Accessibility links

8 მარტი - ანუ მადლობა ემიგრანტ ქალებს


ავტორი: მარიკა კენჭოშვილი

სულ პატარა ვიყავი, მამაჩემმა სამხედრო ნაწილში რომ წამიყვანა ბიძაჩემის სანახავად. სახლში მისული დედას ვეჩხუბე ,,რატო ბიჭი არ დამარქვი-თქო’’?! თმის ,,გადახოტვრაც’’ სწორედ ამ დღიდან მინდა და ამ დღის შემდეგ სულ სამხედროებთან ვიღებდი ფოტებს..ალბათ პატარაობიდან ვხვდებოდი რა დაუნდობელია საქართველოში გოგოობა, ქალობა...


ბავშვობიდან არ მიყვარდა ჩარჩოებში მოქცევა და ყოველთვის კონტექსტიდან ამოვარდნილი გოგო ვიყავი...(ფეხბურთს შუაღამემდე რომ თამაშობდა ბიჭებთან ერთად ) კაბების ნაცვლად სულ შარვლებში გადაღებული ფოტოები მაქვს...მერე იყო უფროსების ძახილი - როდის უნდა დაემსგავსო გოგოს ? ჩემი ცხოვრების რაღაც პერიოდს რეფრენად გასდევს ეს სიტყვები და მხოლოდ იმისთვის, რომ კაბას მივჩვეოდი ცეკვაზეც მატარეს კარგა ხანს... (თუმცა უშედეგოდ)
მხოლოდ ამით რომ წყდებოდეს გოგოობა, კარგი იქნებოდა, მაგრამ დრო გადის, წლები გემატება და მერე კიდევ უფრო მეტს ითხოვენ შენგან... ალბათ ყოველთვის ვიცოდი, ჰო ყოველთვის ვიცოდი ამის შესახებ და ეს გოგოობა, ქალობა არასდროს მომწონდა....
ქალებმა გადაარჩინეს საქართველო...დიახ, ამაყად ვიტყვი ამ სიტყვებს, რადგან ქალებმა კაცების ნაცვლად არჩინეს ოჯახები და გადაიხვეწნენ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით. ქალებმა გამოგვიყვანეს მძიმე 90-იანი წლებიდან და ხელახლა ჩაგვბერეს სული..ცხარე ცრემლებით იტირეს და ტირიან დღემდე უნახავ ოჯახებს, ვიდეო ჩართვით აცილებენ საყვარელ ადამიანებს უკანა გზაზე და ყოველი გარდაცვლილი საყვარელი ადამიანის შემდეგ, სახლში დასაბრუნებელი გზაც კიდეც უფრო შორი ხდება და კიდევ უფრო ემსგავსება გაღმა ნაპირს, სადაც ნავი უნუგეშოდ ელოდება თავის მგზავრს..


ერთხელ ჩემს მეგობარს დედამ მობილური ტელეფონი გამოუგზავნა, რაც იმ დროისთვის თითო-ოროლა თუ იქნებოდა მაშინდელ საქართველოში... გახარებულმა უბნის ბავშვებმა აღარ ვიცოდით სიხარულისგან რა გაგვეკეთებია, ისე მოგვეწონა..იმ ბავშვის ცრემლიანი თვალები კი დღემდე არ ამომდის თვალებიდან, დედა ენატრებოდა და ყველა ტექნიკა უძლური იყო ამ მონატრებასთან...დღესაც არ ჩამოსულა დედამისი...

ყოველ 8 მარტს მახსენდებიან ეს ქალები და წელს ვბედავ ჩემი მოკრძალებული მადლობა ვუთხრა მათ.
მადლობა, რომ აქ სიცივეში დარჩენილი ოჯახების გამო საკუთარი ცხოვრება დათმეთ...
მადლობა, რომ ასწავლით თქვენს დისა თუ ძმის შვილებს, უვლით ავადმყოფ მშობლებს, ნათესავებს, მეზობლებს...
მადლობა, რომ აიტანეთ ამდენი შეურაცჰწყოფა და თქვენსკენ გამოშვერილი თითი...რომ შეინარჩუნეთ ქართველი ქალის სახელი და უსაქმური, ღიპიანი კაცების სიტყვებს არ აქცევდით ყურადღებას.
მადლობა, რომ გადაარჩინეთ მარტო თქვენი ოჯახები კი არა სამშობლოც.

და , ბოდიში ჩვენი სახელმწიფოს სახელით, რომ ვერ ვიპოვეთ ამდენი წლის მანძილზე გზა- რომელიც სახლში დაგაბრუნებდათ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG