Accessibility links

უბედური “ბედნიერი არაბეთი”


ავტორი: გიორგი არქანია

დღევანდელი იემენი ოდესღაც „ბედნიერ არაბეთად“ იწოდებოდა, რადგანაც არაბეთის ნახევარკუნძულის ყველაზე ნაყოფიერ და შესაბამისად, ყველაზე მდიდარ ქვეყანას წარმოადგენდა. ეს სახელი კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა – ბოლო პერიოდში ამ სახელმწიფოში არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა იყო, სამოქალაქო ომისა და საერთაშორისო ინტერვენციის დაწყების შემდეგ კი სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. სამწუხაროდ, სირიის კრიზისის ფონზე იემენის კონფლიქტს ნაკლები ყურადღება ექცევა, თითქოს საერთაშორისო საზოგადებამ მიივიწყა იემენელები, რომლებიც პოლიტიკური და ეკონომიკური ქაოსის შემდეგ ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დადგნენ.

გასული საუკუნის დასაწყისში იემენის ტერიტორიის ჩრდილოეთი ნაწილი ოსმალეთის სულტნის სამფლობელოს წარმოადგენდა, სამხრეთი კი – ინგლისელების. 1918 წელს, არაბეთის ნახევარკუნძულიდან ოსმალების განდევნის შემდეგ, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში შეიქმნა დამოუკიდებელი იემენის მუთავაქილური სამეფო (ცენტრი – ქ. სანა), რომელსაც შიიტური სექტის – ზაიდიტების იმამი ჩაუდგა სათავეში. 1962 წელს გამალ აბდ ან-ნასერის მიმდევარმა იემენელმა ოფიცრებმასამხედო გადატრიალება განახორციელეს და იემენის არაბული რესპუბლიკის დაბადება გამოაცხადეს, რასაც მოჰყვა ხანგრძლივი სამოქალაქო ომი მონარქისტებსა და რესპუბლიკელებს შორის (პირველ ბანაკს მხარს უჭერდა საუდის არაბეთის სამეფო, მეორეს – ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა). 1967 წელს ქვეყნის სამხრეთმა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამგვარად შეიქმნა იემენის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა (ცენტრი – ქ. ადენი). წლების განმავლობაში ორ იემენს შორის უკიდურესად დაძაბულობა ურთიერთობა სუფევდა. 1990 წელს ისინი იემენის რესპუბლიკაში გაერთიანდნენ.

გაერთიანების პირველივე დღიდან ქვეყანას მართავდა პრეზიდენტი ალი აბდ ალლაჰ სალეჰი(მანამდე ის იყო ჩრდილოეთ იემენის მეთაური 1978-1990 წლებში). 2011 წელს დაწყებულმა „არაბულმა გაზაფხულმა“ პრეზიდენტ სალეჰის ხელისუფლებაც იმსხვერპლა, 2012 წლის თებერვალში ის იძლებული გახდა ძალაუფლება ვიცე-პრეზიდენტ აბდ რაბუჰ მანსურ ჰადისთვის გადაეცა. თავდაპირველად ჩანდა, რომ იემენი დაძლევდა გარდამავალ პერიოდში არსებულ სირთულეებს დალიბიისა და სირიის ბედს არ გაიზიარებდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სიტუაციით ისარგებლეს ექსტრემალურმა ჯგუფებმა, როგორც შიიტმა ასევე სუნიტმა რადიკალებმა და სამხრეთელმა სეპარატისტებმა.

ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში ტერორისტული მოქმედებები გააძლიერა ორგანიზაციამ „ალ-კაიდა არაბეთის ნახევარკუნძლზე“. 2011 წლის 31 მარტს აბიანის რეგიონშიმათ „ისლამური საამიროს“ შექმნა გამოაცხადეს, ხოლო 2012 წლის მარტში შაბვას რეგიონში გადაინაცვლეს.

ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში მცხოვრებმა შიიტმა ზაიდიტებმა, რომლებიც ჰუსიტების სახელით არიან ცნობილნი, ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყეს იემენის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა, თვითგამოცხადებული იმამის, ჰუსაინ ალ-ჰუსის ლიდერობით. ისინი იბრძოდნენ 1962 წელს გაუქმებული შიიტური მონარქიის აღდგენის მიზნით. დაპირისპირებულმა მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმებას მხოლოდ 2010 წელს მიაღწიეს. „არაბულმა გაზაფხულმა“ ჰუსიტებს ხელ-ფეხი გაუხსნა: 2012 წლის შემოდგომისათვის საადას პროვინციას მთლიანად ისინი აკონტროლებდნენ. მათ წინააღმდეგობას უწევდნენ სამთავრობო ძალები და სალაფიტური მოძრაობები, მათ შორის „ალ-კაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე“. ჰუსიტებმა წარმატებით გამოიყენეს ბრძოლის პოლიტიკური მეთოდებიც, როგორიცაა დემონსტრაციები. 2013-2014 წლებში მიმდინარე სამშვიდობო პროცესების პარალელურად ჰუსიტები სულ უფრო უახლოვდებოდნენ ქვეყნის დედაქალაქს. 2014 წლის შემოდგომაზე მათ სანაზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს და 21 დეკემებრს ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავეს, მათ შორის სამთავრობო შენობები და სამაუწყებლო საშუალებები. იმავე დღეს, გაეროს შუამავლობით ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაცპრემიერ-მინისტრი მუჰამად სალაჰ ბასინდვა გადადგა და მის ნაცვლად დაინიშნა ორივე მხარისათვის მისაღები პიროვნება – ხალიდ მაჰფუზ ბაჰაჰი.

ჰუსიტების წინსვლის პარალელურად ალ-კაიდა კიდევ უფრო გააქტიურდა. 2015 წლის 12 თებერვალს მათ განაცხადეს, რომ უერთდებოდნენ „ისლამურ სახელმწიფოს“ და მორჩილებას უცხადებდნენ „ხალიფა“ ალ-ბაღდადის.

2015 წლის 19 იანვარს შიიტმა მებრძოლებმა პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმი განახორციელეს. 22 იანვარს პრეზიდენტმა ჰადიმ გადადგომის შესახებ განაცხადა, თუმცა სამი დღეში გადაწყვეტლება შეცვალა. ერთთვიანი შინაპატიმრობის შემდეგ ის ადენში გამაგრდა, ხოლო მარტში საუდის არაბეთში გადავიდა. 2015 წლის 6 აპრილს ჰუსიტებმა ადენის პორტი აიღეს.

2015 წლის 5 თებერვალს ჰუსიტებმა მიიღეს „საკონსტიტუციო დეკლარაცია“ და მსხვილ ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციის შემდეგ შექმნეს უმაღლესი სახელისუფლებო ორგანო – ხუთკაციანი საპრეზიდენტო საბჭო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სამხრეთ იემენის ყოფილი პრეზიდენტი ალი ნასერ მუჰამადი. დროებით მთავრობად გამოცხადდა რევოლუციური კომიტეტი მუჰამად ალი ალ-ჰუსის მეთაურობით. 2016 წლის 15 აგვისტოს ეს ორგანო შეცვალა უმაღლესმა პოლიტიკურმა საბჭომ. მიუხედავად ამისა, გაერომ ოფიციალურად მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ჰადის და სანქციები დააწესა ჰუსიტებისა და ექსპრეზიდენტ სალეჰის მიმართ.

ჰადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ სამხრეთ იემენში გააქტიურდა „სამხრეთელთა მოძრაობა“. სეპარატისტებმა ადენში იემენის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა ააფრიალეს და შიიტური მთავრობის მორჩილებაზე უარი განაცხადეს.

23 მარტს ჰადის ხელისუფლებამ არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებს თხოვნით მიმართა, რათა იემენში შემოეყვანათ „ნახევარკუნძულის ფარის“ ნაწილები (ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს სამხედრო ძალები). 26 მარტს საუდის არაბეთის მეფემ სალმან იბნ აბდ ალ-აზიზმა ჰუსიტების წინააღმედგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ განაცხადა. მალევე ჩამოყალიბდა კოალიცია, რომელშიც საუდის არაბეთთან ერთად გაერთიანდნენ: ქუვეითი, კატარი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე, იორდანია, სუდანი, მაროკო და პაკისტანი. კოალიციამ ირანი შიიტი ამბოხებულების დახმარებაში დაადანაშაულა და მიზნად დაისახა ჰუსიტებისა და სალეჰის მომხრე ძალების შევიწროება და იემენის სათავეში ჰადის ადმინისტრაციის დაბრუნება. აქტიურად დაიწყო ჰუსიტებისა და ალ-კაიდას მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების საჰაერო დაბომბვა და საზღვაო პორტების ბლოკირება, რათა შიიტურ ძალებს ირანისაგან დახმარება არ მიეღოთ. კოალიციას მნიშვნელოვანი მატერიალურ-ტექნიკური დახმარება გაუწიეს აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.

კონფლიქტის ძირითადი მიზეზები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:

1. იემენში წლების განმავლობაში შექმნილი უმძიმესი სიტუაცია: ომის დაწყებამდე 25 მილიონიანი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი იყო. ადამიანური განვითარების ინდექსის მიხედვით იდგა ისეთი სახელმწიფოების გვერდით როგორებიც არიან: ზიმბაბვე, პაპუა-ახალი გვინეა და ტოგო. იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ექსპორტს.

ქვეყანა კონფესიური თვალსაზრისით ჭრელია: ჩრდილოეთ ნაწილში სჭარბობენ შიიტები, სამხრეთში – სუნიტები, რომელნიც საკუთრივ იყოფიან სხვადასხვა მიმდინარეობებად.

მიუხედავად იემენის გაერთიანებისა, მაინც შენარჩუნდა შესამჩნევი განსხვავება ქვეყნის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. 1990-იან წლებში სამხრეთმა გამოყოფა სცადა. მართალია, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ გამოსვლების აღკვეთა შეძლო, მაგრამ სეპარატისტული განწყობა არ გამქრალა.

ყველაფერ ამას ემატება მრავალი დიდი თუ მცირე პრობლემა, რომელმაც საბოლოოდ იემენი სამოქალაქო უთანხმოებამდე მიიყვანა.

2. დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთის შიიტურ და სუნიტურ „ბანაკებს“ შორის: ფაქტია, რომ ჰუსიტებს დახმარებას უწევს შიიტური ირანი, პრეზიდენტ ჰადის მომხრეებს კი სუნიტური სახელმწიფოები, საუდის არაბეთის ლიდერობით.

1979 წელს ირანში ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ რეგიონის სუნიტური ქვეყნები უდიდესი საშიშროების წინაშე დადგნენ. მართალია, ახლო აღმოსავლეთში შიიტთა გავლენის ზრდასტიქიურად არ მომხდარა, მაგრამ თანდათან მივიღეთ შემდეგი სურათი: ხელისუფლებაში ასადების ოჯახის მოსვლის შემდეგ სირიის რესპუბლიკა ირანის ერთგულ მოკავშირედ იქცა; სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობას ერაყის ხელისუფლებაში შიიტების მოსვლა მოჰყვა; ლიბანში უდიდეს გავლენას ფლობს პროირანული პარტია „ჰიზბალაჰი“; 2011 წელს ბაჰრეინში, სადაც მუსლიმთა 70% შიიტია, ხოლო ხელისუფლებაში სუნიტური სამეფო ოჯახი იმყოფება, დაიწყო რევოლუციური პროცესები, რომელიც ყურის არაბული ქვეყნების სამხედრო ჩარევის შემდეგ ჩაცხრა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სუნიტურმა ქვეყნებმა დაიწყეს იემენის დე-ფაქტო შიიტური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ბრძოლა. მართალია, ირანის შიიტებსა და იემენელ ზაიდიტებს შორის მნიშვნელოვანი იდეოლოგიური განსხვავებაა, მაგრამ ისინი ერთმანეთთან უფრო მეტ საერთოს პოულობენ, ვიდრე სუნიტებთან.

ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საუდის არაბეთისთვის. მას იემენის სასაზღვრო რეგიონებში ჰყავს მრავალრიცხვოვანი შიიტური მოსახლეობა. რა თქმა უნდა, არის საშიშროება, რომ იემენიდან „შიიტური რევოლუცია“ საუდის არაბეთშიც შეაღწევს. მითუმეტეს, შიიტებით დასახლებული რეგიონები ნავთობით ყველაზე მდიდარია.

3. ყველაზე მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური ფაქტორები: იემენით დაინტერესებული ძალები იბრძვიან იმ სტრატეგიული ობიექტის გასაკონტროლებლად, რომელსაც ბაბ-ელ-მანდების სრუტე ჰქვია. სწორედ ეს პუნქტი არის არაბული ქვეყნებიდან ევროპასა და ამერიკაში მიმავალი ნავთობის ერთ-ერთი საკვანძო გამტარი. 2013 წელს მასში ყოველდღიურად გადიოდა 3,8 მილიონი ბარელი ნავთობი. სრუტეზე კონტროლის დაკარგვით სუნიტური ქვეყნები იძულებულნი გახდებიან აფრიკის შემოვლითი გზით ისარგებლონ, რაც ხარჯებს კოლოსალურად გაზრდის და ნავთობის ბიზნესს დააზარალებს.

ირანისთვის მომგებიანია იემენში მოკავშირე მთავრობის ყოლა. ის, ფაქტობრივად, ხელში ჩაიგდებს უდიდეს სტრატეგიულ პუნქტს. მითუმეტეს, ბოლო პერიოდში თეირანი ნელ-ნელა აუმჯობესებს ურთიერთობებს დასავლეთთან და სანქციების შემცირების ხარჯზე მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს ნავთობის ბაზარზე (ირანი აგრეთვე აკონტროლებს ჰორმუზდის სრუტის ჩრდილოეთ ნაწილს).

რაც შეეხება სამხედრო მოქმედებებს, 2016 წლის აგვისტოში კოალიციის სახმელეთი ძალებმა აიღეს ქალაქი ადენი და პრეზიდენტი ჰადი სამშობლოში დააბრუნეს. გააქტიურდა ჰუსიტების შევიწროება ჩრდილოეთის მიმართულებით.

შემცირდა რადიკალი სალაფიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაც. 2017 წლის 28 იანვარს ამერიკელმა სამხედროებმა ალ-კაიდას წინააღმდეგ დაიწყეს ოპერაცია, რომელიც რიგით პირველი იყო დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ. ოპერაციის შედეგად დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის ერთი ამერიკელი სამხედრო პირი და ტერორისტების ერთ-ერთი ლიდერი.

2017 წლის 9 მარტს ჰადის მომხრეებმა სანას მისადგომებთან სტრატეგიული ტერიტორიები დაიკავეს და მხოლოდ 30 კილომეტრი აშორებთ ქვეყნის დედაქალაქს. დღეს ისინი იემენის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ.

ამასობაში ქვეყანა ნადგურდება. ომის პერიოდში იემენში მოშიმშილე ბავშვთა რაოდენობა 200%-ით გაიზარდა და ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ომამდე იემენს საკვები პროდუქტების 90% საზღვარგარეთიდან შემოჰქონდა, ომის შემდეგ ეს პროცესი შეწყდა და მოსახლეობის უმეტესობა საკვების გარეშე დარჩა. ჰუმანიტარული დახმარება მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილამდე აღწევს. ომის დაწყების შემდეგ გარდაიცვალა 10 ათასამდე ბავშვი. დაპირისპირებულთა ყველა ბანაკის მხრიდან რეგულარულად ხდება საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშად დარჩვევა. გაეროს მონაცემების მიხედვით, 3,1 მილიონი იემენელი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირს, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს სამედიცინო მომსახურეობაზე წვდომა, საჰაერო დაბომბვების შედეგად დაინგრა უამრავი შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები….

რა იქნება შემდგომ?

ახლო აღმოსავლეთში ძალიან ძნელია კონკრეტული პროგნოზის გაკეთება, თუმცა იემენის კონფლიქტის მომავალთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას შემდეგი: სავარაუდოდ, არაბული ქვეყნების კოალიცია მოახერხებს სანაში სუნიტური ხელისუფლების დაბრუნებას, მაგრამ ქვეყანა მაინც ვერ აცდება ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ რეორგანიზაციას. ზაიდიტები დარჩებიან ანგარიშგასაწევ ძალად და მიიღებენ მნიშვნელოვან პრივილეგიებს ხელისუფლებისაგან. კოალიციამ უნდა გაითვალისწინოს 1960-იან წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომიც, სადაც ზაიდიტებმა ეგვიპტის სამხედრო ძალებს 26 ათასი ჯარისკაცი დააკარგვინეს.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იემენი დიდხანს ვერ მოიშუშებს კონფლიქტისგან მიღებულ ჭრილობებს…

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG