Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ნათია წოწკოლაური

ესაა სოფელი სადაც, უკვე რამდენიმე კვირაა ვცხოვრობ, დიდი სახლის მეორე სართულზე. ვცხოვრობ იმიტომ , რომ აზერბაიჯანულ სკოლაში ქართული ვასწავლო. მე, მოხალისე მასწავლებელი ვარ.

მახსოვს როცა პირველად მივედი ამ სოფელში, დირექტორმა მანქანა ერთ „ცენტრალურ“ ადგილას გააჩერა, იქვე ახლოს სოფლის ყველაზე დიდი წყარო იყო , სადაც ძროხებს , ცხვრებს , ცხენებს არწყულებდნენ, სოფლის მთავარი “ ბირჟაც“ იქ იყო და როგორც შემდეგ გაირკვა სკოლაც, ხშირად სარეცხსაც იქ რეცხდნენ. სკოლის სანახავად მანქანიდან გადმოვედით, დირექტორი ფიჩხებითშეკრული ეზოსკენ გაემართა , სადაც გვერდს, ხის და აგურით ნაშენი შენობები უმაგრებდნენ ერთმანეთს, მათგან ცოტა მოშორებით აგურის , უფრო პატარა გაულესავი შენობა იდგა ,თავზე „ბლენდამენდის“ ბანერით , კარი დაკეტილი იყო. ეს ცალკემდგომი ოთახი სოფლის ერთადერთი მაღაზია ყოფილა , რომელიც მხოლოდ კლიენტის მისვლის შემთხვევაში იღებოდა.

დირექტორი შედარებით დიდი შენობისკენ გაემართა , ავიარეთ ხის მოჭრიალე კიბე , გასაღების გადატრიალების შემდეგ, კარზე მიდებული ქვა გამოსწია და სკოლაში შემიძღვა, მალევე სამასწავლებლოში შევედით რომლის, სამივე კუთხეში მაგიდა იდგა, ერთ-ერთ მაგიდაზე “გამჭირვალე” საწყლე და ჭიქა შევნიშნე. მეოთხე კუთხეში კი წიგნების კარადა , რომელზეც უწესრიგოდ დახვავებული, მტვრიანი ქაღალდები ეყარა , კედლების მოშიშვლებულ ადგილს, მხოლოდ გაყვითლებული სურათი და გაკვეთილებზე შესვლის ცხრილი ფარავდა, ისედაც პატარა ოთახში გასავლელი ადგილი აღარ იგრძნობოდა. სამასწავლებლო ოთახის გარდა შენობაში , სამი კლასი იყო , რომელთა სკამების რაოდენობის მიხედვით მხოლოდ 10-8 ბავშვი დაეტეოდა , ყველა ოთახში, ხის კარების მიღმა , რომელთაც უამრავი ჭუჭრუტანა ჰქონდა ბნელი , უსურათო კედლები ჩანდა, იატაკის ამონატეხებიდან კი ქაღალდის გროვები იფურცლებოდა მონაბერი ნიავისგან , რომელიც იატაკის სხვა სივრცეებიდან თავისუფლად ამოდიოდა, ზოგიერთი კი, რკინის ნაჭრით იყო დაფარული.

გარეთ გამოვედით, მეორე შენობის თეთრ კედელს გავუყევით და მაღალ , უმოაჯირო კიბეზე ავედით. აქ დაბალკასელებისთვის განკუთნილი ორი კლასი ჩანდა, წინა ოთახებთან შედარებით არაფრით განსხვავებული , თუ არ ჩავთვლით მის შედარებით დიდ ფართს და სურათებს, რომლებიც ცხოველთა აგებულებაზე ბიოლოგიური ტერმინებით საუბრობდნენ. ასევე მხოლოდ აქ, იდგა ახალი მერხები და სკამები, დაფა კი მათგან განსხვავებით ძველი და პირველკლასელებისთვის შეუფერებელი იყო , რადგან წერისთვის განკუთვნილი არც შესაბამისი ნახაზი ჰქონდა და აღარც იმ წარწერების წაშლა მოხერხდებოდა ნორმალურად, დიდი ხნის წინათ რომ შერჩენოდა , რაც მომავალში ბავშვებისთვის რვეულებში წერის დროს, უამრავი შეცდომის დაშვების მიზეზი ხდებოდა.

სკოლის გვერდით , პატარა შენობა შევნიშნე. კარი შევაღეთ და ისეთ ოთახში აღმოვჩნდი , რომელსაც მხოლოდ ფანჯრებიდან შემომავალი ზამთრის, სუსტი სინათლე ანათებს . შუქის ჩამრთველს ვეძებდი , იქ, სადაც, შუქი საერთოდ არ იყო. შევეშვი სიბნელეში ხელის ცეცებას და თვალის მიჩვევა დავიწყე , რამდენიმე წუთი ვიდექი და ერთ წერტილს ვაჩერდებოდი , ნელ-ნელა ოთახში ყველა საგანმა მიიღო ფორმა , მათ შორის წიგნის თაროებმაც , სადაც მხოლოდ სასკოლო ქართულენოვანი და არასასკოლო რუსულენოვანი ლიტერატურა იდო. დანარჩენ ადგილებში გაფუჭებული მერხები და სკამები შევნიშნე . ერთგან გლობუსი და ხის საანგარიშოც გამოიკვეთა , ნესტის მძაფრი სუნი კი, მაშინ ვიგრძენი, როცა ბიბლიოთეკის კარებს ვხურავდით.

ეს იყო ყველაფერი, რისი დათვალიერებაც შეიძლებოდა. სკოლის კარი დაიკეტა , ისევ ქვა მიადეს კარს და ეზოში გამოვედით. გარეთ გამოსულს ხეზე მიჭედებული ლურსმანი მომხვდა თვალში , რომელზეც ორი რკინის ნაჭერი ეკიდა , ერთი შედარებით პატარა იყო კაუჭის მსგავსი, შემდეგ უკვე ვიცოდი რისთვის გამოიყენებოდა ისინი . გაკვეთილებზე შესვლის ან გამოსვლის დროს ყოველთვის ამ „ზარის“ ხმა გვაგებინებდა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG