ ომში მონაწილეობისგან, მაგრამ სტალინი აბა „რისი ქართველი იქნებოდა“, ამას რომ დათანხმებოდა. პირიქით, ქართველებს თურმე ყველაზე საშიშ, მომაკვდინებელ და სახიფათო ადგილებში უშვებდნენ საბრძოლველად, ფაქტობრივად ხშირად სასიკვდილოდ იმეტებდნენ ხოლმე! საქართველოს მოსახლეობის 10% დაიღუპა იმ ომში, რომლის საბრძოლო მოქმედებებს კავკასიამდე და მითუმეტეს საქართველოს ტერიტორიამდე არ მოუღწევია. თანაც დაიღუპა ვინ, ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე შრომისუნარიანი, უშიშარი და შთამომავლობის მოცემის უნარიანი მეათედი! შედარებისთვის მე–2 მსოფლიო ომში გერმანიამაც დაკარგა თავისი მოსახლეობის ზუსტად 10%, მაგრამ გერმანია ხომ ომის უშუალო და პირდაპირი მონაწილე და თანაც ინიციატორი, სულის ჩამდგმელი იყო! თანაც გერმანიის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებიც მიმდინარეობდა!

მსხვერპლის ოდენობით კი ბევრი გაიღო საქართველომ, მაგრამ ახლა ვნახოთ, რა მოვიგეთ, რა მოვიპოვეთ ანდა რა შევინარჩუნეთ 9 მაისის გამარჯვების შედეგად, როგორც სახელმწიფომ. საქართველოს როლი და წვლილი ამ ომში არათუ პირდაპირ, არამედ ირიბადაც კი, როგორც საბჭოთა კავშირის წევრისა, თითქმის არ არის დანახული და დაფასებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ და არც არასდროს არ ყოფილა, იმიტომ რომ უამრავი იმდროინდელი და თანამედროვე დიპლომატი, ჟურნალისტი, სამხედრო მიმომხილველი თუ პოლიტიკოსი მე–2 მსოფლიო ომზე საუბრისას საბჭოთა კავშირის ნაცვლად რუსეთს მოიხსენიებს. ანუ დასავლურ აკადემიურ წრეებს თუ დავაკვირდებით, იმას, თუ რა ფორმებით წერენ ისინი თავიანთ მოსაზრებებს, დავინახავთ, რომ საერთაშორისო გაგებით ომი თურმე მოიგო რუსეთმა და არაიმდენად საბჭოთა კავშირმაც კი, ანუ აღიარებულია მხოლოდ რუსეთის როლი, საბჭოთა კავშირის დანარჩენი 14 რესპუბლიკა კი ჩრდილში ვართ, დაუნახავში! ომის გამარჯვების ყველა ნაყოფი რუსეთმა მოიმკო მხოლოდ და მხოლოდ. მხოლოდ რუსეთს ეწოდა გამარჯვებული მხარე, მხოლოდ რუსეთი გახდა ამის საფუძველზე გაეროს უშიშროების საბჭოს „ვეტოს“ უფლების მქონე მუდმივმოქმედი წევრი, დანარჩენი 14 რესპუბლიკა კი გვერდზე დავრჩით ჩვენი ადამიანური თუ ფინანსურ–ეკონომიკური წვლილისა და მსხვერპლისმიუხედავად, თავიდან ბოლომდე!

ვიღაცა იტყვის, კი მაგრამ გერმანელი ნაცისტების შემოსევას ხომ გადავურჩითო. მაგრამ რა ვიცით, რა იქნებოდა, საქართველო მე–2 მსოფლიო ომის დაწყების მომენტისთვის დამოუკიდებელი რომ ყოფილიყო. ჩვენ არ ვიცით, შეძლებდნენ თუ არა გერმანელები კავკასიამდე მიღწევას. მათ ხომ ვერ მოაღწიეს საქართველოს საზღვრებამდე. რატომ გვგონია, რომ საქართველო დამოუკიდებელი რომ ყოფილიყო, ისინი აუცილებლად მოაღწევდნენ? იქნებ, ვერა. მანამდე ხომ რამხელა ტერიტორიის დაპყრობა მოუწევდათ და რუსეთი ხომ ჩვენი დახმარების გარეშეც გაუწევდა მათ წინააღმდეგობას. ვინ იცის, იქნებ მოეღწიათ კიდეც, მაგრამ ძალიან მინავლებულები და მისუსტებულები ყოფილიყვნენ პოლონეთის, უკრაინისა და რუსეთის წინააღმდეგობით გატეხილები. და თუ საბჭოთა კავშირის, მოსკოვის მოთხოვნით გამოვიყვანეთ 700 ათასი სამხედრო, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო რატომ ვერ გამოვიყვანდით ამდენივეს, საჭირო რომ გამხდარიყო? განსხვავება ის იქნებოდა, რომ გერმანელების არშეშვება–განდევნით ჩვენც გვექნებოდა ომში მხარის საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსი, ისევე როგორც მაგალითად საფრანგეთს. მინიმუმ რუსეთად არ მოგვიხსენიებდნენ, არამედ ცალკე სახელს გვიწოდებდნენ და საერთაშორისო ურთიერთობებში ხომ სწორედ ისაა მნიშვნელოვანი, რომ პირზე ეკერო. ჩემზე საუბრობენ, სხვებისგან განცალკევებით მომიხსენიებენ, მაშასადამე ვარსებობ– ეს არის საერთაშორისო ურთიერთობების დევიზი.

სწორედ ყოველივე ამის გამო ჩვენ 9 მაისს კი არ უნდა ვზეიმობდეთ, არამედ უნდა ვგლოვობდეთ. იმ საშინელი ომის მონაწილე ქართველი მებრძოლები/მეომრები პირადად ჩემთვის ისეთივე მსხვერპლები არიან იმპერიალიზმისა, როგორც, მაგალითად, ის ქართველი მეომრები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ებრძოლათ მონღოლების, სპარსელებისა და ოსმალების ომებში, სადმე საბერძნეთში, ინდოეთში, ავღანეთსა თუ სომხეთში. თუ ფაშიზმსა და ნაციზმზე მსოფლიო გამარჯვების დღე მაინც უნდა ვიზეიმოთ, მაშინ ავღნიშნოთ მე–2 მსოფლიო ომის ოფიციალურად დამთავრების დღე, 1 ან 2 სექტემბერი, აი არცკი მახსოვს, ზუსტად რომელია, იმდენადაა ჩვენში გამჯდარი 9 მაისის კულტი. არადა მე–2 მსოფლიო ომი, ზემოთაღწერილი მიზეზების გამო ძალიან ჩვეულებრივად შეგვიძლია, ჩავთვალოთ სხვის ომად, რომელშიც იძულებულნი ვიყავით, ჩავრთულიყავით, როგორც მეომარი მხარის რიგითი პროვინცია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG