Accessibility links

ავტორი: ივა შ.

ცოლი მოვიყვანე!
ცოლი მომაყვანინეს.
არ ვიცი რომელი უფრო სწორი და რეალობის გამომხატველია, რომელი უფრო ტრაგიკულია, რომელი უფრო სასაცილოა, ან სატირალი. რომელი უფრო ბედნიერების დამატებითი მიზეზია. ფაქტი ერთია: იქამდე ვიქნებით ერთად, სანამ არ მოვკვდები. მასთან დაშორება, ჩხუბი, გაყრა, უწესრიგობა, უყურადღებობა და შეუჩვევლობა ისევ მე მომაყენებს ზიანს . როგორც მინიმუმ სიკვდილთან მიმაახლოვებს და როგორც მაქსიმუმ მომკლავს. ჩემი ცოლის მოყვანის ფაქტი მხოლოდ ორმა მეგობარმა იცის. არც დედამ, არც ძმამ და არც ძმაბიჭებმა თუ დაქალებმა. ექიმებმა მომაყვანინეს ცოლი. რანაირად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ფაქტი ესაა და დანარჩენს ქვემოთ ჩავშლი. დედამ არ იცის და ეგ საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებებს მიტოვებს. თუმცა ალბათ რომ გაიგებს , ისეთივე სამუდამოდ შემაქცევს ზურგს, როგორ სამუდამოდაც ცოლი მეყოლება. ის ფაქტი გააღიზიანებს ეს ყველაფერი რომ დავუმალე. ალბათ მერე მთავარ ფაქტზე გაბრაზდება და ასე დაიშლება ოც წლიანი ჩვენი ურთიერთობა. ჩემი ცხოვრებისეული მიზანია, რაც შეიძლება მერე გაიგოს დედამ ჩემს შესახებ . თავისი არჩევანია. კეთილგანწყობილი რომ ყოფილიყო ჰომოსექსუალთა მიმართ და ჰომოფობურ სიბრძნეებს რომ არ ანთხევდეს ყოველდღე, ალბათ ჩემს გამოჯანმრთელების ცერემონიაშიც წვლილს შეიტანდა. ჰო, ჰომოსექსუალი ვარ და ამის ფონზეა უცნაური ცოლის მოყვანა. ძმისთვის ამ ყველაფრის დამალვა არ მიცდია, უბრალოდ ამ წუთებში არ არის ფიზიკურად ჩემთან ახლოს, თუმცა რომ ვნახავ, ალბათ ჩემს ამბებს მოვუყვები. ცოტა რომ გაგიმარტივოთ საქმე, გეტყვით რომ ცოლი არ მომიყვანია . ანუ ის "ტრაგიკომედია" რომელიც ჩემს თავს ტრიალებს, მძიმე თუ არა, ცოლის მოყვანის ტოლფასია ჩემთვის.
მე აივ ინფიცირებული ვარ. ზემოთ აღნიშნული ცოლი , რომელთან ერთადაც უნდა მოვკვდე აივ ინფექციის შესამუხრუჭებლად გამოსაყენებელი აბებია. ექიმი რომ მაძლევდა ფორმა ასს, წამლების "დასრულების თარიღის" გრაფის გასწვრივ - "სიცოცხლის ბოლომდე" ეწერა. ამან დამაბნია ცოტა. ცხოვრების ბოლომდე ორი კოლოფიდან უნდა ამოვიღო ორი ჩხაკუნა ქილა , ქილებიდან ორი აბი, რომლებიც სათითაოდ უნდა მოვითავსო ენაზე და ენით უნდა ვისროლო საყლაპავისკენ. პირველი ღამე დღეს მქონდა . ალბათ უფრო სერიოზულად შევძლებდი აღქმას, ცოლის ასოციაცია მართლა რომ არ გამჩენოდა ექიმის სიტყვებზე "სამუდამოდ ერთად იქნებითო". განა რა, ვირუსული ინფექცია, რომლითაც ადრეც და დღესაც იხოცებიან და რეჟიმი, რომელიც ამ ვირუსულ ინფექციას განვითარების საფუძველს არ აძლევს. აი ეს რეჟიმია პრობლემა. აი როცა ვეჯახები იმ რეალობას, რომ აწი ჩემი ცხოვრება რაღაცა დეტალით დაემსგავსება ერთმანეთს, მაგის გაფიქრებაც მკლავს. აი როგორ არ უნდა გამომრჩეს მთელი ცხოვრება ერთი აბი, როგორ არ უნდა დავკარგო, როგორ არ უნდა გადამცდეს ყელში, როგორ არ უნდა ჩამომივარდეს ძირს, როგორ არ უნდა გავმაზო იმის გამო, რომ დედასთან გვერძე ვიქნები და წამალის მოხმარების დამალვის გამო გავმაზავ. ჩემი მიზანი დედასგან ცოტახნით წასვლა იყო. ავდექი და წამოვედი. სხვადასხვა შემალული მიზეზებით აღარ ვარ მასთან. დიდი-დიდი 4-5 თვე გაგრძელდეს ჩემი მასთან არ ყოფნა . მერე ექიმმა თქვა უნდა მოხვიდე რომ გაგსინჯოთ და გავიგოთ როგორ მიდის საქმეო.

რეალურად კონკრეტულად არაფერი მაქვს დაგეგმილი . To do list-ის გაკეთება მომიწევს, მარა გულიც კი დამწყდება რომ მოვასწრო და "დრამაქვინულად" დავხურო. ამიტომ არ ვწერ იმ სიას, რა უნდა გავაკეთო სანამ ცოცხალი ვარ. არ ვარ ეგეთი ტიპი. მომინდება , ავდგები, გავაკეთებ, დავჯდები. ესაა ჩემი ცხოვრება . არ ვგეგმავ ჩემს ცხოვრებას ხუთი, ექვსი, შვიდი წლით ადრე . მხოლოდ ის ვიცი , რომ ხვალ დილით კბილების გასახეხად უნდა შევიდე სააბაზანოში. ჩემს მეგობარს რომ ვუთხარი აივი მაქვს მეთქი, პირველი რაც გააკეთა დამიყვირა, პრეზერვატივს მოგცემდი გეთქვაო, მარა რეალურად ის წამიერი მომენტი არ განუცდია, როცა უდიდესს სიამოვნებას განიცდი და საკუთარ თავს აჯერებ, რომ იმ მომენტში , იმ ადამიანთან არ მოხდდება ის , რაც ამ ქვეყნიურ სივიწროვეზე უფრო მეტად დაგაფიქრებს. ეს იყო და ეს. მაგას როგორ დაუშვებს ვინმე, რომ რაიმე უბედურება გაიფიქროს საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახის წევრზე, საკუთარ მეგობარზე. დედა ოდესმე დაუშვებს იმ ტრაგედიას რომ ჰომოსექსუალი შვილი ყავს ?! ყოველთვის მაინტერესებდა რატომ სრულდებოდა გეი ფილმების უმეტესობა მაინცდამაინც აივის აკიდებით და შემდგომში დრამატული სიკვდილით, თუმცა ახლა რეალობის შემდეგ ხვდები, რომ ფილმი იქნება თუ წიგნი, რაც უფრო რელევანტურია, მით უფრო მომგებიანია. ჩემს ცხოვრებას ცოტა სხვანაირად ვუსაფრდები რასაც თქვენც გირჩევთ. აი წარმოიდგინეთ, გამოცდა მაგრად დაწერეთ და თავს აჯერებთ რომ ჩაიჭრებით. თუ გამოცდაში ჩაიჭერით ამ აზრს შეჩვეული იქნებით, ხოლო თუ არ ჩაიჭრებით ბედნიერებისთვის ერთი მიზეზით მეტი გექნება . ასე ვარ სულ. წარმოვიდგენ რომ 2 წელიწადში სწავლას ვრჩები და სადმე შორს წავალ სადაც მოვკვდები მეგობრებისგან შორს. თუ მოვკვდები, ამ აზრს შეჩვეული ვიქნები და თუ გადავრჩები, თითოეული დღისთვის დამატებითი ერთი ბედნიერების მიზეზი მექნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG